წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2015 წლის 10 აგვისტო
ზიმბაბვე

ისტორიული საერთაშორისო კონგრესიდან ერთი წლის შემდეგ იეჰოვას მოწმეები ზიმბაბვეში მასპინძლობენ 2015 წლის რეგიონულ კონგრესებს სახელწოდებით „მიჰბაძეთ იესოს!“

ისტორიული საერთაშორისო კონგრესიდან ერთი წლის შემდეგ იეჰოვას მოწმეები ზიმბაბვეში მასპინძლობენ 2015 წლის რეგიონულ კონგრესებს სახელწოდებით „მიჰბაძეთ იესოს!“

ჰარარე, ზიმბაბვე — 31 ივლისს, პარასკევს დაიწყო იეჰოვას მოწმეების 2015 წლის რეგიონული კონგრესები სახელწოდებით „მიჰბაძეთ იესოს!“. ეს სამდღიანი კონგრესები შუა ოქტომბრამდე 12 კვირის განმავლობაში ჩატარდება.

ხელმძღვანელი საბჭოს წევრი ჯეფრი ჯექსონი წარმოთქვამს ბიბლიურ მოხსენებას 2014 წლის საერთაშორისო კონგრესზე ზიმბაბვეში. ორი ადგილობრივი იეჰოვას მოწმე სინქრონულად თარგმნის მის მოხსენებას

იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი ზიმბაბვეში, ჯონ ჰუნგუკა აღნიშნავს: „დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ წელს დაგეგმილი კონგრესებიც ისევე წარმატებით ჩატარდება, როგორც 2014 წელს ჰარარეში გამართული საერთაშორისო კონგრესი. გასულ წელს იგი ზიმბაბველი იეჰოვას მოწმეებისთვის ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა გახლდათ“. ზიმბაბვეში გამომავალი ერთ-ერთი წამყვანი გაზეთი „ნიუსდეი“ საერთაშორისო კონგრესის შესახებ წერდა, რომ ეს კონგრესი ქვეყნის ისტორიაში „ყველაზე დიდი რელიგიური შეკრება“ იყო, რამაც 2014 წელს იეჰოვას მოწმეები „ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში მოაქცია და მთელი ერი აალაპარაკა“.

2014 წელს გამართულ ამ ღონისძიების ბოლო დღეს ჰარარეს ეროვნულ სტადიონზე 82 000-ზე მეტმა დელეგატმა მოიყარა თავი. კონგრესის შემდეგ იეჰოვას მოწმეების ფილიალის წარმომადგენელმა ზიმბაბვეში, ჯონ ჯაბერმა, ინტერვიუში აღნიშნა: „კონგრესზე დასასწრებად ბრაზილიიდან, გერმანიიდან, შეერთებული შტატებიდან, ზამბიიდან და კენიიდან 3 500 დელეგატი ეწვია ქვეყანას“.

ზიმბაბვეს რესპუბლიკის ტურიზმის მინისტრი, უოლტერ მზემბი ნიუ-იორკში იეჰოვას მოწმეების მთავარ სამმართველოში ინტერვიუს დროს

ამ კონგრესმა იმდენად დიდი გავლენა მოახდინა მთელ რეგიონზე, რომ ზიმბაბვეს ტურიზმის მინისტრი, უოლტერ მზემბი სპეციალურად ეწვია მთავარ სამმართველოში (ნიუ-იორკი) იეჰოვას მოწმეებს, რათა პირადად გადაეხადა მადლობა იმისათვის, რომ მოწმეებმა საერთაშორისო კონგრესის ჩასატარებლად ზიმბაბვე აირჩიეს. იეჰოვას მოწმეებისთვის მიცემულ ექსკლუზიურ ვიდეო ინტერვიუში ბატონმა მზემბიმ აღნიშნა: „ზიმბაბვეს მოსახლეობა მოხარული იქნებოდა, თუ იეჰოვას მოწმეების ასეთი მასშტაბური შეხვედრები ყოველკვირა ჩატარდებოდა ქალაქ ჰარარეში ... ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი გადმოგცემთ მადლობას და სურს გითხრათ, რომ შეგიძლიათ კვლავ ჩაატაროთ თქვენი რელიგიური ღონისძიებები ჩვენს ქვეყანაში“.

წელს იეჰოვას მოწმეები ზიმბაბვეში უმასპინძლებენ 39 რეგიონულ კონგრესს სახელწოდებით „მიჰბაძეთ იესოს!“, რომლებიც რამდენიმე ადგილას ჩატარდება, მათ შორის ზიმბაბვეს საერთაშორისო სავაჭრო-საგამოფენო დარბაზებში. ამ კონგრესის პროგრამა მთლიანად თუ ნაწილობრივ წარმოდგენილი იქნება შემდეგ ენებზე: ჩინური (მანდარინული), ჩიტონგა (ზიმბაბვე), ინგლისური, მატაბელე (ზიმბაბვე), შონა, სუაჰილი და ზიმბაბვური ჟესტების ენა. ზიმბაბვეში კონგრესების ჩატარების დრო და ადგილი შეგიძლიათ იხილოთ იეჰოვას მოწმეების ოფიციალურ ვებ-გვერდზე jw.org.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

ზიმბაბვე: ჯონ ჰუნგუკა, ტელ. +263 4 2910591