გამოსვლა 36:1—38

  • საკმარისზე მეტი შესაწირავი (1—7).

  • კარვის აგება (8—38).

36  „იმუშაოს ბეცალელმა ოჰოლიაბთან და იმ კაცებთან ერთად, რომლებსაც მარჯვე ხელი აქვთ* და რომელთაც იეჰოვამ მისცა სიბრძნე და გონიერება, რათა იეჰოვას ბრძანებისამებრ შეასრულონ ყველა ის საქმე, რაც წმინდა მსახურებას ეხება“.+ 2  მოუხმო მოსემ ბეცალელს, ოჰოლიაბსა და ყველას, ვისაც მარჯვე ხელი ჰქონდა, მათ, ვისაც იეჰოვამ სიბრძნე მისცა,+ და ყველას, ვინც გულით მოისურვა საქმის კეთება.+ 3  აიღეს მათ მოსესგან ისრაელების მიერ წმინდა მსახურებისთვის გაღებული მთელი შესაწირავი.+ თუმცა ისრაელებს ნებაყოფლობითი შესაწირავი ყოველ დილით მოჰქონდათ. 4  მას შემდეგ, რაც ოსტატები წმინდა მსახურებას შეუდგნენ, ერთი მეორის მიყოლებით მიდიოდნენ 5  და მოსეს ეუბნებოდნენ: „ხალხს ბევრად მეტი მოაქვს, ვიდრე იმ საქმის შესასრულებლადაა საჭირო, იეჰოვამ რომ ბრძანა“. 6  მოსემ ბრძანა, მთელი ბანაკისთვის, ქალებისთვისაც და კაცებისთვისაც, ეუწყებინათ, რომ კარვისთვის შესაწირავი აღარ მოეტანათ. ხალხს შესაწირავი აღარ მოუტანია. 7  შეგროვებული შესაწირავი საკმარისზე მეტიც კი აღმოჩნდა მთელი საქმის შესასრულებლად. 8  ვისაც მარჯვე ხელი ჰქონდა,+ კარვისთვის+ დაამზადა ძვირფასი გრეხილი სელის ძაფის, ლურჯი ძაფის, იისფერი მატყლის ძაფისა და ალისფერი ნართისგან 10 ქსოვილი. მან* ზედ ქერუბიმები ამოქარგა.+ 9  კარვის თითოეული ქსოვილის სიგრძე 28 წყრთა* იყო, სიგანე კი — 4 წყრთა. კარვის ყველა ქსოვილი ერთი ზომისა იყო. 10  მან ერთმანეთს გადააბა კარვის 5 ქსოვილი; კარვის დანარჩენი 5 ქსოვილიც გადააბა ერთმანეთს. 11  გაუკეთა ლურჯი ძაფის მარყუჟები ერთმანეთზე გადაბმული კარვის ქსოვილების ორივე კიდეს გადაბმის ადგილებზე. 12  კარვის ქსოვილის ერთ კიდესაც 50 მარყუჟი გაუკეთა და კარვის ქსოვილის მეორე კიდესაც — 50 მარყუჟი, ერთმანეთის პირისპირ, გადაბმის ადგილებზე. 13  ბოლოს გააკეთა 50 ოქროს სამაგრი; ამ სამაგრებით კარვის ქსოვილები ერთმანეთს გადააბა და კარავი ერთი მთლიანი გახდა. 14  კარავზე გადასაფარებლად თხისურის ქსოვილი დაამზადა; 11 ქსოვილი დაამზადა კარვისთვის.+ 15  კარვის თითოეული ქსოვილის სიგრძე 30 წყრთა იყო, სიგანე კი — 4 წყრთა. კარვის 11-ვე ქსოვილი ერთი ზომისა იყო. 16  ცალკე 5 ქსოვილი გადააბა ერთმანეთს, ცალკე — 6. 17  კარვის ქსოვილის ერთ კიდესაც 50 მარყუჟი გაუკეთა და კარვის ქსოვილის მეორე კიდესაც — 50 მარყუჟი გადაბმის ადგილებზე. 18  გააკეთა 50 სპილენძის სამაგრი კარვის ქსოვილების შესაერთებლად, რათა კარავი ერთი მთლიანი გამხდარიყო. 19  კარვისთვის დაამზადა ვერძის წითლად შეღებილი ტყავის გადასაფარებელი და მასზე გადასაფარებლად სელაპის ტყავის გადასაფარებელი.+ 20  კარვისთვის ჩარჩოები აკაციის ხისგან+ გააკეთა და სწორად ჩადგა.+ 21  თითოეული ჩარჩო სიმაღლით 10 წყრთა იყო, სიგანით — წყრთა-ნახევარი. 22  თითოეულ ჩარჩოს 2 კოტა ჰქონდა გვერდიგვერდ. ასე გააკეთა კარვის ყველა ჩარჩო. 23  გააკეთა 20 ჩარჩო კარვის სამხრეთი ნაწილისთვის. 24  გააკეთა 40 ვერცხლის საყრდენი 20 ჩარჩოსთვის: 1 ჩარჩოსთვის — 2 საყრდენი ორივე კოტის ჩასასმელად, დანარჩენი ჩარჩოებისთვისაც ორ-ორი საყრდენი კოტების ჩასასმელად.+ 25  კარვის ჩრდილოეთი ნაწილისთვისაც 20 ჩარჩო გააკეთა. 26  გაუკეთა მათ 40 ვერცხლის საყრდენი: 1 ჩარჩოსთვის — 2 საყრდენი, დანარჩენი ჩარჩოებისთვისაც — ორ-ორი საყრდენი. 27  კარვის უკანა, დასავლეთი ნაწილისთვის 6 ჩარჩო გააკეთა.+ 28  კარვის უკანა ნაწილისთვის კიდევ 2 ჩარჩო გააკეთა კუთხეების ბოძებად, 29  რომლებიც ორმაგად ამოდიოდა ძირიდან ბოლომდე, პირველ რგოლამდე. ორივე კუთხის ბოძი ასე გააკეთა. 30  მთლიანობაში იყო 8 ჩარჩო და 16 ვერცხლის საყრდენი, თითო ჩარჩოსთვის 2 საყრდენი. 31  გააკეთა ძელები აკაციის ხისგან; კარვის ერთი გვერდის ჩარჩოებისთვის — 5 ძელი,+ 32  კარვის მეორე გვერდის ჩარჩოებისთვის — 5 ძელი და კარვის უკანა, დასავლეთი, ნაწილის ჩარჩოებისთვისაც — 5 ძელი. 33  დაამზადა შუა ძელი, რომელიც ჩარჩოებს შუაში, ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე, გასდევდა. 34  ოქროთი მოავარაყა ჩარჩოები; გაუკეთა ჩარჩოებს ოქროს რგოლები ძელების გასაყრელად; ძელებიც ოქროთი მოავარაყა.+ 35  დაამზადა ფარდა+ ლურჯი ძაფის, იისფერი მატყლის ძაფის, ალისფერი ნართისა და ძვირფასი გრეხილი სელის ძაფისგან. ზედ ქერუბიმები+ ამოქარგა.+ 36  გააკეთა მისთვის 4 აკაციის სვეტი და ოქროთი მოავარაყა. კაუჭები ოქროსგან დაამზადა და სვეტებისთვის 4 ვერცხლის საყრდენი ჩამოასხა. 37  კარვის შესასვლელისთვის ფარდა ლურჯი ძაფის, იისფერი მატყლის ძაფის, ალისფერი ნართისა და ძვირფასი გრეხილი სელის ძაფისგან მოქსოვა.+ 38  გააკეთა 5 სვეტი და მათი კაუჭები. სვეტების თავები და შესაერთებლები ოქროთი მოავარაყა; სვეტებისთვის 5 სპილენძის საყრდენი ჩამოასხა.

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „ყველა გულბრძენთან ერთად“.
სავარაუდოდ, იგულისხმება ბეცალელი.
წყრთა უდრიდა 44,5 სმ-ს. იხ. დანართი ბ14.