წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის 30 მარტი
რუსეთი

რუსეთი იეჰოვას მოწმეებთან მიმართებით არასწორად იყენებს ანტიექსტრემისტულ კანონს — აცხადებს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი

რუსეთი იეჰოვას მოწმეებთან მიმართებით არასწორად იყენებს ანტიექსტრემისტულ კანონს — აცხადებს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი

სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი — 125 წლის წინ რუსეთის ხელისუფლებამ ერთ-ერთი პირველი იეჰოვას მოწმე სემიონ კოზლიცკი ბიბლიური ცნობის ქადაგების გამო ქვეყნიდან გააძევა. 1891 წელს მას ყოველგვარი სასამართლო განხილვის გარეშე დაადეს ბორკილები და გადაასახლეს ციმბირში, სადაც იგი სიკვდილამდე, 1935 წლამდე ცხოვრობდა.

გასული საუკუნიდან მოყოლებული დღემდე რუსეთს არ შეუცვლია თავისი დამოკიდებულება იეჰოვას მოწმეების მიმართ. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ბოლო ანგარიშში აღნიშნული იყო: „არაერთი ფაქტი მოწმობს იმაზე, რომ რუსეთი კვლავ ზღუდავს იეჰოვას მოწმეების აზრის გამოხატვის, ... და რელიგიის თავისუფლების უფლებას“.

ჰეინერ ბილეფელდტი, გაეროს სპეციალური მომხსენებელი, რომელიც მოხსენებებს ამზადებს რელიგიისა და სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი თვალყურს ადევნებს იმას, თუ როგორ ასრულებს რუსეთი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტით ნაკისრ ვალდებულებებს. გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა ჰეინერ ბილეფელდტმა, მოხსენებებს ამზადებს რელიგიისა და სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, აღნიშნა: „სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის ავტორებმა განაცხადეს, რომ კანონი რელიგიის ან მრწამსის თავისუფლების თაობაზე იცავს ადამიანის ხელშეუხებელ უფლებებს, მაშინაც კი, როცა საგანგებო მდგომარეობა იქმნება (მე-4 მუხლის მე-2 ნაწილი). ხელშეუხებელ უფლებებს ადამიანის უფლებათა შესახებ მხოლოდ რამდენიმე კანონი თუ უზრუნველყოფს.“ გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა 113-ე სხდომა (ნაჩვენებია პირველ სურათზე) ჩაატარა და რუსეთის ფედერაციის შესახებ ახალი ანგარიში გამოსცა. ანგარიშში აღნიშნული იყო, რომ რუსეთი, როგორც შეთანხმების მონაწილე ქვეყანა, აცხადებს, რომ იცავს რელიგიის თავისუფლების უფლებას. სინამდვილეში კი მთელი ქვეყნის მასშტაბით სასამართლოები თვითნებურად იყენებენ ანტიექსტრემისტულ კანონს იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ.

რუსეთის ფედერალური კანონი „ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ“ 2002 წელს იქნა მიღებული, რაც ნაწილობრივ ტერორიზმთან ბრძოლასაც ეხებოდა. 2006, 2007 და 2008 წლებში რუსეთმა ამ კანონში შესწორებები შეიტანა. რუსეთში გამომავალ ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნდა სტატია „რუსეთის კანონი ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ არღვევს ადამიანის უფლებებს“, სადაც აღნიშნული იყო, რომ „სახეცვლილი კანონი ეხება იმ ქმედებებსაც, რომლებიც არანაირად არ უკავშირდება ექსტრემიზმს“ (Moscow Times). ბეილორის უნივერსიტეტის ეკლესიისა და სახელმწიფოს შორის არსებული ურთიერთობების კვლევების, დოუსონის ინსტიტუტის, ყოფილი დირექტორი დერიკ დეივისი აღნიშნავს: „კანონში მოხსენიებულია ისეთი სიტყვები, რომლებსაც ტერორიზმთან მიმართებით იყენებენ. მსგავსი სიტყვები ტერორიზმთან მიმართებით განსაკუთრებით ნიუ-იორკში 11 სექტემბერს მომხდარი ტერაქტის შემდეგ გამოიყენება. ამავე სიტყვებით კანონში ის რელიგიური უმცირესობებია აღწერილი, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე არასასურველად ითვლებიან. სახეცვლილი კანონი ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ უსამართლოდ იქნა გამოყენებული იეჰოვას მოწმეებთან მიმართებით“.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის აზრით, პრობლემის მთავარი მიზეზი ისაა, რომ რუსეთის ფედერალური კანონი „ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ“ ბუნდოვანი და დაუზუსტებელია. წიგნის „რწმენა რუსეთში — რელიგიური პოლიტიკა კომუნიზმის შემდეგ“ ავტორმა, ჯერალდინ ფეიგანმა, გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ განაცხადა: „ვინაიდან კანონი ბუნდოვანი და ორაზროვანია, ეს ხელს აძლევს ადგილობრივ სასამართლოებს, რომ იეჰოვას მოწმეების მიმართ უარყოფითად განწყობილ, ეგრეთ წოდებულ ექსპერტებს დაავალონ, მოწმეების ლიტერატურა გამოიკვლიონ და დასკვნებში ჩაწერონ, რომ ისინი ექსტრემისტული შინაარსის მასალას შეიცავს“.

მსგავსი პრეცედენტი დაფიქსირდა 2016 წლის დასაწყისში, როდესაც ერთ-ერთი ენათმეცნიერის დასკვნის საფუძველზე ვიბორგის საქალაქო სასამართლომ იეჰოვას მოწმეთა ორი რელიგიური ჟურნალი ექსტრემისტულად გამოაცხადა. გარდა ამისა, პროკურორმა საქმე აღძრა იმის თაობაზე, რომ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ექსტრემისტულად გამოცხადდეს. სასამართლო განხილვა 2016 წლის 15 მარტს დაიწყო.

რუსეთში გასაგზავნად გამზადებული ბიბლიური ლიტერატურა ინახება იეჰოვას მოწმეების ცენტრალური ევროპის ერთ-ერთ ფილიალში, რომელიც ქალაქ ზელტერსში (გერმანია) მდებარეობს. 2015 წლის მარტიდან მოყოლებული რუსეთის საბაჟოს თანამშრომლები იეჰოვას მოწმეებს უფლებას არ აძლევენ, ქვეყანაში შეიტანონ რელიგიური ლიტერატურა.

2016 წელს განვითარებულ მოვლენებს წინ უძღოდა 2015 წელს მომხდარი შემთხვევები. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის, რელიგიისა და სამართლის ინსტიტუტის დირექტორი რომან ლუნკინი აღნიშნავს, რომ „2015 წელს იეჰოვას მოწმეების დევნამ არა მარტო სასტიკი სახე მიიღო, არამედ იმატა კიდეც“. მარტში რუსეთის უფლებამოსილმა პირებმა მოწმეებს ქვეყანაში რელიგიური ლიტერატურის შეტანის უფლება არ მისცეს. მათ იმ ლიტერატურის შეტანაც აკრძალეს, რომელთა შესახებაც რუსეთის სასამართლოებმა დაადგინეს, რომ აღნიშნული ლიტერატურა არ შეიცავდა ექსტრემისტული შინაარსის მასალას. ივლისიდან მოყოლებული რუსეთის საბაჟოს თანამშრომლები ქვეყანაში მოწმეების მიერ რუსულ ენაზე ნათარგმნი ბიბლიების შეტანასაც კრძალავენ. ივლისში რუსეთის ფედერაციამ იეჰოვას მოწმეების ოფიციალური ვებ-გვერდიც აკრძალა, რაც აქამდე არც ერთ ქვეყანაში არ მომხდარა. 2015 წლის ნოემბერში იეჰოვას მოწმეებს ქვეყანაში რუსული სინოდალური ბიბლიების შეტანის უფლება არ მისცეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბიბლიებს რუსეთში არსებული სხვა ქრისტიანული მიმდინარეობებიც იყენებენ, მათ შორის რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია. წელიწადის დასასრულს გაიმართა კიდევ ერთი სასამართლო პროცესი ექსტრემიზმში ბრალდებულთა საქმის თაობაზე, რომელსაც „ვაშინგტონ პოსტმა“ რუსეთის თანამედროვე ისტორიაში უპრეცედენტო უწოდა. საპორტო ქალაქ ტაგანროგში ამ სასამართლო პროცესზე დამნაშავედ ცნეს 16 იეჰოვას მოწმე იმის გამო, რომ ისინი ორგანიზებას უწევდნენ და ესწრებოდნენ მშვიდობიან რელიგიურ შეხვედრებს.

მართლაც რომ არ აქვს გამართლება ტაგანროგის სასამართლოსა და რუსეთის სხვა სასამართლოების მიერ მსგავსი საქმეების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებებს. „იეჰოვას მოწმეების უფროს თაობას, რომელსაც დღეს დევნიან, ხელთ აქვთ იმის მოწმობა, რომ რეპრესიის მსხვერპლი იყვნენ“, — ამბობს რომან ლუნკინი. საბჭოთა პერიოდის დროს ათასობით იეჰოვას მოწმე იყო დაპატიმრებული. ბოლო იეჰოვას მოწმე 1990 წელს გაათავისუფლეს ციხიდან. ყოფილ პატიმრებს რეპუტაცია აღუდგინეს „რეაბილიტაციის მოწმობის“ მეშვეობით, რომელშიც ეწერა, რომ ისინი „ქვეყნის მტრები“ კი არა, უსამართლობის მსხვერპლი იყვნენ. რომან ლუნკინის აზრით, დღეს რუსეთის ხელისუფლება ანტიექსტრემისტულ კანონს უმართებულოდ იყენებს, რითაც ანულირებას უკეთებს მის მიერვე გაცემულ რეაბილიტაციის მოწმობებს.

ყველაფრის მიუხედავად, იეჰოვას მოწმეებმა 2015 წლის 27 მაისს იურიდიული გამარჯვება მოიპოვეს, როდესაც რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ ხელახლა გაატარა რეგისტრაციაში იეჰოვას მოწმეების ადგილობრივი ორგანიზაცია მოსკოვში. უფლებამოსილმა პირებმა იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირის ლიკვიდაცია 2004 წლის 26 მარტს მოახდინეს. იეჰოვას მოწმეებმა საჩივარი შეიტანეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. 2010 წლის 10 ივნისს ევროპის სასამართლომ რუსეთის მთავრობას მოსთხოვა, ხელახლა გაეტარებინა რეგისტრაციაში იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირი მოსკოვში და აენაზღაურებინა მიყენებული მორალური ზარალი.

იეჰოვას მოწმეები ლუბა და ალექსეი კოპტევები ტაგანროგში (რუსეთი). 2015 წლის 30 ნოემბერს ალექსეი კოპტევი და კიდევ 15 იეჰოვას მოწმე ტაგანროგის საქალაქო სასამართლომ დამნაშავეებად ცნეს. ისინი იმის გამო გაასამართლეს, რომ ორგანიზებას უწევდნენ და ესწრებოდნენ მშვიდობიან რელიგიურ შეხვედრებს. ალექსეი კოპტევს ჰყავს შვილიშვილები. იგი ამჟამად პენსიონერია. მან ქვეყნის წინაშე დიდი დამსახურება მოიპოვა რუსეთის ცნობილ ქარხანაში (Krasnyy Kotelshik) 38­-წლიანი გულმოდგინე შრომისთვის.

გაეროს სპეციალური მომხსენებელი აცხადებს: „სავსებით ვეთანხმები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას. რუსეთი სასტიკად და უსამართლოდ ეპყრობა იეჰოვას მოწმეებს იმით, რომ ზღუდავს მათ უფლებას, შეასრულონ თავიანთი რელიგიური მსახურება. ამგვარად, რუსეთის ხელისუფლება ადამიანის რელიგიის თავისუფლების უფლებას არღვევს“. რუსეთის ხელისუფლებამ შეასრულა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოთხოვნა და დაკისრებული ფულადი ჯარიმა გადაიხადა, მაგრამ იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირი მოსკოვში მხოლოდ გასული წლის მაისში, სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან ხუთი წლის შემდეგ გაატარა რეგისტრაციაში.

რეაბილიტაციის მოწმობები. საბჭოთა პერიოდის დროს დაპატიმრებულმა ათასობით იეჰოვას მოწმემ ციხიდან გათავისუფლებისას მიიღო რეაბილიტაციის მოწმობა, რომლის მეშვეობითაც აღდგა მათი რეპუტაცია და დამტკიცდა, რომ ისინი „ქვეყნის მტრები“ კი არა, უსამართლობის მსხვერპლი იყვნენ.

იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი რუსეთში, იაროსლავ სივულსკი აღნიშნავს: „მოსკოვში 9 600-ზე მეტი იეჰოვას მოწმე ცხოვრობს, ხოლო რუსეთის ფედერაციაში დაახლოებით 175 000. რუსეთში და ამასთან მთელ მსოფლიოში მცხოვრები 8 მილიონზე მეტი იეჰოვას მოწმე იმედოვნებს, რომ რუსეთის დედაქალაქში ჩვენი ორგანიზაციის რეგისტრაციაში გატარება იმის წინაპირობა იქნება, რომ რუსეთის ხელისუფლება დაიცავს რელიგიის თავისუფლების უფლებას“. თუმცა ერთი ექსპერტის, დერიკ დეივისის აზრით, მოსკოვში იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირის რეგისტრაცია რუსეთის მხრიდან მხოლოდ და მხოლოდ საერთაშორისო საზოგადოების გულის მოსალბობად გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯია.

2003 და 2009 წლებში ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მოუწოდა რუსეთს, დაუყოვნებლივ შეეტანა შესწორება ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ ფედერალურ კანონში; 2015 წელს კომიტეტმა იმავე მოთხოვნით მიმართა რუსეთის მთავრობას და მოუწოდა, დააკონკრეტოს, რა ითვლება ექსტრემისტულ საქმიანობად და გარკვევით აღნიშნოს, რომ ის ძალადობასა და სიძულვილს უნდა მოიცავდეს. აგრეთვე ნათლად აღწეროს, რის საფუძველზე შეიძლება ჩაითვალოს ესა თუ ის მასალა ექსტრემისტულად. გარდა ამისა, კომიტეტი რუსეთის მთავრობისგან მოითხოვს, მიიღოს ზომები, რათა თავი აარიდოს კანონის თვითნებურად გამოყენებას და შესწორებები შეიტანოს ექსტრემისტული მასალების ფედერალურ სიაში.

საბჭოთა პერიოდის დროს ნიკოლაი ტროციუკი (მარჯვნიდან მეორე) რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო სამი წლით დააპატიმრეს. 2015 წლის 30 ნოემბერს მას კვლავ დასდეს ბრალი სისხლის სამართლის დანაშაულში. ამჯერად მასთან ერთად ბრალი დასდეს სხვა 15 მოწმესაც ტაგანროგში. მათ შორის იყვნენ: მისი სიძე ანდრეი გონჩაროვი (მარცხნიდან პირველი), ქალიშვილი ოქსანა გონჩაროვა (მარცხნიდან მესამე) და ვაჟი სერგეი ტროციუკი (მარჯვნიდან პირველი).

„იეჰოვას მოწმეები მხოლოდ და მხოლოდ რელიგიური ნიშნით იდევნებიან, — ამბობს რომან ლუნკინი. — სხვა აღიარებული რელიგიები მსგავს რელიგიურ საქმიანობას ეწევიან, თუმცა იეჰოვას მოწმეებისგან განსხვავებით, მათ ამის გამო არავინ სჯის“. ცრუ ბრალდებებისა და დევნების მიუხედავად, „იეჰოვას მოწმეები რუსეთის მთელ ტერიტორიაზე აგრძელებენ თავიან რელიგიურ საქმიანობას და მათი რიცხვი დღითი დღე იზრდება“, — აღნიშნავს რომან ლუნკინი.

საკონტაქტო პირი:

საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

რუსეთი: იაროსლავ სივულსკი, ტელ. +7 812 702 2691