წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის 1 ივნისი
შეერთებული შტატები

იეჰოვას მოწმეები ყიდიან ბრუკლინში განთავსებულ უძველეს შენობას

იეჰოვას მოწმეები ყიდიან ბრუკლინში განთავსებულ უძველეს შენობას

სასტუმრო „ტაუერი“ წლების წინ

ნიუ-იორკი — 2016 წლის 24 მაისს იეჰოვას მოწმეებმა 16-სართულიანი საცხოვრებელი შენობის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადეს. ის ბრუკლინ ჰაიტსის ისტორიულ უბანში, კლარკის 21-ში მდებარეობს. მისი ფართობი 29 150 კვადრატული მეტრია. ამ შენობაში ერთ დროს სასტუმრო იყო. ვენეციური კოშკებით ცნობილი ეს შენობა ათწლეულებია ბრუკლინის ქუჩებს ამშვენებს.

„ტაუერი“ თავდაპირველად „ლევერიჩ ტაუერის“ სახელით იყო ცნობილი; მისი საზეიმო გახსნის ცერემონია 1928 წელს გაიმართა. სასტუმროს დიზაინი ცნობილმა არქიტექტორებმა სტარეტმა და ვან ვლეკმა შეიმუშავეს. მათ ეკუთვნით ნიუ-იორკში განთავსებული ცნობილი სავაჭრო ცენტრების „ლორდ ენდ ტეილორისა“ და „საქს ფიფს ავენიუს“ არქიტექტურა და დიზაინი. რამდენიმე წლის შემდეგ სასტუმროს ახალმა მფლობელმა მას ახალი სახელი, „ტაუერი“ უწოდა. შენობის ინტერიერს რომანული ორნამენტები და ჭაღებიანი დარბაზი ამშვენებს. სახურავზე განთავსებული ტერასებიდან ხელისგულივით მოჩანს შთამბეჭდავი ქვემო მანჰეტენი, ნიუ-იორკის პორტი და ბრუკლინის ხიდი. ამ ყოველივეს გამო „ტაუერის“ შენობამ საუკეთესო სასტუმროს სახელი მოიპოვა.

„ტაუერის“ უზარმაზარი კიბე მაჰაგონის ორი მოაჯირით. სამთაღიანი კოლონადა კედელზე შესრულებული ნახატით

ერთ დროს ამაყად მდგომი დიდებული შენობა 1970-იანი წლებისთვის სერიოზულ რესტავრაციას საჭიროებდა. 1975 წლის 14 იანვარს იეჰოვას მოწმეებმა შეისყიდეს სასტუმრო „ტაუერი“. 1978 წლისთვის მოწმეებმა დაასრულეს სარემონტო სამუშაოები შენობაში და იქ ბეთელის ოჯახის 1 000-ზე მეტი წევრისთვის საცხოვრებელი ოთახები და სასადილო მოაწყვეს. რიჩარდ დევაინი, იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი, გვიყვება: „სტამბის გაფართოებასთან ერთად მუშახელის რაოდენობამაც იმატა. იმ დროს „ტაუერის“ შენობამ დიდი დახმარება გაგვიწია. მან თავის ჭერქვეშ შეიფარა სტამბაში მომუშავე უამრავი მოხალისე“.

ტერასიდან მოჩანს იეჰოვას მოწმეთა მთავარი სამმართველოს შენობები, ბრუკლინისა და მანჰეტენის ხიდები და „ემფაირ სთეით ბილდინგი“

1995 წლის დასაწყისში იეჰოვას მოწმეებმა მასშტაბური სარემონტო სამუშაოები დაიწყეს. შედეგად ყოფილ სასტუმროს პირვანდელი ბრწყინვალება დაუბრუნდა. დევაინი სარემონტო სამუშაოებთან დაკავშირებით ასეთ რამეს ამბობს: „90-იან წლებში სრულიად განახლდა შენობის ინტერიერი, შეიცვალა წყალგაყვანილობა და ელექტრო სისტემა; გარდა ამისა, გაკეთდა მიმღებიდან სასადილოში ჩასასვლელი უზარმაზარი კიბე“.

დეივიდ სიმონიანი, იეჰოვას მოწმეთა პრეს-მდივანი, აღნიშნავს: „თუ ბრუკლინ-ჰაიტსზე მოხვდებით და „ტაუერის“ შენობას გვერდს ჩაუვლით, მისი ბრწყინვალება უდავოდ მიიპყრობს თქვენს ყურადღებას. ეს შთამბეჭდავი შენობა, რომლის სილამაზის შენარჩუნებას დიდი ძალისხმევა მოვახმარეთ, ათწლეულების მანძილზე იყო ბეთელის ოჯახის წევრების თბილი კერა“.

საკონტაქტო პირი:

დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. 1-718-560-5000