გამოსვლა 27:1—21

  • დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლო (1—8).

  • ეზო (9—19).

  • სალამპრის ზეთი (20, 21).

27  „გააკეთე აკაციის ხისგან სამსხვერპლო,+ სიგრძით 5 წყრთა* და სიგანითაც 5 წყრთა. სამსხვერპლო ოთხკუთხედის ფორმისა უნდა იყოს, სიმაღლით 3 წყრთა.+ 2  ოთხივე კუთხეში რქები+ გაუკეთე. რქები კუთხეებიდან უნდა ამოდიოდეს. სამსხვერპლო სპილენძით მოავარაყე.+ 3  გააკეთე ქვაბები ნაცრის გადასაყრელად, ნიჩბები, ჯამები, ჩანგლები და საცეცხლურები; ეს ნივთები სპილენძისგან გააკეთე.+ 4  გაუკეთე სამსხვერპლოს სპილენძის ბადე და მას ოთხივე კუთხეზე სპილენძის 4 რგოლი მიამაგრე. 5  მოათავსე ის სამსხვერპლოს შიგნით, სარტყლის ქვემოთ; ბადე სამსხვერპლოს შუაში უნდა იყოს. 6  სამსხვერპლოსთვის დაამზადე კეტები აკაციის ხისგან და სპილენძით მოავარაყე. 7  კეტები რგოლებში უნდა იყოს გაყრილი და სამსხვერპლოს ორ გვერდზე უნდა ჰქონდეს სატარებლად.+ 8  სამსხვერპლო ფიცრებისგან ისე გააკეთე, რომ შიგნით სიცარიელე დარჩეს. ზუსტად ისეთი გააკეთე, როგორიც აქ, მთაზე, გიჩვენე.+ 9  გაუკეთე კარავს ეზო.+ სამხრეთით ეზოს 100 წყრთის სიგრძეზე ძვირფასი გრეხილი სელის ფარდები უნდა ჰქონდეს.+ 10  ფარდებს სპილენძის 20 სვეტი და 20 საყრდენი უნდა ჰქონდეს; სვეტების კაუჭები და შესაერთებლები ვერცხლისა უნდა იყოს. 11  ჩრდილოეთითაც 100 წყრთის სიგრძეზე უნდა იყოს ფარდები ჩამოკიდებული; ამ ფარდებსაც სპილენძის 20 სვეტი და 20 საყრდენი უნდა ჰქონდეს; სვეტების კაუჭები და შესაერთებლები ვერცხლისა უნდა იყოს. 12  ფარდები ეზოს დასავლეთითაც უნდა ჰქონდეს 50 წყრთის სიგანეზე; ფარდებს 10 სვეტი და 10 საყრდენი უნდა ჰქონდეს. 13  ეზოს სიგანე აღმოსავლეთითაც, მზის ამოსავლის მხარეს, 50 წყრთა უნდა იყოს. 14  ეზოს შესასვლელის ერთ მხარეს ფარდების სიგრძე 15 წყრთა უნდა იყოს; ფარდებს 3 სვეტი და 3 საყრდენი უნდა ჰქონდეს.+ 15  ფარდების სიგრძე ეზოს შესასვლელის მეორე მხარესაც 15 წყრთა უნდა იყოს; ფარდებს ამ მხარესაც 3 სვეტი და 3 საყრდენი უნდა ჰქონდეს. 16  ეზოს შესასვლელისთვის 20 წყრთა სიგრძის ფარდა მოქსოვე ლურჯი ძაფის, იისფერი მატყლის ძაფის, ალისფერი ნართისა და ძვირფასი გრეხილი სელის ძაფისგან;+ ამ ფარდას 4 სვეტი და 4 საყრდენი უნდა ჰქონდეს.+ 17  ეზოს გარშემო ყველა სვეტს ვერცხლის შესაერთებლები და კაუჭები უნდა ჰქონდეს, საყრდენები კი სპილენძისა უნდა იყოს.+ 18  ძვირფასი გრეხილი სელის ფარდებჩამოფარებული ეზოს სიგრძე 100 წყრთა უნდა იყოს,+ სიგანე — 50 წყრთა და სიმაღლე — 5 წყრთა; საყრდენები სპილენძისა უნდა იყოს. 19  კარვის ყველა ნივთი, რომლებიც მსახურებისთვის გამოიყენება, და კარვისა და ეზოს პალოები სპილენძისა უნდა იყოს.+ 20  უბრძანე ისრაელებს, რომ მოგიტანონ ზეთისხილის სუფთა, საუკეთესო ზეთი, რათა ლამპრები მუდამ ენთოს.+ 21  ლამპრებს აარონმა და მისმა ძეებმა მიხედონ, რომ ისინი შეხვედრის კარავში, გამყოფი ფარდის აქეთ, რომელიც მოწმობის კიდობანთანაა,+ საღამოდან დილამდე ენთოს იეჰოვას წინაშე.+ ეს არის სამარადისო წესი თაობიდან თაობაში, რომელიც ისრაელებმა უნდა დაიცვან“.+

სქოლიოები

წყრთა უდრიდა 44,5 სმ-ს. იხ. დანართი ბ14.