წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2015 წლის 10 აპრილი
რუსეთი

რუსეთში ერთმა იეჰოვას მოწმემ ქუჩაში ნაპოვნი 6 000 ევრო მფლობელს დაუბრუნა

რუსეთში ერთმა იეჰოვას მოწმემ ქუჩაში ნაპოვნი 6 000 ევრო მფლობელს დაუბრუნა

სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი — 2014 წლის ნოემბრის ერთ დილას იეჰოვას მოწმემ, სვეტლანა ნემჩინოვამ, ქუჩაში შემთხვევით კონვერტი იპოვა, რომელშიც 6 000 ევრო (6 800-ზე მეტი აშშ დოლარი) იდო. ის მაშინვე შეუდგა ფულის მფლობელის ძებნას და დიდი ხნის ძიების შემდეგ, როგორც იქნა, მიაგნო მას. სვეტლანამ ფული პატრონს დაუბრუნა. მისი ეს უანგარო საქციელი ტელევიზიასა და რადიოეთერში გააშუქეს. ერთ-ერთი ჟურნალის გამომცემლობამ კი ამის შესახებ თავის ვებ-გვერდზე სტატია გამოაქვეყნა.

სვეტლანა ნემჩინოვა მეეზოვედ მუშაობს ქალაქ ვოლოგდაში, რომელიც მოსკოვიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით 450 კილომეტრითაა დაშორებული. ერთხელ, სამუშაოზე ყოფნის დროს მან ქუჩაში ნაგვის ურნასთან კონვერტი შენიშნა, რომელშიც სოლიდური თანხა აღმოჩნდა. სვეტლანა ნემჩინოვა თავის სამ შვილთან ერთად უბრალოდ ცხოვრობს და მათი საცხოვრებელი ბინის ფართი 12 კვადრატული მეტრია. მიუხედავად ამისა, ის ამბობს: „აზრადაც არ მომსვლია, ეს ფული ჩვენთვის მომეხმარა. ამ თანხის პოვნისთანავე თვალწინ წარმომიდგა, როგორ განიცდიდა, ალბათ, მისი მფლობელი ფულის დაკარგვას“.

დაკარგული თანხის პატრონი რომ ეპოვა, სვეტლანამ თავდაპირველად ახლომდებარე შენობების კედლებზე განცხადება გააკრა, რომელსაც არავინ გამოეხმაურა. ამის შემდეგ სვეტლანამ გადაწყვიტა, ფული თავის საცხოვრებელთან ახლოს იმ ბანკში მიეტანა, რომლის სახელწოდებაც კონვერტში ფულთან ერთად ნაპოვნ ქვითარზე იყო მითითებული. ბანკში დაადგინეს, რომ ფულის მფლობელი ვინმე პაველ სმირნოვი იყო. ბატონ პაველ სმირნოვთან დასაკავშირებლად არაერთი მცდელობის შემდეგ, ბანკის თანამშრომლებმა როგორც იქნა შეატყობინეს მას, რომ მისი დაკარგული ფული სვეტლანა ნემჩინოვამ იპოვა.

სტატიაში, რომელიც რუსულ ჟურნალ „პრემიერში“ დაიბეჭდა, ნათქვამი იყო: „სვეტლანა არ თვლის, რომ რაღაც განსაკუთრებული გააკეთა. ის მორწმუნეა და ყოველთვის კითხულობს ბიბლიას“. სვეტლანამ აუხსნა ჟურნალ „პრემიერის“ გამომცემლებს, რომ სურდა, იმ სიტყვების თანახმად მოქცეულიყო, რომლებიც მათეს 7:12-შია ჩაწერილი და დღეს „ოქროს წესის“ სახელითაა ცნობილი: „ყველაფერში, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისევე მოექეცით მათ“.

მხატვარი პაველ სმირნოვი სვეტლანა ნემჩინოვასთან ერთად ფულის დაბრუნების შემდეგ

პაველ სმირნოვი მხატვარია, რომელმაც უჩვეულო შემადგენლობის საღებავი გამოიგონა. ის ფულს იმისთვის აგროვებდა, რომ სპეციალური დანადგარი ეყიდა, რომლის დახმარებითაც შეძლებდა გაეგრძელებინა თავისი კვლევები სასურველი შემადგენლობის საღებავის მისაღებად. იგი აღნიშნავს: „სიტყვები არ მყოფნის მადლიერების გამოსახატავად. სვეტლანას საქციელი მარწმუნებს, რომ ჩვენ გარშემო ჯერ კიდევ არიან კეთილი და პატიოსანი ადამიანები. კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ ღმერთი არსებობს!“.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

რუსეთი: იაროსლავ სივულსკი, ტელ. +7 812 702 2691