ლევიანები 15:1—33
-
გამონადენის გამო გაუწმინდურება (1—33).
15 იეჰოვამ მოსესა და აარონს უთხრა:
2 «გადაეცით ისრაელებს: „თუ კაცს გამონადენი აქვს სასქესო ორგანოდან, იგი გაუწმინდურებულია.+
3 იგი გაუწმინდურებულია, იმის მიუხედავად, გამოსდის გამონადენი სასქესო ორგანოდან თუ უკავდება.
4 საწოლი, რომელზეც გამონადენიანი დაწვება, გაუწმინდურდება, და რაზეც დაჯდება, ისიც გაუწმინდურდება.
5 კაცმა, რომელიც მის საწოლს შეეხება, ტანსაცმელი გაირეცხოს და იბანაოს; იგი საღამომდე გაუწმინდურებული იქნება.+
6 ვინც იქ დაჯდება, სადაც გამონადენიანი იჯდა, ტანსაცმელი გაირეცხოს და იბანაოს; იგი საღამომდე გაუწმინდურებული იქნება.
7 ვინც გამონადენიანს შეეხება, ტანსაცმელი გაირეცხოს და იბანაოს; იგი საღამომდე გაუწმინდურებული იქნება.
8 თუ გამონადენიანი შეაფურთხებს მას, ვინც არაა გაუწმინდურებული, მან ტანსაცმელი გაირეცხოს და იბანაოს; იგი საღამომდე გაუწმინდურებული იქნება.
9 უნაგირი, რომელზეც გამონადენიანი დაჯდება, გაუწმინდურდება.
10 ყველა, ვინც შეეხება იმას, რაზეც ის იჯდა, საღამომდე გაუწმინდურებული იქნება; ვინც წაიღებს იმას, რაზეც ის იჯდა, ტანსაცმელი გაირეცხოს და იბანაოს; იგი საღამომდე გაუწმინდურებული იქნება.
11 თუ გამონადენიანი+ ვინმეს ხელდაუბანელი შეეხება, მან ტანსაცმელი გაირეცხოს და იბანაოს; იგი საღამომდე გაუწმინდურებული იქნება.
12 თიხის ჭურჭელი, რომელსაც გამონადენიანი შეეხება, უნდა დაიმსხვრეს, ხის ჭურჭელი კი გაირეცხოს.+
13 როდესაც ვინმეს გამონადენი შეუწყდება, გადაითვალოს შვიდი დღე, ტანსაცმელი გაირეცხოს, წყაროს წყლით იბანაოს და განიწმინდება.+
14 მერვე დღეს წაიყვანოს ორი გვრიტი ან ორი ხუნდი,+ მივიდეს იეჰოვას წინაშე შეხვედრის კარვის შესასვლელთან და მღვდელს მიუყვანოს.
15 შესწიროს მღვდელმა ერთი ცოდვის შესაწირავად, მეორე — დასაწვავ მსხვერპლად. ამით შეასრულებს მღვდელი იეჰოვას წინაშე მისთვის გამოსყიდვის წესს მისი უწმინდურების გამო.
16 თუ კაცს თესლდენა ექნება, იბანაოს; იგი საღამომდე გაუწმინდურებული იქნება.+
17 ტანსაცმელი ან ტყავის ნივთები, რომელიც თესლით დაისვრება, უნდა გაირეცხოს და საღამომდე უწმინდური იქნება.
18 თუ კაცი ქალთან დაწვება და თესლს დაღვრის, მათ უნდა იბანაონ; ისინი საღამომდე გაუწმინდურებულები იქნებიან.+
19 თუ ქალს ყოველთვიური სისხლდენა ექნება, ის შვიდი დღის განმავლობაში გაუწმინდურებული იქნება.+ ვინც მას შეეხება, საღამომდე გაუწმინდურებული იქნება.+
20 რაზეც ის ყოველთვიური სისხლდენის დროს დაწვება ან დაჯდება, გაუწმინდურდება.+
21 ვინც მის საწოლს შეეხება, ტანსაცმელი გაირეცხოს და იბანაოს; იგი საღამომდე გაუწმინდურებული იქნება.
22 ვინც იმას შეეხება, რაზეც ის იჯდა, ტანსაცმელი გაირეცხოს და იბანაოს; იგი საღამომდე გაუწმინდურებული იქნება.
23 ვინც შეეხება საწოლს, რომელზეც ის იჯდა, ან სხვა რამეს, რაზეც ის იჯდა, საღამომდე გაუწმინდურებული იქნება.+
24 თუ კაცი მასთან დაწვება და მისი ყოველთვიური სისხლდენით გაუწმინდურდება,+ იგი შვიდი დღე გაუწმინდურებული იქნება; უწმინდური იქნება საწოლიც, რომელზეც ის დაწვება.
25 თუ ქალს ყოველთვიური სისხლდენა არა აქვს, მაგრამ მრავალი დღის განმავლობაში სდის სისხლი,+ ან ყოველთვიური სისხლდენა+ ჩვეულებრივზე მეტხანს უგრძელდება, ამ დღეების განმავლობაში ისევე გაუწმინდურებული იქნება, როგორც ყოველთვიური სისხლდენის დროს.
26 საწოლი, რომელზეც ის გამონადენის დღეებში დაწვება, ისევე გაუწმინდურდება, როგორც ყოველთვიური სისხლდენის დროს უწმინდურდება,+ და ნებისმიერი რამ, რაზეც ის დაჯდება, ისევე გაუწმინდურდება, როგორც ყოველთვიური სისხლდენის დროს უწმინდურდება.
27 ვინც მათ შეეხება, გაუწმინდურდება. მან ტანსაცმელი გაირეცხოს და იბანაოს; იგი საღამომდე გაუწმინდურებული იქნება.+
28 როდესაც ქალს გამონადენი შეუწყდება, გადაითვალოს შვიდი დღე, რის შემდეგაც განიწმინდება.+
29 მერვე დღეს წაიყვანოს ორი გვრიტი ან ორი ხუნდი+ და მღვდელს მიუყვანოს შეხვედრის კარვის შესასვლელთან.+
30 შესწიროს მღვდელმა ერთი ცოდვის შესაწირავად, მეორე — დასაწვავ მსხვერპლად და ამით იეჰოვას წინაშე მისთვის გამოსყიდვის წესს შეასრულებს მისი უწმინდურების გამო.+
31 ასე უნდა დაიცვა ისრაელები უწმინდურებისგან, რათა არ შებღალონ ჩემი კარავი, რომელიც მათ შორისაა, და არ დაიხოცონ.+
32 ეს არის კანონი გამონადენითა და თესლდენით გაუწმინდურებულ კაცზე,+
33 ყოველთვიური სისხლდენით გაუწმინდურებულ ქალზე,+ ნებისმიერზე, ვისაც გამონადენი აქვს, კაცი იქნება თუ ქალი,+ და კაცზე, რომელიც გაუწმინდურებულ ქალთან დაწვება“».

