არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის 7 აპრილი
რუსეთი

რუსეთის ხელისუფლებას იეჰოვას მოწმეთა ადმინისტრაციული ცენტრის დახურვა სურს

რუსეთის ხელისუფლებას იეჰოვას მოწმეთა ადმინისტრაციული ცენტრის დახურვა სურს

სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი — რუსეთის ხელისუფლება იეჰოვას მოწმეებს ადმინისტრაციული ცენტრის დახურვით ემუქრება.

2016 წლის 2 მარტს რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ გამაფრთხილებელი წერილით მიმართა იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციულ ცენტრს რუსეთში. წერილში აღნიშნულია, რომ თუ მომდევნო ორი თვის განმავლობაში იეჰოვას მოწმეები არ მიიღებენ საჭირო ზომებს სახელმწიფოს მიერ ექსტრემისტულად მიჩნეული ქმედებების აღსაკვეთად, მათი რელიგიური გაერთიანების ლიკვიდაცია მოხდება. იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი რუსეთში იაროსლავ სივულსკი აცხადებს: „ფილიალის დახურვა იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება ორგანიზაციის საკუთრების კონფისკაციას მოახდენს და იეჰოვას მოწმეების საქმიანობა მთელი ქვეყნის მასშტაბით აიკრძალება“.

იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრი რუსეთში

პარადოქსია, რომ რუსეთი იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრის დახურვას ცდილობს, რომელიც უკვე 25 წელია ოფიციალურად არის დარეგისტრირებული მისივე ნებართვით. ადმინისტრაციული ცენტრი პირველად 1991 წლის 27 მარტს გატარდა რეგისტრაციაში, ხოლო 1999 წლის 29 აპრილს ის ხელახლა იქნა რეგისტრირებული.

რუსეთის მცდელობა, დახუროს იეჰოვას მოწმეთა ფილიალი, რომელიც სანკტ-პეტერბურგიდან დაახლოებით 40 კილომეტრის მოშორებით, დაბა სოლნეჩნოეში მდებარეობს, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ხელისუფლებას მტრული დამოკიდებულება აქვს მოწმეების მიმართ. გასულ წელს რუსეთის მთავრობამ იეჰოვას მოწმეებს ქვეყანაში რელიგიური ლიტერატურისა და რუსულ ენაზე გამოცემული ბიბლიების შეტანის უფლება არ მისცა. მან აგრეთვე აკრძალა იეჰოვას მოწმეების ოფიციალური ვებ-გვერდი, რაც ამ დრომდე არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა. „რუსეთში ანტიექსტრემისტულ კანონს არასწორად იყენებენ იეჰოვას მოწმეებთან მიმართებით, — ამბობს იაროსლავ სივულსკი. — ჩვენ, იეჰოვას მოწმეები, ვასაჩივრებთ რუსეთის სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს. გვსურს, რომ როგორც გასული 125 წლის განმავლობაში, ისე დღესაც თავისუფლად, მშვიდობიან პირობებში ვასრულებდეთ რელიგიურ მსახურებას“.

სტუმრები ადმინისტრაციული ცენტრის მთავარ შესასვლელში

რუსეთის სახელმწიფოსა და მართლმადიდებლურ ეკლესიას საერთო ინტერესები აქვთ; სწორედ ამიტომ არის, რომ რუსეთის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა ქვეყანაში იეჰოვას მოწმეების თავისუფლება შეზღუდოს. საერთაშორისო მედია გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმზის“ სიტყვებს იმეორებს და ამბობს, რომ მთავრობა და მართლმადიდებლური ეკლესია ერთობლივად მოქმედებენ და ხელს უწყობენ, რომ რუსეთში იეჰოვას მოწმეებისა და სხვა რელიგიური უმცირესობების მიმართ აგრესია კიდევ უფრო გამწვავდეს. გარდა ამისა, მთავრობისა და ეკლესიის ალიანსი იმასაც უწყობს ხელს, რომ ქვეყნის კანონმდებლობა რელიგიური უმცირესობების მიმართ არასწორად იქნას გამოყენებული, რათა აიკრძალოს მათი საქმიანობა. აშშ-ის საინფორმაციო სააგენტო აცხადებს, რომ რუსეთის მხრიდან მოწმეების წინააღმდეგ გადადგმულმა ნაბიჯებმა რელიგიის თავისუფლების დამცველების შეშფოთება გამოიწვია. ინგლისის საინფორმაციო სააგენტო იუწყება, რომ რუსეთი ანტიექსტრემისტულ კანონს იეჰოვას მოწმეებისა და ათეულობით სხვა რელიგიური უმცირესობის მიმართ არასწორად იყენებს და ამის საფუძველზე მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ დევნას ახორციელებს. ინგლისში გამომავალი ერთი გაზეთი აცხადებს, რომ რუსეთის ანტიექსტრემისტული კანონის მიზანი იყო ტერორიზმისა და ძალადობის აღმოფხვრა ქვეყანაში (The Independent, 2015 წლის დეკემბერი). თუმცა, როგორც ამერიკის ერთ-ერთი ონლაინ საინფორმაციო საშუალება იუწყება, რუსეთი ანტიექსტრემისტულ კანონს თავის სასარგებლოდ იყენებს და ასამართლებს იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც თავიანთ რელიგიურ მსახურებას ისე ასრულებენ, რომ არავის უქმნიან საფრთხეს (Huffington Post, 2016 წლის 20 მარტი). იეჰოვას მოწმეები საჩივრებით მიმართავენ როგორც ადგილობრივ სასამართლოებს, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, თუმცა რუსეთის ხელისუფლება არ ითვალისწინებს იეჰოვას მოწმეების სასარგებლოდ მიღებულ გადაწყვეტილებებს. როგორც რუსეთში გამომავალი ერთ-ერთი გაზეთი იუწყება, ქვეყანაში მიღებულ იქნა ახალი კანონი, რომელიც იურიდიულ უფლებას აძლევს რუსეთის სასამართლოებს, გააუქმონ საერთაშორისო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები (Moscow Times, 2016 წლის 25 მარტი).

რუსეთში იეჰოვას მოწმეთა ფილიალი ხელმძღვანელობს ბიბლიურ საგანმანათლებლო საქმიანობას მთელი ქვეყნის მასშტაბით. გარდა ამისა, იგი ორგანიზებას უწევს იმას, რომ რუსეთის ტერიტორიაზე იეჰოვას მოწმეებმა სტიქიური უბედურებით დაზარალებულებს დახმარება აღმოუჩინონ. რუსეთში, რომლის მოსახლეობაც 146 000 000-ზე მეტს შეადგენს, 175 000-ზე მეტი იეჰოვას მოწმე ცხოვრობს.

ნიუ-იორკში იეჰოვას მოწმეთა მთავარი სამმართველოს წარმომადგენელი დეივიდ სიმონიანი აღნიშნავს: „ძალზედ სამწუხაროა ის ფაქტი, რომ რუსეთის მთავრობა ჩვენი ფილიალის დახურვას ცდილობს. მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეებთან ერთად მრავალი ადამიანი ადევნებს თვალყურს იმას, თუ როგორ განვითარდება მოვლენები რუსეთში“.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

რუსეთი: იაროსლავ სივულსკი, ტელ. +7 812 702 2691