არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის 8 ივლისი
შრი-ლანკა

იეჰოვას მოწმეები ეხმარებიან სტიქიით დაზარალებულთ შრი-ლანკაში

იეჰოვას მოწმეები ეხმარებიან სტიქიით დაზარალებულთ შრი-ლანკაში

მოწმეები მანქანას ჰუმანიტარული დახმარებით ტვირთავენ

შრი-ლანკა — კოლომბოდან დაახლოებით 100 კმ-ის მოშორებით, არანაიაკას მთებთან ახლოს მდებარე სოფლებში მეწყერი ჩამოწვა. სტიქიამ 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და 350 000-მდე ადამიანი დააზარალა. 15 მაისს ქალაქ კილინოჩში ძლიერი წვიმა დაიწყო და 24 საათის განმავლობაში გადაუღებლად წვიმდა. ნალექის რაოდენობამ 373 მმ შეადგინა. როგორც ქალაქის უფლებამოსილი პირები ამბობენ, 2004 წლის ცუნამის შემდეგ ეს იყო ყველაზე საშინელი სტიქია შრი-ლანკაში.

იეჰოვას მოწმეების ფილიალიდან მოწოდებული მონაცემებით, შრი-ლანკაში წყალდიდობის შედეგად არც ერთი იეჰოვას მოწმე არ დაღუპულა. თუმცა დაახლოებით 200 ადამიანი დარჩა უსახლკაროდ. კოლომბოდან 15 კმ-ის მოშორებით კადუელაში მდებარე იეჰოვას მოწმეების სამეფო დარბაზი (თაყვანისცემის ადგილი) ორი მეტრის სიმაღლეზე დაფარა წყალმა.

მოხალისეები ყუთებში სასმელ წყალს, ტანსაცმელს და მედიკამენტებს აწყობენ (სამეფო დარბაზი კოტაჰენაში)

იეჰოვას მოწმეებმა დაუყოვნებლივ ჩამოაყალიბეს სტიქიური უბედურებით დაზარალებულთა დახმარების კომიტეტი, რათა მატერიალური და სულიერი დახმარება აღმოეჩინათ დაზარალებულთათვის. კოტაჰენაში მდებარე სამეფო დარბაზი გამოიყენეს ჰუმანიტარული დახმარების შესანახად. დაზარალებულ იეჰოვას მოწმეებს და მათ მეზობლებს დაურიგდათ სასმელი წყალი, ტანსაცმელი და მედიკამენტები. ასობით ადგილობრივი იეჰოვას მოწმე იღებდა მონაწილეობას ჰუმანიტარული დახმარების დანიშნულების ადგილებამდე მიტანაში.

იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი შრი-ლანკაში, ნიდუ დეივიდი აღნიშნავს: „ვლოცულობთ იმ ოჯახებისთვის, რომლებიც სტიქიამ დააზარალა. ჩვენ აგრეთვე დახმარების ხელს ვუწვდით დაზარალებულთ — საკვებითა და ტანსაცმლით ვამარაგებთ მათ და ვეხმარებით დატბორილი სახლების დასუფთავებაში. ამ მძიმე წუთებში და-ძმების სულისკვეთება მართლაც რომ დასაფასებელია“.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

შრი-ლანკა: ნიდუ დეივიდი, ტელ. + 94-11-2930-444