წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2015 წლის 14 ოქტომბერი
რუსეთი

ექსპერტები აპროტესტებენ რუსეთში ვებ-გვერდის JW.ORG აკრძალვას

ექსპერტები აპროტესტებენ რუსეთში ვებ-გვერდის JW.ORG აკრძალვას

სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი — 2015 წლის 21 ივლისს რუსეთმა აკრძალა იეჰოვას მოწმეების ოფიციალური ვებ-გვერდი jw.org. ამ გადაწყვეტილების თანახმად, მთელი რუსეთის ფედერაციის მასშტაბით ამ ვებ-გვერდით სარგებლობა სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელმაც ვებ-გვერდი jw.org აკრძალა.

რელიგიათმცოდნე ეკატერინე ელბაკიანი, რომელიც მოსკოვის შრომისა და სოციალურ ურთიერთობათა აკადემიის პროფესორია, ვებ-გვერდის, jw.org, შესახებ შემდეგ კომენტარს აკეთებს: „ჩემი მოსაზრებით, ვებ-გვერდი jw.org აუცილებლად უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რადგან ამ ვებ-გვერდზე უშუალოდ იეჰოვას მოწმეების მიერ არის განთავსებული ობიექტური ინფორმაცია მათი ორგანიზაციის შესახებ და არა მესამე პირის მიერ ... ეს ვებ-გვერდი არა მხოლოდ იეჰოვას მოწმეებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ მათთვისაც, ვინც სხვადასხვა რელიგიით არის დაინტერესებული. არ ვგულისხმობ მხოლოდ ჩემს კოლეგებს, რელიგიათმცოდნეებს, არამედ ჟურნალისტებს და პუბლიცისტებსაც, რომლებიც რელიგიის შესახებ წერენ“.

„ჩემი მოსაზრებით, ვებ-გვერდი jw.org აუცილებლად უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რადგან ამ ვებ-გვერდზე უშუალოდ იეჰოვას მოწმეების მიერ არის განთავსებული ობიექტური ინფორმაცია“ (ეკატერინე ელბაკიანი, მოსკოვის შრომისა და სოციალურ ურთიერთობათა აკადემიის პროფესორი)

ლევ ლევინსონი, ექსპერტი სამართლებრივ საკითხებში, რომელიც მოსკოვში ადამიანის უფლებათა ეროვნულ ინსტიტუტში მოღვაწეობს, რუსეთის მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ისტორიულ კონტექსტში განიხილავს: „21-ე საუკუნის რუსეთის კონსტიტუცია იძლევა რელიგიის თავისუფლების გარანტიას და კანონის წინაშე ყველა რელიგიური გაერთიანება თანაბარუფლებიანია. მიუხედავად ამისა, რუსეთი, როგორც მე-19 საუკუნეში, ისე თანამედროვე დროში ზღუდავს რელიგიის თავისუფლებას, რაც იმით ვლინდება, რომ რელიგიური ლიტერატურის კონფისკაციას ახდენს და კრძალავს რელიგიური შინაარსის ვებ-გვერდებს. ეს ყველაფერი იმ მოსამართლეებისა და ექსპერტების მიერ ხორციელდება, რომლებიც მოწმეებთან მიმართებით ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ კანონს არასწორად იყენებენ“.

2013 წლიდან მოყოლებული იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ არაერთი სასამართლო პროცესი იმართება. სწორედ ამ წლიდან დაიწყო ვებ-გვერდის, jw.org, აკრძალვასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი. ამა წლის 7 აგვისტოს რუსეთის რაიონულმა სასამართლომ ფარულ სასამართლო სხდომაზე ეს ვებ-გვერდი „ექსტრემისტულად“ გამოაცხადა, მაგრამ 2014 წლის 22 იანვარს საოლქო სასამართლომ გააუქმა ეს გადაწყვეტილება. თუმცა რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურორმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა მიღებული გადაწყვეტილება. 2014 წლის 2 დეკემბერს უზენაესმა სასამართლომ არ შეატყობინა მოწმეებს სასამართლო მოსმენის შესახებ და დაცვის მხარის დაუსწრებლად განიხილა პროკურორის საჩივარი. საოლქო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ვებ-გვერდი, jw.org, „ექსტრემისტულად“ გამოაცხადა, თუმცა ისიც აღიარა, რომ ვებ-გვერდი აღარ შეიცავდა ისეთი რელიგიური შინაარსის მასალებს, რომლებიც რუსეთის მთავრობის მიერ იყო აკრძალული. მოწმეებმა საჩივრით მიმართეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, მაგრამ უშედეგოდ. გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2015 წლის 21 ივლისს. შედეგად, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ვებ-გვერდი, jw.org, ექსტრემისტული მასალების ფედერალურ სიაში შეიტანა და მთელი რუსეთის მასშტაბით აკრძალა ვებ-გვერდი.

იაროსლავ სივულსკი, იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი რუსეთში, ამ აკრძალვის თაობაზე აღნიშნავს: „რუსეთის მთავრობის ქმედება დაუშვებელია, რის გამოც შეშფოთებას გამოვთქვამთ. ეს აკრძალვა ზღუდავს 170 000-ზე მეტი იეჰოვას მოწმის რელიგიურ თავისუფლებას. მეტიც, თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ რუსეთში დაახლოებით 285 000 ადამიანი ყოველდღიურად სტუმრობდა ამ ვებ-გვერდს, ეს იმას ნიშნავს, რომ მათაც კი, ვინც არ იზიარებს ჩვენს მრწამსს, წაერთვა ბიბლიის გამოკვლევის უნიკალური შესაძლებლობა“.

ნიუ-იორკში იეჰოვას მოწმეთა მთავარი სამმართველოს საინფორმაციო სამსახურის პრეს-მდივანი, რიჩარდ ბრაუნი აღნიშნავს: «ვებ-გვერდზე jw.org მრავალფეროვანი მასალაა განთავსებული: თქვენ იხილავთ ზოგ ისეთ ვიდეოს, რომელსაც პრემია მიენიჭა; აგრეთვე ბიბლიის შესწავლაში დამხმარე პუბლიკაციებს ასობით ენაზე; მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გავრცელებულ ორ ჟურნალს, „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ს. ამ ჟურნალებში მოცემული მასალა საჯარო სკოლებშიც გამოიყენება. ჩვენი ვებ-გვერდით სარგებლობს მთელი მსოფლიო. აღსანიშნავია, რომ ეს ვებ-გვერდი მთელ რუსეთშიც ფართოდ გამოიყენებოდა. ვებ-გვერდი, jw.org, კვლავაც ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისთვის!».

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

რუსეთი: იაროსლავ სივულსკი, ტელ. +7 812 702 2691