წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

ნოემბერი 20, 2013
სომხეთი

სომხეთის მთავრობამ პატიმრობიდან გაათავისუფლა ყველა იეჰოვას მოწმე

სომხეთის მთავრობამ პატიმრობიდან გაათავისუფლა ყველა იეჰოვას მოწმე

ერევანი (სომხეთი) — სომხეთის მთავრობამ, 2013 წლის 12 ნოემბერს, გაათავისუფლა 14 იეჰოვას მოწმე, რომლებიც სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო იყვნენ დაპატიმრებული. 2013 წლის 8 ოქტომბრიდან მთლიანობაში გათავისუფლდა 28 იეჰოვას მოწმე, რომლებმაც რწმენის გამო უარი თქვეს სამხედრო სამსახურზე. ეს იმას ნიშნავს, რომ სომხეთის მთავრობა უკვე აღარ მიმართავს მისთვის ჩვეულ მეთოდს იმ ადამიანთა უფლებებთან დაკავშირებით, რომლებიც უარს ამბობდნენ სამხედრო სამსახურზე. მოწმეების უფლებების უგულებელყოფა გახდა იმის მიზეზი, რომ ამ ქვეყანაში ბოლო 20 წლის განმავლობაში 450-ზე მეტი მოწმე იყო დაპატიმრებული. მაგრამ დღეს, 1993 წლიდან მოყოლებული სომხეთის ისტორიაში პირველად, არც ერთი იეჰოვას მოწმე არ არის დაპატიმრებული სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო.

სანამ, 12 ნოემბერს, სრული გათავისუფლება მოხდებოდა, 8 და 9 ოქტომბერს რვა მოწმეს ამნისტია შეეხო და მათი სასჯელი ექვსი თვით შემცირდა. ექვსი მოწმე კი 24 ოქტომბერს გაათავისუფლეს. ეს მოწმეები იყვნენ პირველები, რომლებსაც შეეხოთ 2013 წლის 8 ივნისს სომხეთის კანონში შეტანილი შესწორებები ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურთან დაკავშირებით. ამ ცვლილებების საფუძველზე მათ, ვინც სინდისის გამო უარს აცხადებს სამხედრო სამსახურზე, შეუძლიათ გაიარონ ალტერნატიული სამსახური, რომელიც არ იმყოფება სამხედრო ძალების მეთვალყურეობის ქვეშ.

ახალი პროგრამის მიხედვით ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურზე მოთხოვნის შესახებ განცხადება 90-ზე მეტმა მოწმემ შეიტანა. 2013 წლის 23 ოქტომბერსა და 12 ნოემბერს სომხეთის ეროვნულმა კომისიამ გადახედა და დააკმაყოფილა 71 ახალგაზრდა მოწმის მოთხოვნა და განაცხადა, რომ მოკლე დროში დანარჩენი მოწმეების განცხადებებსაც გადახედავს.

ნიუ-იორკში არსებული იეჰოვას მოწმეების მსოფლიო მთავარი სამმართველოს პრეს-მდივანმა, დეივიდ სიმონიანმა, განაცხადა: „მოხარულები ვართ, რომ სომხეთის მთავრობამ გაათავისუფლა ეს ახალგაზრდები და დიდი ხნის მოუგვარებელი საკითხის მოგვარებას შეუდგა“.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

სომხეთი: ტიგრან არუთინიანი, ტელ. +374 93 900 482