დაბადება 46:1—34

  • იაკობი თავის სახლეულობასთან ერთად ეგვიპტეში გადადის (1—7).

  • ეგვიპტეში ჩასულთა ჩამონათვალი (8—27).

  • იოსებისა და იაკობის შეხვედრა გოშენში (28—34).

46  დაიძრა ისრაელი, წაიყვანა მთელი თავისი სახლეულობა და წაიღო მთელი ქონება. როდესაც ბეერ-შებაში+ ჩავიდნენ, მან მამამისის, ისაკის,+ ღმერთს მსხვერპლი შესწირა. 2  ღამით ხილვაში ღმერთი ელაპარაკა ისრაელს და უთხრა: „იაკობ, იაკობ!“ მან მიუგო: „გისმენ, უფალო!“ 3  ღმერთმა უთხრა: „მე ვარ ჭეშმარიტი ღმერთი, მამაშენის ღმერთი.+ ნუ გეშინია ეგვიპტეში ჩასვლის, რადგან იქ დიდ ერს წარმოვშობ შენგან.+ 4  შენთან ერთად წამოვალ ეგვიპტეში და მე თვითონ გამოგიყვან იქიდან.+ იოსები თავისი ხელით დაგიხუჭავს თვალებს“.+ 5  წამოვიდა იაკობი ბეერ-შებიდან. ისრაელის ვაჟებს თავიანთი მამა იაკობი და ცოლ-შვილი ფარაონის გაგზავნილი ურმებით მოჰყავდათ. 6  წაიყვანეს საქონელი, რომელიც ქანაანის მიწაზე გაუმრავლდათ, და წაიღეს იქ დაგროვილი ქონება. ჩავიდნენ იაკობი და მისი შთამომავლობა ეგვიპტეში. 7  ჩაიყვანა მან ეგვიპტეში თავისი ვაჟები, ქალიშვილები და შვილიშვილები, მთელი თავისი შთამომავლობა. 8  აი ისრაელის ანუ იაკობის ვაჟები, რომლებიც ეგვიპტეში ჩავიდნენ:+ რეუბენი — იაკობის პირმშო.+ 9  რეუბენის ვაჟები იყვნენ: ხანოქი, ფალუ, ხეცრონი და ქარმი.+ 10  სიმონის+ ვაჟები იყვნენ: იემუელი, იამინი, ოჰადი, იაქინი, ცოხარი და შაული,+ ქანაანელი ქალის ვაჟი. 11  ლევის+ ვაჟები იყვნენ: გერშონი, კეჰათი და მერარი.+ 12  იუდას+ ვაჟები იყვნენ: ერი, ონანი, შელა,+ ფერეცი+ და ზერახი;+ ერი და ონანი ქანაანის მიწაზე დაიხოცნენ.+ ფერეცის ვაჟები იყვნენ: ხეცრონი და ხამული.+ 13  ისაქარის ვაჟები იყვნენ: თოლა, ფუვა, იობი და შიმრონი.+ 14  ზებულონის+ ვაჟები იყვნენ: სერედი, ელონი და იახლელი.+ 15  ესენი არიან ლეას ვაჟები, რომლებიც მან იაკობს ფადან-არამში გაუჩინა; იქ გაუჩინა დინაც,+ მისი ქალიშვილი. იაკობისა და ლეას შთამომავალთა რიცხვი 33-ს ითვლიდა. 16  გადის+ ვაჟები იყვნენ: ციფიონი, ხაგი, შუნი, ეცბონი, ერი, აროდი და არელი.+ 17  აშერის+ ვაჟები იყვნენ: იმნაჰი, იშვა, იშვი და ბერია; მათი და იყო სერა. ბერიას ვაჟები იყვნენ: ხებერი და მალქიელი.+ 18  ესენი არიან ზილფას+ ვაჟები, რომელიც ლაბანმა გააყოლა თავის ქალიშვილ ლეას. იაკობისა და ზილფას შთამომავალთა რიცხვი 16-ს ითვლიდა. 19  იაკობის ცოლის, რახელის, ვაჟები იყვნენ: იოსები+ და ბენიამინი.+ 20  იოსებს ეგვიპტის მიწაზე შეეძინა მენაშე+ და ეფრემი,+ რომლებიც მას ონის ქურუმის, ფოტიფერას, ასულმა ასენათმა+ გაუჩინა. 21  ბენიამინის+ ვაჟები იყვნენ: ბელა, ბექერი, აშბელი, გერა,+ ნაამანი, ეხი, როში, მუფიმი,+ ხუფიმი და არდი.+ 22  ესენი არიან რახელისა და იაკობის შთამომავლები, სულ 14 სული. 23  დანის+ ვაჟები იყვნენ: ხუშიმი...*+ 24  ნაფთალის+ ვაჟები იყვნენ: იახცეელი, გუნი, იეცერი და შილემი.+ 25  ესენი არიან ბილჰას ვაჟები, რომელიც ლაბანმა გააყოლა თავის ქალიშვილ რახელს. იაკობისა და ბილჰას შთამომავალთა რიცხვი 7-ს ითვლიდა. 26  იაკობის შთამომავალთა რიცხვი, რომლებიც ეგვიპტეში მასთან ერთად ჩავიდნენ, ვაჟების ცოლების გარდა, სულ 66 იყო.+ 27  იოსებს ეგვიპტეში ორი ვაჟი შეეძინა. იაკობის მთელი სახლეულობა, რომელიც ეგვიპტეში ჩავიდა, სულ 70-ს ითვლიდა.+ 28  გაგზავნა იაკობმა იოსებთან იუდა+ იმის საუწყებლად, რომ გოშენისკენ+ მიმავალ გზას ადგა. ჩავიდნენ ისინი გოშენში. 29  იოსებს ეტლი უკვე მომზადებული ჰქონდა და წავიდა გოშენში მამამისთან, ისრაელთან, შესახვედრად. შეხვდა თუ არა, გადაეხვია და ატირდა. 30  ისრაელმა იოსებს უთხრა: „რახან გნახე და ვიცი, რომ ცოცხალი ხარ, ახლა თუნდაც მოვკვდე“. 31  იოსებმა ძმებს და მამამისის სახლეულობას უთხრა: „წავალ, შევატყობინებ ფარაონს,+ რომ ჩემი ძმები და მამაჩემის სახლეულობა, რომლებიც ქანაანის მიწაზე ცხოვრობდნენ, ჩემთან ჩამოვიდნენ.+ 32  ვეტყვი, მწყემსები არიან,+ მესაქონლეობას მისდევენ,+ თან ჩამოიყვანეს ცხვარ-ძროხა და მთელი ქონება წამოიღეს-მეთქი.+ 33  ფარაონი რომ მოგიხმობთ და გკითხავთ, რას საქმიანობთო, 34  უთხარით, შენი მსახურები, ჩვენც და ჩვენი წინაპრებიც, ბავშვობიდან მესაქონლეობას მივდევთ-თქო.+ იქნებ გოშენის მიწაზე დაგასახლოთ,+ ვინაიდან ეგვიპტელებს მეცხვარეები სძულთ“.+

სქოლიოები

სავარაუდოდ, სხვა ვაჟების სახელები გამოტოვებულია.