ებრაელების მიმართ 7:1—28

  • მელქისედეკი — მეფე და მღვდელი (1—10).

  • ქრისტეს მღვდლობის აღმატებულობა (11—28).

    • ქრისტეა მხსნელი (25).

7  მელქისედეკი, სალემის მეფე, უზენაესი ღვთის მღვდელი, შეეგება მეფეების დამარცხების შემდეგ დაბრუნებულ აბრაამს და დალოცა იგი,+ 2  აბრაამმა კი მას ყველაფრის მეათედი მისცა. პირველ ყოვლისა, მისი სახელი ითარგმნება, როგორც „სიმართლის მეფე“, თუმცა, ამასთანავე, ის სალემის მეფეცაა ანუ „მშვიდობის მეფე“. 3  უმამო, უდედო და უგვარტომო, რომელსაც არც დასაბამი ჰქონია და არც დასასრული; ამგვარად ის ღვთის ძეს ჰგავს და მღვდელია მარადიულად.+ 4  ნახეთ, რა დიდებული ყოფილა ეს კაცი, რომელსაც ჩვენმა მამამთავარმა აბრაამმა მეათედი მისცა საუკეთესო ნადავლიდან.+ 5  კანონის თანახმად, ლევის+ იმ შთამომავლებმა, რომლებიც მღვდლებად ინიშნებიან, მეათედი უნდა აიღონ ხალხისგან+ ანუ თავიანთი მოძმეებისგან, თუმცა ისინიც აბრაამის შთამომავლები არიან. 6  მაგრამ ამ კაცმა, რომელიც არ ყოფილა ლევიანი, აბრაამისგან აიღო მეათედი და დალოცა ის, ვისაც ღვთისგან ჰქონდა მიღებული დაპირებები.+ 7  უდავოდ, მხოლოდ მაღლა მდგომი თუ დალოცავს მასზე დაბლა მდგომს. 8  ერთ შემთხვევაში მოკვდავი ადამიანები იღებენ მეათედს, მეორე შემთხვევაში კი — ის, ვისზეც წერილები მოწმობს, რომ ცოცხალია.+ 9  შეიძლება ითქვას, რომ აბრაამის მეშვეობით თვით ლევიმაც, რომელიც თავადაა მეათედის მიმღები, გადაიხადა მეათედი, 10  როცა მელქისედეკი შეხვდა აბრაამს, რომლისგანაც უნდა წარმოშობილიყო ლევი.+ 11  გასრულყოფილება ლევიანთა სამღვდელოების მეშვეობით+ რომ ყოფილიყო შესაძლებელი (ამ სამღვდელოების არსებობას ხალხისთვის მიცემული კანონი ითვალისწინებდა), რაღა საჭირო იქნებოდა სხვა მღვდლის გამოჩენა, რომელზეც ითქვა, რომ მელქისედეკის+ მსგავსი მღვდელი გახდებოდა და არა აარონის მსგავსი?! 12  ამიტომ, რაკი სამღვდელოება უნდა შეიცვალოს, კანონიც უნდა შეიცვალოს.+ 13  კაცი, რომელზეც ვსაუბრობთ, იმ ტომიდანაა, რომლიდანაც არავის უმსახურია სამსხვერპლოსთან.+ 14  ცხადია, რომ ჩვენი უფალი იშვა იუდას+ ტომში, თუმცა მოსეს ამ ტომის მღვდლობაზე არაფერი უთქვამს. 15  ეს კიდევ უფრო ცხადი ხდება ახლა, მას შემდეგ, რაც გამოჩნდა მელქისედეკის+ მსგავსი ეს მღვდელი,+ 16  რომელიც წარმოშობის მიხედვით კი არ გახდა მღვდელი, რაც კანონით მოითხოვებოდა, არამედ მოუსპობელი სიცოცხლის ძალით,+ 17  რადგან დაწერილიც მოწმობს მასზე: „შენ ხარ მღვდელი მარადიულად, მელქისედეკის მსგავსი!“+ 18  ამიტომ წინანდელი მცნებები გაუქმდა თავისი სისუსტისა და უსარგებლობის გამო,+ 19  რადგან კანონს არაფერი გაუსრულყოფილებია;+ გასრულყოფილება ღვთის მიერ მოცემული უკეთესი იმედის+ წყალობით გახდა შესაძლებელი, რომელიც გვაახლოებს მასთან.+ 20  იესო ფიცის გარეშე არ გამხდარა მღვდელი 21  (არიან ისეთები, ვინც ფიცის გარეშე გახდნენ მღვდლები, ის კი მისი ფიცის საფუძველზე გახდა მღვდელი, ვინც მის შესახებ თქვა: «იეჰოვამ* დაიფიცა და არ გადათქვამს: „შენ ხარ მღვდელი მარადიულად“»),+ 22  რის გამოც იგი უკეთესი შეთანხმების თავდები გახდა.+ 23  თანაც ერთ მღვდელს მეორე ცვლიდა,+ რადგან მოკვდავნი იყვნენ და ვეღარ აგრძელებდნენ მღვდელმსახურებას, 24  მაგრამ მისი მღვდლობა სხვას არ გადაეცემა, რადგან იგი მარადიულად ცოცხლობს.+ 25  ამიტომ მას შეუძლია საბოლოოდ იხსნას ისინი, ვინც მისი მეშვეობით უახლოვდებიან ღმერთს, რადგან ის მარად ცოცხალია მათ საშუამავლოდ.+ 26  ასეთიც უნდა იყოს ჩვენი მღვდელმთავარი: ერთგული, უდანაშაულო, წაუბილწველი,+ ცოდვით დაულაქავებელი და ცათა ზემოთ ამაღლებული.+ 27  მას არ სჭირდება, სხვა მღვდელმთავრების მსგავსად ყოველდღიურად+ ჯერ თავისი ცოდვებისთვის შესწიროს მსხვერპლი და შემდეგ ხალხის ცოდვებისთვის,+ რადგან მან ერთხელ უკვე გაიღო ამგვარი მსხვერპლი, როცა თავი გასწირა;+ 28  კანონის თანახმად, მღვდელმთავრებად ადამიანური სისუსტეების+ მქონე კაცები ინიშნებოდნენ, კანონის შემდეგ წარმოთქმული ფიცით+ კი ინიშნება ძე, მარადიულად გასრულყოფილებული.+

სქოლიოები