არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

14 თებერვალი, 2014
სამხრეთი კორეა

სამხრეთ კორეაში საზოგადოების დიდმა ნაწილმა თვალსაზრისი შეიცვალა

სამხრეთ კორეაში საზოგადოების დიდმა ნაწილმა თვალსაზრისი შეიცვალა

სეული, კორეა — გელაპის ინსტიტუტის მიერ ახლახან ჩატარებული გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა, რომ კორეელების უმეტესობისთვის მისაღებია სახელმწიფოს მიერ მათთვის შეთავაზებული ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური, ვინც რწმენის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე. 2013 წლის 4—7 ნოემბერს ამ გამოკითხვაში 1 211-მა კორეელმა მიიღო მონაწილეობა; გამოკითხულთა 68 პროცენტი მიიჩნევს, რომ მათ, ვინც სინდისის, რწმენისა და აღმსარებლობის გამო ამბობს უარს სამხედრო სამსახურზე, სჯობს ალტერნატიული სამსახური შეასრულოს, ვიდრე ციხეში მოხვდეს. აშკარაა, რომ სამხრეთ კორეაში საზოგადოების დიდმა ნაწილმა შეიცვალა თვალსაზრისი ამ საკითხთან დაკავშირებით, რადგან 2008 წელს ჩატარებული მსგავსი გამოკითხვის თანახმად, მხოლოდ 29 პროცენტი უჭერდა მხარს ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურს.

როგორც ჩანს, კორეელი იურისტებიც იზიარებენ მოსახლეობის აზრს და მიიჩნევენ, რომ მათ, ვინც უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე, სჯობს არჩევნის საშუალება ჰქონდეთ, ვიდრე პატიმრობაში მოუწიოთ ყოფნა. სეულის ერთ-ერთი ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორმა, სამართალმცდონე ჰან ინ-სეოპმა, თავის სარედაქციო წერილში, რომელიც ეხებოდა მათ, ვინც რწმენის გამო ამბობს უარს სამხედრო სამსახურზე, დაწერა: „მოსამართლეებს ძალიან უჭირთ, განსაზღვრონ, დამნაშავეთა რომელ კატეგორიას მიეკუთვნებიან ეს ახალგაზრდები. საინტერესოა, რომ ისინი მათი დაკავების ორდერსაც კი არ გასცემენ, რადგან იციან, რომ არსად გაიქცევიან. მოსამართლეებს ყოველთვის უმძიმთ ამ ახალგაზრდებისთვის განაჩენის გამოტანა“.

ეს საკითხი კარგად გაშუქდა კორეის ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული კომისიის მიერ გამოშვებულ ერთ ფილმში. ერთ-ერთ ნაწილში, სახელწოდებით „ყინულის მდინარე“, ნაჩვენებია ერთი იეჰოვას მოწმის ცხოვრება, რომელმაც უარი თქვა სამხედრო სამსახურზე. ფილმის რეჟისორმა, როგორც თავად აღნიშნა, მას შემდეგ გადაიღო ეს ფილმი, რაც გაიგო, რომ ყოველ წელს სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო ასობით იეჰოვას მოწმეს აპატიმრებდნენ. გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის 2013 წლის ივნისის ანგარიშის თანახმად, მთელ მსოფლიოში სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო დაპატიმრებული იეჰოვას მოწმეების 93 პროცენტი სწორედ სამხრეთ კორეის ციხეებში იხდიდა სასჯელს.

საკონტაქტო პირი:

საერთაშორისო: ჯ. ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

სამხრეთი კორეა: დაე-ილ ჰონგი, ტელ. +82 31 690 0055+82 31 690