ეზრა 5:1—17
5 წინასწარმეტყველები, ანგია+ და იდოს+ შვილიშვილი ზაქარია,+ იუდასა და იერუსალიმში მყოფ იუდეველებს მათი მფარველის, ისრაელის ღვთის, სახელით უწინასწარმეტყველებდნენ.
2 ზერუბაბელმა,+ შეალთიელის ვაჟმა, და იეშუამ,+ იეჰოცადაკის ვაჟმა, იერუსალიმში ღვთის ტაძრის აღდგენა განაგრძეს.+ მათთან იყვნენ ღვთის წინასწარმეტყველები, რომლებიც მხარს უჭერდნენ მათ.+
3 მაშინ მდინარისგაღმელი* გამგებელი თათენაი და შეთარ-ბოზენაი თავიანთ თანამზრახველებთან ერთად მივიდნენ მათთან და ჰკითხეს: „ვინ მოგცათ ამ ტაძრის მშენებლობისა და ამ ნაგებობის დასრულების უფლება?!“
4 შემდეგ ჰკითხეს მათ: „ვინ არიან ის კაცები, ამ შენობას რომ აშენებენ?!“
5 ღმერთი მფარველობდა იუდეველ უხუცესებს+ და ვერავინ შეაჩერა ისინი, სანამ მეფე დარიოსს არ ემცნო ეს ამბავი და მისგან არ მოვიდა საპასუხო წერილი.
6 აი იმ წერილის ასლი, რომელიც მდინარისგაღმელმა გამგებელმა თათენაიმ, შეთარ-ბოზენაიმ და მისმა თანამზრახველებმა, მდინარისგაღმელმა სხვა გამგებლებმა, გაუგზავნეს მეფე დარიოსს.
7 მათ გაგზავნილ წერილში ეწერა:
«მეფე დარიოსს!
მშვიდობა მეფეს!
8 დაე იცოდეს მეფემ, რომ ჩვენ ჩავედით იუდას სამთავროში და ვიხილეთ დიდებული ღვთის ტაძარი, რომელიც ლოდებით შენდება და რომლის კედლებშიც ხის ძელებს აყოლებენ; გამალებით მუშაობენ და საქმეც წინ მიიწევს.
9 დაველაპარაკეთ მათ უხუცესებს და ვკითხეთ, ვინ მოგცათ ამ ტაძრის მშენებლობისა და ამ ნაგებობის დასრულების უფლებაო.+
10 მათ ვინაობაც გამოვკითხეთ, რათა ჩამოგვეწერა თავკაცთა სახელები და შენთვის გვეცნობებინა.
11 აი, რა გვიპასუხეს: „ჩვენ ვართ ცისა და დედამიწის ღვთის მსახურები. კვლავ ვაშენებთ დიდი ხნის წინათ აშენებულ ტაძარს, რომელსაც ისრაელის დიდებული მეფე აშენებდა და დაასრულა კიდეც.+
12 მაგრამ განარისხა ჩვენმა მამა-პაპამ ზეციერი ღმერთი+ და მანაც ხელში ჩაუგდო ისინი ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს,+ ქალდეველს, რომელმაც დაანგრია ეს ტაძარი,+ ხალხი კი ბაბილონში გადაასახლა.+
13 თუმცა ბაბილონის მეფე კიროსმა თავისი მეფობის პირველ წელს ღვთის ტაძრის აღდგენა ბრძანა.+
14 მან ბაბილონის ტაძრიდან ოქრო-ვერცხლის ჭურჭელიც გამოიტანა, რომელიც თავის დროზე ნაბუქოდონოსორმა იერუსალიმის ტაძრიდან ბაბილონის ტაძარში წაიღო.+ ისინი ჩააბარეს კაცს, სახელად შეშბაცარს*,+ რომელიც კიროსმა გამგებლად დანიშნა.+
15 უთხრა მას კიროსმა: „წაიღე ეს ჭურჭელი! წადი და დააწყვე ისინი იერუსალიმის ტაძარში! დაე უწინდელ ადგილას აღდგეს ღვთის ტაძარი!“+
16 მოვიდა შეშბაცარი და საძირკველი ჩაუყარა ღვთის ტაძარს იერუსალიმში.+ მას შემდეგ შენდება ის, თუმცა ჯერ არ დასრულებულა“.+
17 ახლა, თუ მეფე ინებებს, მოიძიონ ბაბილონში, სამეფო საგანძურში, გასცა თუ არა მეფე კიროსმა ბრძანება იერუსალიმში ღვთის ტაძრის აღდგენის შესახებ,+ და გვაცნობოს მეფემ თავისი გადაწყვეტილება».

