წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

საფრანგეთი

საფრანგეთის ყველაზე მხცოვანი მოქალაქე — ირენიზ მოულონგე

საფრანგეთის ყველაზე მხცოვანი მოქალაქე — ირენიზ მოულონგე

ირენიზ მოულონგე, რომელიც 2012 წლის ნოემბერში 112 წლის გახდა, საფრანგეთის ყველაზე მხცოვანი მოქალაქეა. ყველამ იცის, რომ ის იეჰოვას მოწმეა.

რამდენიმე ხნის წინ საფრანგეთის ყველაზე მხცოვან მოქალაქედ მარია რიჩარდი ითვლებოდა, რომელმაც საუკუნეს გადააბიჯა. მაგრამ სინამდვილეში ეს ქალბატონი ირენიზზე 22 დღით უმცროსი იყო. მარია რიჩარდიც, რომელიც 2012 წლის ოქტომბერში, 112 წლის ასაკში გარდაიცვალა, იეჰოვას მოწმე იყო.

ირენიზს დალხენილი ცხოვრება არ ჰქონია. ჯერ კიდევ ორი წლის იყო, როცა მთა პელაზე ვულკანის ამოფრქვევის დროს გადარჩა. ეს მთა კუნძულ მარტინიკზე არსებულ მის მშობლიურ სოფელთან ახლოს მდებარეობს. 15 წლის ირენიზი საფრანგეთის გვიანაში გადავიდა, სადაც მუშაობა დაიწყო, რათა თავისი ოჯახის წევრებისთვის ფული გაეგზავნა. წლების შემდეგ ის მარტინიკზე დაბრუნდა და გათხოვდა. სამწუხაროდ, ქმარი ჯერ კიდევ ახალგაზრდას გარდაეცვალა და მარტოს მოუწია სამი ქალიშვილის გაზრდა.

საკუთარი თავი და ბავშვები რომ ერჩინა, ირენიზი ბანანის პლანტაციაში მუშაობდა. ერთ-ერთი მისი ყოფილი თანამშრომელი, რომელიც დღეს 80 წელსაა გადაცილებული, იხსენებს, როგორი შრომისმოყვარე იყო ირენიზი. ის ამბობს: „ის ერთ დღეში 175-ზე მეტ ბანანის მტევანს ჭრიდა და გასაგზავნად ამზადებდა“.

მართალია, ზოგჯერ ეკონომიურად უჭირდა, მაგრამ ირენიზი ყოველთვის ოპტიმისტურად უყურებდა ცხოვრებას. ერთ-ერთი მისი შთამომავალი იერნიზზე ამბობს: „მას ძალიან კარგი იუმორის გრძნობა აქვს, ენამახვილია და ამასთანავე, უყვარს თავისი წარსულიდან სასიამოვნო წუთების გახსენება“. სწორედ ეს ახასიათებს ბევრს, ვინც დიდხანს ცოცხლობს.

მართალია, გენეტიკაც დიდ როლს თამაშობს იმაში, რომ ადამიანმა დიდხანს იცოცხლოს, მაგრამ ცხოვრების წესზე და დადებით განწყობაზეც ბევრი რამაა დამოკიდებული. როდესაც ხანდაზმულებს ეკითხებიან, თუ რა არის მათი დიდხანს სიცოცხლის საიდუმლო, ისინი ამბობენ, რომ გაწონასწორებულ გრაფიკს მიჰყვებიან, ზომიერად იკვებებიან და ფიზიკურად აქტიურ ცხოვრებას ეწევიან. ერთ გამოკვლევაში ნათქვამია: „ისინი ძალიან აქტიური, ენერგიული და დინამიკური ადამიანები არიან“.

დღეს ბევრი ფიქრობს, რომ ვინც დიდხანს ცხოვრობს, თითქმის არ აქვთ პრობლემები, მაგრამ სინამდვილეში ასეთებს ყოველთვის არა აქვთ მშვიდი ცხოვრება. საფრანგეთში ჩატარებული ერთი გამოკვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ მათგან უმეტესობამ, რომელთაც ას წელს გადააბიჯეს, ძალიან ბევრი გაჭირვება გამოიარა და „არაერთი პრობლემა გადალახა“.

იმავეს თქმა შეიძლება ირენიზზეც, რომელმაც ცხოვრების ქარტეხილს გაუძლო. ერთ-ერთი მისი შვილიშვილი ხშირად აღტაცებით ყვება, როგორი დადებითი განწყობა აქვს ბებიამისს: „მართალია, გადაადგილება უჭირს, მაგრამ არასდროს წუწუნებს“.

ირენიზი კათოლიკურ ოჯახში დაიბადა და ყოველთვის აინტერესებდა, ვინ იყო ღმერთი და რატომ იყო ცხოვრება ასე ხანმოკლე. ამ კითხვებზე პასუხები მან იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლის დროს მიიღო. 74 წლის ასაკში მან თავი მიუძღვნა იეჰოვა ღმერთს და მოინათლა. როცა ეკითხებიან, თუ რა ეხმარება, გაუძლოს ხანდაზმულობასა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ხშირად ასე პასუხობს: „იეჰოვა არის ჩემი ძალა. ის არის ჩემი ძლიერი მკლავი. ამიტომ დღითი დღე ვახლდები“ (კანონი 3:24; 2 კორინთელები 4:16).