მსაჯულები 16:1—31

  • სამსონი ღაზაში (1—3).

  • სამსონი და დალილა (4—22).

  • სამსონის შურისძიება და სიკვდილი (23—31).

16  ერთხელ სამსონი ღაზაში წავიდა, ნახა ერთი მეძავი ქალი და მასთან სახლში შევიდა. 2  ღაზელებს შეატყობინეს, სამსონი მოსულაო. ალყაში მოაქციეს ის და მთელი ღამე ქალაქის კარიბჭესთან იყვნენ ჩასაფრებულები. მთელი ღამე ჩუმად იყვნენ და ამბობდნენ, როგორც კი გათენდება, მოვკლავთო. 3  შუაღამემდე იწვა სამსონი, მერე ადგა, ჩაავლო ხელი ქალაქის კარიბჭის კარებს, ორივე წირთხლს, ურდულებიანად მოგლიჯა, მხრებზე გაიდო და მთის წვერზე აიტანა ხებრონის პირდაპირ. 4  გავიდა დრო და სამსონს ერთი ქალი შეუყვარდა, სახელად დალილა, სორეკის ხევიდან.+ 5  მივიდნენ ქალთან ფილისტიმელთა მთავრები და უთხრეს: „დაიყოლიე და ათქმევინე,+ საიდან აქვს ამხელა ძალა, როგორ ვძლიოთ, რით შევბოჭოთ, რომ დავიმორჩილოთ; სანაცვლოდ თითოეული 1 100 ვერცხლს მოგცემთ“. 6  ჰკითხა დალილამ სამსონს: „მითხარი, საიდან გაქვს ამხელა ძალა, როგორ შეიძლება შენი შებოჭვა და დამორჩილება?“ 7  სამსონმა მიუგო: „შვიდი, ჯერ კიდევ სველი, გამოუმშრალი ლარით თუ შემბოჭავენ, ძალა გამომეცლება და მეც ჩვეულებრივი კაცი გავხდები“. 8  ფილისტიმელთა მთავრებმა მიუტანეს იმ ქალს შვიდი სველი, გამოუმშრალი ლარი და შებოჭა მან იგი. 9  ერთ ოთახში ხალხი ჩასაფრდა. ქალმა დაუძახა მას: „სამსონ, ფილისტიმელები მოვიდნენ!“ ამის გაგონებაზე ლარები ცეცხლმოდებული სელის ძაფივით დაწყვიტა.+ ვერ გაიგეს, საიდან ჰქონდა ძალა. 10  უთხრა დალილამ სამსონს: „ხომ მომატყუე და გამაბრიყვე; ახლა მაინც მითხარი, რით შეიძლება შენი შებოჭვა!“ 11  მან უთხრა: „თუ ახალი, უხმარი თოკებით შემბოჭავენ, ძალა გამომეცლება და მეც ჩვეულებრივი კაცი გავხდები“. 12  აიღო დალილამ ახალი თოკები, გაკოჭა იგი და დაუძახა: „სამსონ, ფილისტიმელები მოვიდნენ!“ (ამ დროს ოთახში ხალხი იყო ჩასაფრებული). მაშინ სამსონმა ძაფივით შემოიწყვიტა თოკები მკლავებზე.+ 13  უთხრა დალილამ სამსონს: „აქამდე ხომ მატყუებდი და მაბრიყვებდი,+ ახლა მაინც მითხარი, რით შეიძლება შენი შებოჭვა!“ მან მიუგო: „ჩემი შვიდი ნაწნავი ქსელის ძაფთან ერთად უნდა დაწნა“. 14  დაუმაგრა მან ნაწნავები პალოთი და დაუძახა მას: „სამსონ, ფილისტიმელები მოვიდნენ!“ გამოეღვიძა სამსონს და ამოგლიჯა პალოც და ქსელის ძაფიც. 15  ქალმა უთხრა მას: „როგორ მეუბნები, მიყვარხარო,+ როცა გულწრფელი არ ხარ?! სამჯერ მომატყუე და არ მითხარი, საიდან გაქვს ამხელა ძალა“.+ 16  ყოველდღე ჩასჩიჩინებდა და გულს უწყალებდა, სიცოცხლე მოაბეზრა.+ 17  ბოლოს გადაუშალა სამსონმა მას გული და უთხრა: „არასოდეს მიჰკარებია სამართებელი ჩემს თავს, რადგან დედის მუცლიდანვე ღვთის ნაზირი ვარ.+ თავს თუ გადამპარსავენ, ძალა გამომეცლება, დავსუსტდები და ყველა დანარჩენ კაცს დავემსგავსები!“ 18  როცა დაინახა დალილამ, რომ სამსონმა გული გადაუშალა, მაშინვე შეუთვალა ფილისტიმელ მთავრებს,+ მოდით, რადგან გული გადამიშალაო. მივიდნენ მასთან ფილისტიმელი მთავრები და მიუტანეს ფული. 19  თავის მუხლებზე დააძინა იგი, მოუხმო ერთ კაცს და შვიდივე ნაწნავი მოაჭრევინა; ამის შემდეგღა დაიმორჩილა, რადგან ძალა გამოეცალა. 20  დაუძახა: „სამსონ, ფილისტიმელები მოვიდნენ!“ გამოეღვიძა მას და თქვა, უწინდებურად გავალ+ და დავიხსნიო თავს. ის კი არ იცოდა, რომ გაეცალა იეჰოვა. 21  შეიპყრეს ფილისტიმელებმა და თვალები დასთხარეს; ჩაიყვანეს ღაზაში, სპილენძის ბორკილები დაადეს და საპყრობილეში მარცვლეულს აფქვევინებდნენ. 22  ამასობაში თავზე თმა წამოეზარდა.+ 23  შეიკრიბნენ ფილისტიმელი მთავრები, დიდი მსხვერპლი რომ შეეწირათ დაგონისთვის,+ თავიანთი ღვთისთვის, და ეზეიმათ; ამბობდნენ, ჩვენმა ღმერთმა ხელში ჩაგვიგდო ჩვენი მტერი სამსონიო. 24  ხალხი მის* დანახვაზე ხოტბას ასხამდა თავიანთ ღმერთს და ამბობდნენ, ჩვენმა ღმერთმა ხელში ჩაგვიგდო ჩვენი მტერი და ჩვენი მიწის ამაოხრებელი,+ რომელმაც მრავალი ჩვენიანი გაწყვიტაო.+ 25  გული რომ გაიმხიარულეს, თქვეს, მოვიყვანოთ სამსონი, რომ გავერთოთო. მოიყვანეს სამსონი საპყრობილიდან გასართობად და სვეტებს შორის დააყენეს. 26  ბიჭს, რომელსაც ხელით მიჰყავდა იგი, სამსონმა უთხრა: „ხელი მომაკიდებინე სახლის საყრდენ სვეტებზე, რომ მივეყუდო“. 27  სავსე იყო სახლი კაცებითა თუ ქალებით; ყველა ფილისტიმელი მთავარი იქ იყო; ბანიდან 3 000-მდე კაცი და ქალი უყურებდა სამსონს და დასცინოდა. 28  მოუხმო სამსონმა+ იეჰოვას: „უზენაესო უფალო, იეჰოვა, გამიხსენე, ამ ერთხელაც მომეცი ძალა,+ ღმერთო, რომ შური ვიძიო ფილისტიმელებზე ორიდან ერთი თვალის გამო მაინც!“+ 29  ჩადგა სამსონი სახლის საყრდენ ორ შუა სვეტს შორის, ერთს მარჯვენა ხელი მიაბჯინა, მეორეს — მარცხენა 30  და დაიძახა: „დაე მოვკვდე ფილისტიმელებთან ერთად!“ მთელი ძალით მიაწვა სვეტებს და მთავრებსა და იქ მყოფ ხალხს სახლი თავზე ჩამოექცათ.+ მან სიკვდილისას უფრო მეტი დახოცა, ვიდრე სიცოცხლეში.+ 31  ჩავიდნენ სამსონის ძმები და მამამისის მთელი სახლეულობა. აიღეს მისი ცხედარი, წამოასვენეს და ცორასა+ და ეშთაოლს შორის დამარხეს მამამისის, მანოახის,+ სამარხში. 20 წელი იყო იგი ისრაელის მსაჯული.+

სქოლიოები

სავარაუდოდ, იგულისხმება დაგონის კერპი.