გამოსვლა 16:1—36

  • ხალხი საკვების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამს (1—3).

  • იეჰოვას ესმის ისრაელების სამდურავი (4—12).

  • ღმერთი ისრაელებს მწყერსა და მანანას აძლევს (13—21).

  • ისრაელებს მანანა შაბათს არ ეძლევათ (22—30).

  • მანანის შენახვა სამახსოვროდ (31—36).

16  დაიძრნენ ისრაელები ელიმიდან. ეგვიპტიდან გამოსვლის მე-2 თვის მე-15 დღეს მთელი ისრაელი ელიმსა და სინაის შორის მდებარე სინის უდაბნოს მიადგა.+ 2  საყვედურობდა მთელი ხალხი მოსეს და აარონს უდაბნოში,+ 3  ეუბნებოდნენ: „ნეტავ დავხოცილიყავით იეჰოვას ხელით ეგვიპტეში, სადაც ხორცით სავსე ქვაბებს ვუსხედით+ და პურს ძღომამდე ვჭამდით. ამ უდაბნოში იმისთვის მოგვიყვანეთ, რომ შიმშილით დაგვხოცოთ!“+ 4  იეჰოვამ მოსეს უთხრა: „პურს ვაწვიმებ ციდან.+ ყოველდღიურად გავიდეს ხალხი და თითოეულმა თავისი სამყოფი შეაგროვოს;+ ასე გამოვცდი და ვნახავ, დაიცავენ თუ არა ჩემს კანონს.+ 5  მეექვსე დღეს+ იმაზე ორჯერ მეტი შეაგროვონ, ვიდრე სხვა დღეებში, და მოამზადონ“.+ 6  მოსემ და აარონმა ისრაელებს უთხრეს: „საღამოს გაიგებთ, რომ ეგვიპტის მიწიდან იეჰოვამ გამოგიყვანათ.+ 7  ჩვენ რატომ გვსაყვედურობთ? ჩვენ ვინა ვართ?! თქვენ იეჰოვას საყვედურობთ და გაიგონა კიდეც თქვენი სამდურავი. დილით დაინახავთ იეჰოვას სიდიადეს“. 8  მოსემ განაგრძო: „იეჰოვა საღამოს ხორცს მოგცემთ საჭმელად, დილით კი — პურს გასაძღომად; მაშინ დაინახავთ, რომ გაუგია იეჰოვას თქვენი სამდურავი. ჩვენ ვინა ვართ?! თქვენ ჩვენ კი არ გვსაყვედურობთ, იეჰოვას საყვედურობთ“.+ 9  მოსემ აარონს დაავალა, რომ მთელი ისრაელისთვის გადაეცა: „წარდექით იეჰოვას წინაშე, რადგან გაიგონა მან თქვენი სამდურავი“.+ 10  მას შემდეგ, რაც აარონმა მთელ ისრაელს მიმართა, შებრუნდნენ ისინი უდაბნოსკენ, და რას ხედავენ! ღრუბელში იეჰოვას სიდიადე გამოჩნდა.+ 11  იეჰოვამ მოსეს უთხრა: 12  «გავიგონე ისრაელების სამდურავი.+ უთხარი მათ: „შებინდებისას* ხორცს შეჭამთ, დილით კი პურს — ძღომამდე,+ და გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი“».+ 13  საღამო ხანს მწყერი მოფრინდა და ბანაკს მოეფინა;+ დილით კი ბანაკის ირგვლივ არემარე ნამს დაეფარა. 14  ნამის აორთქლების შემდეგ უდაბნოს ზედაპირზე გამოჩნდა რაღაც ხრაშუნა,+ რომელიც თრთვილივით მოსდებოდა მიწას. 15  ეს რომ ისრაელებმა დაინახეს, ერთმანეთს ჰკითხეს, ეს რა არისო; ვერ მიხვდნენ, რა იყო. მოსემ მათ უთხრა: «ეს არის პური, რომელიც იეჰოვამ მოგცათ საჭმელად.+ 16  ასე ბრძანა იეჰოვამ: „თითოეულმა იმდენი აკრიფეთ, რამდენსაც შეჭამთ. აიღეთ კაცზე თითო ომერი*+ თქვენ-თქვენს კარვებში მცხოვრებთა სულადობის მიხედვით“». 17  ასეც მოიქცნენ ისრაელები. ზოგმა ბევრი აკრიფა, ზოგმა — ცოტა. 18  აწყვეს ომერით და არც ბევრის ამკრეფს ჰქონია მეტი და არც ცოტას ამკრეფს — ნაკლები.+ თითოეულმა იმდენი შეაგროვა, რამდენსაც შეჭამდა. 19  მოსემ მათ უთხრა: „დილამდე არ მოიტოვოთ“.+ 20  მაგრამ არ დაუჯერეს მოსეს. ზოგიერთმა მაინც მოიტოვა დილამდე; მატლი გაუჩნდა მას და აყროლდა. განურისხდა მათ მოსე. 21  დილაობით თითოეული იმდენს აგროვებდა, რამდენსაც შეჭამდა. მზე რომ დააცხუნებდა, დნებოდა. 22  მეექვსე დღეს ორჯერ მეტი პური შეაგროვეს,+ კაცზე 2 ომერი. მივიდნენ მოსესთან ისრაელის თავკაცები და შეატყობინეს ეს. 23  მან უთხრა: „აი, რა თქვა იეჰოვამ: ხვალ დასვენების დღეა, იეჰოვას წმინდა შაბათი.+ იმდენი გამოაცხვეთ და იმდენი მოხარშეთ, რამდენიც დაგჭირდებათ,+ ხოლო რაც მოგრჩებათ, დილამდე შეინახეთ“. 24  მათაც მოსეს ბრძანებისამებრ დილამდე შეინახეს; არც აყროლებულა და არც მატლი გასჩენია. 25  მოსემ მათ უთხრა: „დღეს ჭამეთ, რადგან დღესაა იეჰოვას შაბათი. დღეს გარეთ ვერ იპოვით მას. 26  ექვსი დღე შეაგროვებთ, მეშვიდე დღეს კი, შაბათს,+ ვერაფერს ნახავთ“. 27  მეშვიდე დღეს ზოგი მაინც გავიდა ასაკრეფად, თუმცა ვერაფერი იპოვეს. 28  იეჰოვამ მოსეს უთხრა: „როდემდე უნდა არღვევდეთ ჩემს მცნებებსა და კანონებს?!+ 29  გახსოვდეთ, რომ იეჰოვამ დაგიწესათ შაბათი.+ ამიტომ გაძლევთ იგი მეექვსე დღეს ორი დღის სამყოფ პურს. იქ დარჩით, სადაც ხართ; მეშვიდე დღეს არსად წახვიდეთ“. 30  დაიცვა ხალხმა შაბათი მეშვიდე დღეს.+ 31  ისრაელებმა პურს „მანანა“* უწოდეს. ქინძის თესლივით თეთრი იყო და თაფლიანი კვერის გემო ჰქონდა.+ 32  შემდეგ მოსემ მათ უთხრა: «აი, რა ბრძანა იეჰოვამ: „ააგროვეთ 1 ომერი და შეინახეთ, რათა მომავალმა თაობებმა ნახონ ის პური,+ რომელსაც ეგვიპტიდან გამოყვანის შემდეგ უდაბნოში გაჭმევდით“». 33  მოსემ აარონს უთხრა: „აიღე ქილა, ჩაყარე მასში 1 ომერი მანანა და დადგი იეჰოვას წინაშე მომავალი თაობებისთვის“.+ 34  როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები, დადგა ის აარონმა მოწმობის კიდობნის+ წინ შესანახად. 35  ისრაელები 40 წელი ჭამდნენ მანანას,+ ვიდრე დასახლებულ მიწაზე მივიდოდნენ.+ მანანას ჭამდნენ ისინი, სანამ ქანაანის საზღვარს მიადგებოდნენ.+ 36  ომერი ეფის* მეათედია.

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „ორ საღამოს შორის“.
იმდენი, რამდენიც 2,2-ლიტრიან ჭურჭელში ჩაეტეოდა. იხ. დანართი ბ14.
შესაძლოა ნაწარმოები იყოს ებრაული გამოთქმიდან, რომლის მნიშვნელობაცაა: „ეს რა არის?“
იმდენი, რამდენიც 22-ლიტრიან ჭურჭელში ჩაეტეოდა. იხ. დანართი ბ14.