არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2014 წლის 7 აპრილი
გერმანია

რიჩარდ რუდოლფი, საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი პატიმარი, 102 წლის ასაკში გარდაიცვალა

რიჩარდ რუდოლფი, საკონცენტრაციო ბანაკის ყოფილი პატიმარი, 102 წლის ასაკში გარდაიცვალა

ზელტერსი, გერმანია — 2014 წლის 31 იანვარს ერთი იეჰოვას მოწმე, რიჩარდ რუდოლფი 102 წლის ასაკში გარდაიცვალა; მან არაერთი ნაცისტური საკონცენტრაციო ბანაკი გამოიარა და კომუნისტური რეჟიმის დროსაც მოუწია პატიმრობაში ყოფნა.

1933 წელს ხელისუფლების სადავეები ნაცისტებმა აიღეს ხელში, რასაც გერმანიის ბევრ რეგიონში იეჰოვას მოწმეთა საქმიანობის აკრძალვა მოჰყვა. ამის გამო ნაცისტებმა 11 300 იეჰოვას მოწმე დააპატიმრეს, მათგან 4 200 კი საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნეს, რომელთა შორის რიჩარდ რუდოლფიც იყო. დაახლოებით 1 500 მოწმე გაუსაძლისმა პირობებმა და უკიდურესმა სისასტიკემ იმსხვერპლა. რიჩარდ რუდოლფმა ნაცისტური რეჟიმის დროს ცხრა წელი დაჰყო პატიმრობაში, მას ხუთ საკონცენტრაციო ბანაკში, მათ შორის, ავადსახსენებელ ზაქსენჰაუზენისა და ნოიენგამის ბანაკებშიც მოუწია ყოფნა; იქ 300 000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგანაც დაახლოებით 140 000 ენით აუწერელ სისასტიკეს შეეწირა.

რიჩარდ რუდოლფი (სახურავზე, მარჯვენა კიდეში) იმ პატიმრებს შორის იყო, რომლებსაც 1940 წელს ნოიენგამის საკონცენტრაციო ბანაკის აშენება აიძულეს

1944 წელს რიჩარდ რუდოლფი ზალცგიტერ-ვატენშტედტის საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე იგი უარს ამბობდა ნებისმიერ საქმეზე, რაც დაკავშირებული იყო იარაღისა თუ ტყვია-წამლის წარმოებასთან; ამის გამო მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. მაგრამ რუდოლფი სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს — ესესის ერთმა ოფიცერმა, რომელიც გულგრილი არ დატოვა რუდოლფის ძლიერმა რწმენამ, იგი საკვებით სავსე სატვირთო მანქანაში დამალა და ასე იხსნა სიკვდილისგან.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ რუდოლფმა კვლავ განაგრძო მსახურება, ოღონდ ამჯერად საბჭოთა კავშირის მიერ გერმანიის ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომელიც მოგვიანებით გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის (გდრ) სახელით გახდა ცნობილი. 1950 წელს რუდოლფი კვლავ დააპატიმრეს. რწმენის გამო მან მთლიანობაში 19 წელზე მეტი გაატარა პატიმრობაში.

ანა-ჟაკლინ ფრიზერი რიჩარდ რუდოლფთან ერთად, რომლის ისტორიაზე დაწერილი თემისთვის მან 2009 წელს ჯილდო მოიპოვა

ათეულობით წლის მანძილზე რიჩარდ რუდოლფი ერთგულად უზიარებდა სხვებს ბიბლიურ ცნობას და საკუთარი გამოცდილების საფუძველზე უხსნიდა, რამხელა ტკივილი და ტანჯვა მოაქვს ჩაგვრას და დისკრიმინაციას. 2009 წელს ერთმა გერმანელმა მოსწავლემ, ანა-ჟაკლინ ფრიზერმა, მონაწილეობა მიიღო პრეზიდენტის სახელობის კონკურსში, სახელწოდებით „გმირები — აღიარებულნი, უარყოფილნი და დავიწყებულნი“. მან წარადგინა თემა, რომელშიც მოთხრობილი იყო რიჩარდ რუდოლფის ისტორია და მოცემული იყო მისგან აღებული ინტერვიუც. ამ კონკურსში მან ორი ჯილდო მიიღო — საუკეთესო სამეულში მოხვდა და პირველი ადგილი დაიკავა რაინლანდ-პფალცში.

ვოლფრამ სლუპინა, იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი გერმანიაში, აღნიშნავს: „რიჩარდ რუდოლფი მხოლოდ ძვირფასი მეგობარი და თანაქრისტიანი როდი იყო, მან დიდი ისტორიული მემკვიდრეობაც შემოგვინახა. მისი ძლიერი რწმენა და არნახული სიმამაცე კარგი მაგალითია თითოეული ჩვენგანისთვის“.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

გერმანია: ვოლფრამ სლუპინა, ტელ. +49 6483 41 3110