წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის 1 ნოემბერი
შეერთებული შტატები

იეჰოვას მოწმეებმა უორიკში 60 წლის წინ აშენებული დამცავი ჯებირი აღადგინეს

იეჰოვას მოწმეებმა უორიკში 60 წლის წინ აშენებული დამცავი ჯებირი აღადგინეს

ნიუ-იორკი — 2016 წლის აგვისტოში იეჰოვას მოწმეებმა დაასრულეს მთავარი სამმართველოს მშენებლობა უორიკში. ამასთანავე, მათ ერთ-ერთი კომპანიის (SUEZ Water New York Inc) დახმარებით ლურჯი ტბის დამცავი ჯებირი აღადგინეს, რომელიც მთავარ სამმართველოს ესაზღვრება.

იეჰოვას მოწმეებმა უორიკში მიწის ნაკვეთი 2009 წელს შეიძინეს. მალევე მათ სერიოზულად დაზიანებული ლურჯი ტბის ჯებირის აღდგენა-განახლებისთვის გეგმა შეიმუშავეს. ეს ჯებირი (ნაჩვენებია ზემოთ, სურათის წინა პლანზე) იეჰოვას მოწმეების მთავარი სამმართველოსა და მის მიმდებარე ტერიტორიას დატბორვისგან იცავს. გარემოს დაცვის სამსახურის თანამშრომელმა განაცხადა, რომ ჯებირი წყალს ვეღარ აკავებდა, დამცავი სარქველი კი ისე იყო დაზიანებული, რომ შეკეთებას არ ექვემდებარებოდა. ეს დიდ საფრთხეს უქმნიდა ტაქსიდოს 195 მოსახლეს, რომლებსაც ტბიდან სულ რაღაც ერთი კილომეტრი აშორებთ.

იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარი სამმართველო (წინა პლანზე, მარცხნივ) და ლურჯი ტბის ჯებირი (ცენტრში, მარჯვნივ)

ჯეფრი ჰაჩინსონი, უორიკის ტყე-პარკის ყოფილი მენეჯერი

უორიკის ტყე-პარკის ყოფილი მენეჯერი ჯეფრი ჰაჩინსონი აღნიშნავს: „ჯებირი მართლაც სერიოზულად იყო დაზიანებული. ტბის ადიდებას შეიძლებოდა სამწუხარო შედეგები მოჰყოლოდა — შეიძლებოდა ტყიან ადგილებში დასახლებული პუნქტები დატბორილიყო და განადგურებულიყო“.

რობერტ ვერნერი, ტაქსიდოს გარემოს დაცვის ასოციაციის თავმჯდომარე, აღნიშნავს: „რომ არა იეჰოვას მოწმეები, ჯებირის განახლების პროექტი ვერ განხორციელდებოდა. და თუ დაზიანებული ჯებირი გასკდებოდა, ფაქტია, მოსახლეობა დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდა“.

დასახლებული პუნქტი (მარცხენა კიდეში) ტაქსიდოში, რომელიც იეჰოვას მოწმეების მთავარი სამმართველოდან (ცენტრში, მარჯვნივ) და ლურჯი ტბიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში მდებარეობს

„2011 წელს ლურჯი ტბიდან დაახლოებით 45 კილომეტრში მდებარე ექოს ტბის ჯებირი გასკდა და წყალმა ტაქსიდოს ერთ-ერთი სოფელი დატბორა“, — აღნიშნა ჯეფრი ჰაჩინსონმა. როგორც ვარაუდობენ, ექოს ტბიდან დაახლოებით 300 000 კუბური მეტრი წყალი გადმოვიდა და მდინარე რამაფოში ჩაიღვარა. ექოს ტბის ზედაპირის ფართობი დაახლოებით 5 ჰექტარს შეადგენს, ხოლო ლურჯი ტბის ზედაპირის ფართობი — დაახლოებით 46 ჰექტარს. აქედან გამომდინარე, რთული არ არის წარმოვიდგინოთ, რამხელა ზარალი შეიძლება მოჰყვეს ლურჯი ტბის ჯებირის გასკდომას.

ლურჯი ტბის ჯებირი 1956 წელს ააშენეს. ტბის ფსკერზე სპეციალური სარქველი დაამონტაჟეს, რომლითაც წყლის დონის დაწევაა შესაძლებელი.

სამშენებლო კომიტეტის თავმჯდომარე რიჩარდ დევაინი აღნიშნავს: «გვიხარია, რომ დამცავი ჯებირის სარეაბილიტაციო პროცესი წარმატებით დასრულდა. მადლობას ვუხდით კომპანია „სუეცს“ დახმარებისთვის. ჩვენმა სამშენებლო ბრიგადამ გაამაგრა ჯებირი, გამოცვალა დაზიანებული დამცავი სარქველი და კიდევ ერთი სანიაღვრე არხი გააკეთა. გარდა ამისა, მთავარი ბეტონის სანიაღვრე არხის კედლები აამაღლა და გაამყარა. ასე რომ, განახლებული ჯებირი უსაფრთხოების ნორმებსა და სტანდარტებს სრულიად აკმაყოფილებს».

ჯეფრი ჰაჩინსონმა იეჰოვას მოწმეების მიერ შესრულებული სამუშაო შემდეგი სიტყვებით შეაფასა: „თქვენ ადგილობრივ მოსახლეობას დიდი სიკეთე გაუკეთეთ. თქვენ მიერ განხორციელებული პროექტი საუკეთესოა და გარემოზე უარყოფით ზეგავლენას არ ახდენს“.

საკონტაქტო პირები:

დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. 1-718-560-5000

იეჰოვას მოწმეებმა ლურჯი ტბის ფსკერიდან ამოიღეს დაზიანებული დამცავი სარქველი. მის ნაცვლად დააყენეს ახალი სარქველი, რომლითაც შესაძლებელი იქნება წყლის დონის დაწევა.

ავიამექანიკოსი ლურჯ ტბაში ჩასაშვებად ამზადებს ნაგავდამჭერ გისოსს, რომლის მეშვეობითაც დამცავი სარქველი აღარ გაიჭედება დიდი ნარჩენებით.

სამშენებლო ბრიგადა აფართოებს ბეტონის მთავარ სანიაღვრე არხს. ლურჯი ტბიდან გადმოსული წყალი ამ სანიაღვრე არხის მეშვეობით პატარა მდინარეებში ჩაიღვრება.

მთავარი სანიაღვრე არხის კედლები 120 სანტიმეტრით აამაღლეს და კედლის ბზარები ამოავსეს.

ფერდობის მდგრადობის გასაუმჯობესებლად ზედაპირიდან მოხსნეს უხარისხო გრუნტი და ის მაღალი სიმტკიცის გრუნტით შეცვალეს, რისთვისაც დაახლოებით 19 000 კუბური მეტრი გრუნტი იქნა გამოყენებული.

მიმდინარეობს მიწის ზედაპირის დატკეპნა და მოსწორება.

გამწვანებაზე მომუშავე ჯგუფმა სპეციალური გრუნტით მოსწორებული ზედაპირი ნიადაგით დაფარა და ბალახი დათესა.