წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის 16 ივნისი
ჰაიტი

ჰაიტიში იეჰოვას მოწმეებს აჯილდოებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარებისთვის

ჰაიტიში იეჰოვას მოწმეებს აჯილდოებენ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარებისთვის

პორტ-ო-პრენსი, ჰაიტი — შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებასთან ინტეგრირების სამსახურმა (BSEIPH) იეჰოვას მოწმეებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარებისთვის ჯილდო Accessibility Award-ი გადასცა. დაჯილდოების ცერემონიას ჰაიტის პრემიერ მინისტრი ევანს პოლი დაესწრო. როგორც სურათზეა ნაჩვენები, იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელს ჰაიტიში, დანიელ ლაინეს გადასცეს ჯილდო ნომინაციაში „კომუნიკაცია და ტექნოლოგია“. ცერემონია გაიმართა 2015 წლის 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს.

2015 წლის 3 დეკემბერს იეჰოვას მოწმეები დაჯილდოვდნენ ნომინაციაში „კომუნიკაცია და ტექნოლოგია“

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებასთან ინტეგრირების სამსახურის უფროსმა, გაერლენ დარდენიაქმა აღნიშნა, რომ ჰაიტიში იეჰოვას მოწმეების ორგანიზაციას დიდი წვლილი შეაქვს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებასთან ინტეგრირების კუთხით. ორგანიზაცია ზრუნავს, რომ სამეფო დარბაზები ადაპტირებული იყოს უნარშეზღუდული ადამიანებისთვის. ის იმაზეც ზრუნავს, რომ მათ ჰქონდეთ ტექნოლოგიის გამოყენებისა და ურთიერთობის საშუალება, რაზეც მოწმობს ის ფაქტი, რომ მოწმეების შეხვედრები ტარდება ჟესტების ენაზე (ამერიკული ჟესტების ენა) და პუბლიკაციები გამოიცემა ბრაილის შრიფტით. აგრეთვე ხელმისაწვდომია ვიდეომასალა ჟესტების ენაზე.

2013 წელს იეჰოვას მოწმეები დაჯილდოვდნენ იმისათვის, რომ მათ ჰაიტის ერთ-ერთ ქალაქში ააშენეს უნარშეზღუდული ადამიანებისთვის ადაპტირებული სამეფო დარბაზი

ჰაიტიში იეჰოვას მოწმეები უკვე მეორედ დაჯილდოვდნენ. პირველი ჯილდო მათ 2013 წელს მიიღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარებისთვის. ამ წელს ჰაიტიში დამანგრეველმა მიწისძვრამ 222 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და დაახლოებით 300 000 დაშავდა, რის შედეგადაც ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა რაოდენობა 15 პროცენტით გაიზარდა. იეჰოვას მოწმეებმა იზრუნეს, რომ ჰაიტის ერთ-ერთ ქალაქში აეშენებინათ უნარშეზღუდული ადამიანებისთვის ადაპტირებული სამეფო დარბაზი.

დანიელ ლაინემ აღნიშნა: „ჩვენ მადლიერნი ვართ ამ ჯილდოებისთვის, რაც ცხადყოფს იმას, რომ ჩვენი ძალისხმევა, დავეხმაროთ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს, შეუმჩნეველი არ რჩება. ჩვენ სიამოვნებას გვანიჭებს ასეთი ადამიანების დახმარება“.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. 1-718-560-5000

ჰაიტი: დანიელ ლაინე 509-2813-1560