ეზეკიელი 31:1—18
-
ეგვიპტის, ტანმაღალი კედრის, დაცემა (1—18).
31 მე-11 წელს, მე-3 თვის პირველ დღეს, კვლავ მეუწყა იეჰოვას სიტყვა:
2 «კაცის ძეო, გადაეცი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, და მის ხალხს:+
„ვინ შეგედრება თავისი სიდიადით?!
3 ასურელივით ხარ, ლიბანის კედარივით,ლამაზი ტოტები, ხშირი ფოთლები რომ ჰქონდა საჩრდილობლად, ტანმაღალი რომ იყოდა კენწეროთი ღრუბლებს სწვდებოდა.
4 წყალმა გაზარდა, ღრმა წყლებმა გაამაღლა.
ნაკადულები გარს უვლიდა იმ ადგილს, სადაც დარგული იყო;მათი ნაკადებით ირწყვებოდა მინდვრის ხეები.
5 აიყარა ტანი მინდვრის სხვა ხეებზე მეტად და დაიტოტა,რადგან წყალუხვი ნაკადულებით ირწყვებოდა.
6 მის ტოტებზე ბუდობდა ცის ყველა ფრინველი,მის ტოტებქვეშ შობდა მინდვრის ყველა მხეცი თავ-თავის ნაშიერს
და მის ჩრდილს აფარებდა თავს ყველა მრავალრიცხოვანი ერი.
7 ხე თვალწარმტაცი იყო და დიდი ტოტები ჰქონდა,რადგან ფესვები ღრმა წყლებში ჰქონდა გადგმული.
8 მას ღვთის ბაღის+ კედრებიც კი ვერ უტოლდებოდა;
მისნაირი ტოტები არცერთ ღვიას არ ჰქონდა,არც ჭადრებს ჰქონდათ მისნაირი ტოტები.
ღვთის ბაღში არ იყო ხე მისი სადარი.
9 ფოთლებით შევმოსე და დავამშვენე;
ედემში, ღვთის ბაღში, მდგარ ყველა ხეს შურდა მისი“.
10 აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „რაკი ისე აიყარა ტანი, რომ კენწეროთი ღრუბლებს მისწვდა და თავისმა სიმაღლემ გაადიდგულა,
11 ხალხთა ძლევამოსილ მმართველს ჩავუგდებ ხელში,+ რომელიც მის წინააღმდეგ იმოქმედებს. მოვიძულებ მას მისი ბოროტების გამო.
12 უცხოტომელები, ხალხთა შორის უსასტიკესნი, მოჭრიან მას და მთებზე მიატოვებენ; მისი ფოთლები ველებზე მიმოიფანტება და მისი ტოტები იმ მიწის ნაკადულებში ჩაიყრება.+ გამოვა მისი ჩრდილიდან დედამიწის ყველა ხალხი და მიატოვებს მას.
13 წაქცეულ ხეზე ცის ფრინველები დაიბუდებენ და მის ტოტებს მინდვრის მხეცები შეაფარებენ თავს.+
14 ეს იმიტომ მოხდება, რომ წყლის სიახლოვეს მდგომმა არცერთმა ხემ არ აიყაროს ტანი, კენწეროთი ღრუბლებს არ მისწვდეს და სიმაღლით არცერთი მორწყული ხე არ გაუტოლდეს მას; ისინი დაიხოცებიან, მიწის სიღრმეში აღმოჩნდებიან სამარეში ჩამავალი კაცთა მოდგმის გვერდით“.
15 აი, რას ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა: „გლოვას მოჰყვებიან იმ დღეს, როცა ის სამარეში* ჩავა; გადავკეტავ ღრმა წყლებს და შევაკავებ მის ნაკადებს, რათა შეწყვიტონ წყლებმა დინება; მის გამო დავაბნელებ ლიბანს და გავახმობ მინდვრის ყველა ხეს.
16 როცა ჩავიყვან მას სამარეში იქ ჩამსვლელებთან ერთად, შეზანზარდებიან ხალხები მისი დაცემის ხმაზე, და ედემის ყველა ხე,+ ლიბანის გამორჩეული, საუკეთესო ხეები, რომლებიც ირწყვებიან, მიწის სიღრმეში ნუგეშცემულნი იქნებიან.
17 ისინი მახვილით დახოცილებთან+ ჩავიდნენ სამარეში მასთან და მის მომხრეებთან ერთად, მის ჩრდილქვეშ რომ ცხოვრობდნენ ხალხთა შორის.+
18 ედემის ბაღის რომელი ხე გიტოლდებოდა დიდებითა და სიდიადით?!+ მაგრამ მიწაში ჩახვალ ედემის ხეებთან ერთად; წინადაუცვეთელებს, მახვილით დახოცილებს მიუწვები სამარეში. აი, რა დაემართება ფარაონსა და მის ხალხს“, — ამბობს უზენაესი უფალი იეჰოვა».
სქოლიოები
^ ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

