რომაელების მიმართ 4:1—25

  • აბრაამი რწმენით გამართლდა (1—12).

    • აბრაამი, ყველა მორწმუნის მამა (11).

  • რწმენის გამო მიღებული დაპირება (13—25).

4  მაშ, რას ვიტყვით აბრაამზე, ჩვენს ხორციელ წინაპარზე? 2  აბრაამი რომ თავისი საქმეებით ჩათვლილიყო მართლად, საამაყო კი ექნებოდა, მაგრამ არა ღვთის თვალში. 3  რას ამბობს წმინდა წერილი? „აბრაამი ერწმუნა იეჰოვას* და ეს სიმართლედ ჩაეთვალა“.+ 4  კაცისთვის საქმეში გასამრჯელოს მიცემა წყალობა კი არა, დამსახურებული საზღაურია. 5  ხოლო მას, ვინც თავის საქმეებზე კი არ არის დაიმედებული, არამედ სწამს ის, ვინც უღმერთოს მართლად მიიჩნევს, რწმენა სიმართლედ ეთვლება.+ 6  დავითიც ბედნიერს უწოდებს კაცს, რომელსაც ღმერთი მართლად მიიჩნევს, თუმცა არა მისი საქმეების გამო: 7  „ბედნიერნი არიან ისინი, ვისაც ეპატიათ უკანონო საქმეები და მიეტევათ ცოდვები. 8  ბედნიერია კაცი, რომელსაც იეჰოვა* ცოდვას არ ჩაუთვლის“.+ 9  ეს ბედნიერება მხოლოდ წინადაცვეთილებს ხვდათ წილად თუ წინადაუცვეთელებსაც?+ როგორც ვთქვით, აბრაამს რწმენა სიმართლედ ჩაეთვალა.+ 10  მაგრამ როდის მოხდა ეს, წინადაცვეთის შემდეგ თუ წინადაცვეთამდე? წინადაცვეთის შემდეგ კი არა, წინადაცვეთამდე! 11  მან მიიღო ნიშანი,+ წინადაცვეთა, იმის დასტურად, რომ ჯერ კიდევ წინადაუცვეთელი მართლად ჩაითვალა რწმენით, რომ ყველა წინადაუცვეთელი მორწმუნის მამა გამხდარიყო,+ რათა ისინიც ჩათვლილიყვნენ მართლებად. 12  ის წინადაცვეთილ შთამომავალთა მამაც უნდა გამხდარიყო, მაგრამ არა მხოლოდ წინადაცვეთილთა, არამედ მათიც, ვისაც ისეთივე რწმენა აქვს, ჩვენს მამა აბრაამს+ ჯერ კიდევ წინადაცვეთამდე რომ ჰქონდა. 13  აბრაამს ან მის შთამომავლობას კანონის მეშვეობით კი არ მიუღია დაპირება, რომ ქვეყნიერების მემკვიდრე გახდებოდა,+ არამედ იმის გამო, რომ რწმენით ჩაითვალა მართლად.+ 14  თუ მხოლოდ კანონის დამცველები არიან მემკვიდრეები, მაშინ რწმენაც ფუჭი ყოფილა და დანაპირებიც. 15  სინამდვილეში, კანონი ღვთის რისხვას იწვევს,+ ხოლო, სადაც კანონი არ არის, იქ არც არაფერი ირღვევა.+ 16  მაშასადამე, აბრაამმა რწმენის გამო მიიღო დაპირება, რათა ეს დანაპირები ღვთის წყალობით+ განმტკიცებულიყო მთელი მისი შთამომავლობისთვის+ — არა მხოლოდ კანონის დამცველთათვის, არამედ მათთვისაც, ვინც რწმენაში ჰბაძავს აბრაამს, ყველა ჩვენგანის მამას,+ 17  როგორც დაწერილია: „მე გაქციე მრავალი ხალხის მამად“.+ ეს მოხდა ღვთის წინაშე, რომლისაც მას სწამდა და რომელიც მკვდრებს აცოცხლებს და ისე ლაპარაკობს არარსებულზე, როგორც არსებულზე*. 18  მას თითქოს იმედის საფუძველი არ ჰქონდა, მაგრამ მაინც იმედოვნებდა და სწამდა, რომ მრავალი ხალხის მამა გახდებოდა, როგორც ღმერთს ჰქონდა მისთვის ნათქვამი: „ასევე იქნება შენი შთამომავლობაც“.+ 19  მას რწმენა არ შესუსტებია, თუმცა ხედავდა, რომ ას წელს მიღწეულს ვეღარ ეყოლებოდა შვილი+ და სარასაც უკვე წართმეული ჰქონდა შვილიერება,+ 20  მაგრამ, რაკი ღმერთი დაჰპირდა, რწმენა არ შერყევია და არ დაეჭვებულა; რწმენით გაძლიერებული ღმერთს განადიდებდა 21  და სრულიად იყო დარწმუნებული, რომ ღმერთს დანაპირების შესრულება შეეძლო.+ 22  ამიტომაც „ეს სიმართლედ ჩაეთვალა“.+ 23  სიტყვები „ეს სიმართლედ ჩაეთვალა“, მხოლოდ მისი გულისთვის კი არ დაიწერა,+ 24  არამედ ჩვენი გულისთვისაც, ვინც მართლებად ჩავითვლებით, რადგან გვწამს მისი, ვინც მკვდრეთით აღადგინა ჩვენი უფალი იესო.+ 25  ის ჩვენი შეცოდებებისთვის გადაეცა+ და აღდგა, რათა მართლად ჩავითვალოთ.+

სქოლიოები

ან შესაძლოა: „არარსებულს არსებულად აქცევს“.