ეზეკიელი 4:1—17

  • იერუსალიმის ალყის განსახიერება (1—17).

    • დანაშაულის ტვირთვა 390 დღე და 40 დღე (4—7).

4  „კაცის ძეო, აიღე აგური, წინ დაიდე და ამოკვეთე მასზე ქალაქი იერუსალიმი. 2  ალყა შემოარტყი მას,+ შემოავლე კედელი,+ გააკეთე მიწაყრილი,+ განალაგე ბანაკები და გარშემო კედლის სანგრევი იარაღები დააყენე.+ 3  აიღე რკინის ნაჭერი და რკინის კედელივით აღმართე შენსა და ქალაქს შორის. მისკენ იბრუნე პირი, ალყაში მოექცევა ის; ალყა უნდა შემოარტყა მას. ეს იქნება ნიშანი ისრაელთათვის.+ 4  დაწექი მარცხენა გვერდზე და იტვირთე ისრაელის დანაშაული.+ მათ დანაშაულს იმდენ დღეს იტვირთებ, რამდენ დღესაც იწვები მაგ მხარეს. 5  მაგ მხარეს 390 დღე იწექი, რადგან ისრაელები ამდენი წლის განმავლობაში სჩადიოდნენ დანაშაულს;+ შენ იტვირთებ ისრაელის დანაშაულს. 6  ბოლომდე შეასრულე ეს დავალება. მერე მარჯვენა გვერდზე დაწექი და 40 დღე იტვირთე იუდას დანაშაული.+ თითო წელიწადზე თითო დღეს გიდგენ, თითო წელიწადზე — თითო დღეს. 7  იერუსალიმის ალყისკენ შებრუნდი,+ მკლავი აიკაპიწე და იწინასწარმეტყველე მის წინააღმდეგ. 8  თოკებით შეგკრავ, რომ ალყის დღეების დასრულებამდე ერთი გვერდიდან მეორეზე არ გადაბრუნდე. 9  აიღე ხორბალი, ქერი, ცერცვი, ოსპი, ფეტვი, ასლი, ერთ ჭურჭელში ჩაყარე და ამ ყველაფრით პური მოამზადე; მთელი იმ დროის, 390 დღის, განმავლობაში, როცა გვერდზე იწვები, ამ პურს შეჭამ.+ 10  შენი ყოველდღიური ულუფა 20 შეკელი* იქნება. დადგენილ დროს შეჭამ ხოლმე. 11  წყალსაც განსაზღვრული ოდენობით დალევ — ჰინის მეექვსედს*. დადგენილ დროს დალევ ხოლმე. 12  ქერის კვერს შეჭამ; მათ თვალწინ გამოაცხობ მას და საწვავად ადამიანის გამომშრალ განავალს გამოიყენებ“. 13  შემდეგ იეჰოვამ მითხრა: „აი, ასეთ უწმინდურ პურს შეჭამენ ისრაელები იმ ხალხებში, რომელთა შორისაც გავფანტავ“.+ 14  მე ვუთხარი: „უზენაესო უფალო, იეჰოვა! სიყმაწვილიდან მოყოლებული დღემდე არ წამიბილწავს თავი, არ მიჭამია არც ლეში და არც დაგლეჯილი ცხოველის ხორცი;+ უწმინდური ხორცისთვის არასოდეს დამიკარებია პირი“.+ 15  მან მითხრა: „კარგი, პურის გამოსაცხობად ადამიანის განავლის ნაცვლად ნაკელი გამოიყენე“. 16  შემდეგ მითხრა: „კაცის ძეო, გამოვლევ პურის მარაგს* იერუსალიმში;+ გამწარებულნი წონით შეჭამენ პურს+ და თავზარდაცემულნი განსაზღვრული ოდენობით დალევენ წყალს;+ 17  აღარ ექნებათ სამყოფი პური და წყალი, გაოგნებულები შეხედავენ ერთმანეთს და ჩამოხმებიან თავიანთი დანაშაულის გამო“.

სქოლიოები

დაახლ. 230 გრ. იხ. დანართი ბ14.
დაახლ. 0,6 ლ. იხ. დანართი ბ14.
სიტყვასიტყვით — „დავამტვრევ პურის ჯოხებს“. შესაძლოა იგულისხმებოდეს ჯოხები, რომლებზეც პურს ჰკიდებდნენ და ინახავდნენ.