წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2015 წლის 21 იანვარი
პოლონეთი

ოსვენციმის ყოფილი პატიმრები გათავისუფლების 70 წლისთავს აღნიშნავენ

ოსვენციმის ყოფილი პატიმრები გათავისუფლების 70 წლისთავს აღნიშნავენ

ვარშავა, პოლონეთი — 2015 წლის 27 იანვარს ათასობით ადამიანი მოიყრის თავს ნაცისტური გერმანიის დროს „სიკვდილის ბანაკად“ ცნობილი საკონცენტრაციო ბანაკის, ოსვენციმის ყოფილი პატიმრების გათავისუფლების 70 წლისთავის აღსანიშნავად. ამ ავადსახსენებელ ბანაკში, რომელიც უმთავრესად ნაცისტების მიერ მიზანში ამოღებული რასობრივი ჯგუფების გასანადგურებლად იყო გამიზნული, სხვადასხვა ეროვნების, მათ შორის გერმანელ, იეჰოვას მოწმეებსაც აწამებდნენ.

ამ ღონისძიებას ორგანიზებას უწევენ ოსვენციმ-ბირკენაუს სახელმწიფო მუზეუმი და ოსვენციმის საერთაშორისო საბჭო. მოსალოდნელია, რომ ამ მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავად შეკრებილთა შორის იქნებიან როგორც პოლონეთის პრეზიდენტი ბრონისლავ კომოროვსკი, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლები. ეს ღონისძიება ინტერნეტში პირდაპირი ეთერით გადაიცემა.

ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკი ქალაქ ოსვენციმის სიახლოვეს მდებარეობდა. ამ პოლონური ქალაქის ანექსია ნაცისტებმა მეორე მსოფლიო ომის დროს მოახდინეს. 1940 წლის ივნისში აქ დაახლოებით 700 პოლონელი პატიმარი ჩამოიყვანეს. ეს ბანაკი ძალიან მალე დიდ კომპლექსად იქცა, რომელიც 40 მთავარი და მასზე დაქვემდებარებული ბანაკისგან შედგებოდა. ოსვენციმ-ბირკენაუს 4 გაზის კამერა ჰქონდათ, სადაც დღეში დაახლოებით 20 000 კაცს უსწრაფებდნენ სიცოცხლეს. ეს ბანაკი დაახლოებით 5 წელი ფუნქციონირებდა და ამ დროის მანძილზე იქ, სულ მცირე, 1 100 000 ადამიანი, მათ შორის 400-ზე მეტი იეჰოვას მოწმე გაგზავნეს.

ოსვენციმ-ბირკენაუს სახელმწიფო მუზეუმის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ: „ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის ისტორიის ფურცლებიდან ძალიან იშვიათად ამოიკითხავთ რამეს იეჰოვას მოწმეების შესახებ (ჩანაწერებში მათ ბიბლიის მკვლევრებად მოიხსენიებენ), რომლებიც თავიანთი რელიგიური შეხედულებების გამო იყვნენ დაპატიმრებული. სინამდვილეში ეს პატიმრები უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებენ, რადგან ისინი გაუსაძლისი მდგომარეობის მიუხედავად, მაინც ახერხებდნენ თავიანთი ზნეობრივი პრინციპების დაცვას“. მუზეუმის არქივში ინახება ჩანაწერები, რომლის თანახმადაც იეჰოვას მოწმეები ოსვენციმში გაგზავნილი პატიმრების პირველ ნაკადში იყვნენ. როგორც ამ ჩანაწერებიდან ვიგებთ, იქ გაგზავნილი ასობით იეჰოვას მოწმის მესამედზე მეტი ცოცხალი აღარ დაბრუნებულა.

ანჯეი შალბოტი (პატიმარი IBV 108703) რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო 1943 წელს ნაცისტებმა დააპატიმრეს და ოსვენციმის ბანაკში გაგზავნეს

ნაცისტურმა მთავრობამ იეჰოვას მოწმეების შევიწროება ჯერ კიდევ 1933 წელს დაიწყო, როდესაც გერმანიაში ოფიციალურად აიკრძალა მათი საქმიანობა. იეჰოვას მოწმეების ზნეობრივი პრინციპები და საქმიანობა არ შეესაბამებოდა ნაცისტურ იდეოლოგიას. მაგალითად, მოწმეები არასდროს ამბობდნენ: „ჰაილ ჰიტლერ!“. ამ სიტყვების წარმოთქმა ყველას მოეთხოვებოდა, თუმცა იეჰოვას მოწმეები მიიჩნევდნენ, რომ ამის თქმა ღვთის ღალატის ტოლფასი იყო. იეჰოვას მოწმეები აგრეთვე უარს ამბობდნენ სამხედრო სამსახურის შესრულებაზე, რაც ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად ითვლებოდა. „თუ უარს იტყოდი სამხედრო სამსახურზე, აუცილებლად მოხვდებოდი საკონცენტრაციო ბანაკში“, — აღნიშნავს ანჯეი შალბოტი, რომელიც, სულ რაღაც, 19 წლის იყო, როცა 1943 წელს დააპატიმრეს და ოსვენციმის ბანაკში გაგზავნეს. იეჰოვას მოწმეებს ჰპირდებოდნენ, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლებდნენ, თუ ხელს მოაწერდნენ დოკუმენტს, სადაც ნათქვამი იყო, რომ ისინი ტოვებდნენ თავიანთ ორგანიზაციას და მის სწავლებებს მცდარად მიიჩნევდნენ. ანჯეი შალბოტმა უარი განაცხადა ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე.

იეჰოვას მოწმეებს ჰპირდებოდნენ, რომ გაათავისუფლებდნენ, თუ თავიანთ რწმენაზე უარის თქმის ნიშნად მსგავსი სახის განცხადებას მოაწერდნენ ხელს

ნაცისტების ოფიციალურ დოკუმენტაციაში იეჰოვას მოწმეები მოხსენიებულნი არიან როგორც „IBV“ (Internationale Bibelforscher-Vereinigung), რაც გერმანული სიტყვების აბრევიატურაა და ნიშნავს „ბიბლიის მკვლევართა საერთაშორისო გაერთიანებას“. გერმანიაში ეს მათი ორგანიზაციის ოფიციალური სახელი იყო. ნაცისტები მოწმეებისგან მოითხოვდნენ, რომ თავიანთ ტანსაცმელზე იისფერი სამკუთხედი დაემაგრებინათ. ეს სიმბოლო მოწმეებს ერთმანეთის ამოცნობაში ეხმარებოდა. ყოველ საღამოს სიის ამოკითხვამდე ისინი ერთმანეთის გასამხნევებლად იკრიბებოდნენ. ამავდროულად, ატარებდნენ საიდუმლო შეხვედრებს, სადაც ბიბლიას იმ პატიმრებთან ერთად განიხილავდნენ, რომლებიც აღფრთოვანებულნი იყვნენ მოწმეების უსაზღვრო სიკეთითა და ძლიერი რწმენით. ოსვენციმის ბანაკში ყოფნის დროს არაერთი პატიმარი გახდა იეჰოვას მოწმე.

1945 წლის 27 იანვარს, შაბათ დილით, ოსვენციმში საბჭოთა კავშირის წითელი არმია შევიდა. დღის სამი საათისთვის საბჭოთა ჯარებმა გაათავისუფლეს დაახლოებით 7 000 პატიმარი, რომლებიც შემდეგ ბანაკებში იმყოფებოდნენ: ოსვენციმი I, ოსვენციმი II (ბირკენაუ) და ოსვენციმი III (მონოვიცი).

სტანისლავ ზაიონცი ოსვენციმში 1943 წლის 16 თებერვალს გაგზავნეს

ერთი იეჰოვას მოწმე, სტანისლავ ზაიონცი, ერთ-ერთი იყო იმ ათობით ათას პატიმარს შორის, რომლებსაც წითელი არმიის შემოსვლამდე ნაცისტებმა ბანაკის დატოვება უბრძანეს. სტანისლავ ზაიონცმა და მასთან ერთად დაახლოებით 3 200-მა პატიმარმა დატოვა იავოჟნოს ბანაკი. ისინი გაუკვალავ თოვლში ძლივძლივობით მიიკვლევდნენ გზას. ეს „სიკვდილის მარში“ იყო. როგორც ცნობილია, ბლეხამერის ბანაკამდე, რომელიც ოსვენციმიდან მოშორებით, შუა ტყეში მდებარეობდა, სამდღიან სვლას მხოლოდ ორი ათასამდე ადამიანი გადაურჩა. თავის მემუარებში სტანისლავი იხსენებს იმას, თუ როგორი ხელჩართული ბრძოლა გაიმართა რუსებსა და გერმანელებს შორის მაშინ, როცა ის სხვა პატიმრებთან ერთად ბანაკში იმალებოდა: „გარედან ტანკების ხმა გვესმოდა, მაგრამ ვერც ერთმა ვერ გავბედეთ გარეთ გახედვა, რომ გვენახა, ვინ იყვნენ. მხოლოდ დილით გავიგეთ, რომ რუსები ყოფილან ... ის ადგილი, სადაც ტყე გაკაფული იყო, მთლიანად რუსების ჯარმა დაიკავა და ასე დასრულდა ჩვენი კოშმარი“.

ამა წლის 27 იანვარს ოსვენციმის ბანაკის პატიმრების გათავისუფლების 70 წლისთავის აღსანიშნავად კონფერენციები და გამოფენები მსოფლიოს სხვა ქალაქებშიც გაიმართება.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

გერმანია: ვოლფრამ სლუპინა, ტელ. +49 6483 41 3110

პოლონეთი: რიშარდ იაბლონსკი, ტელ. +48 608 555 097