წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის 21 ოქტომბერი
გერმანია

პატიმრების გათავისუფლების 71-ე წლისთავი ბრანდენბურგში

პატიმრების გათავისუფლების 71-ე წლისთავი ბრანდენბურგში

ზელტერსი, გერმანია — 2016 წლის 24 აპრილს ბრანდენბურგ-გიორდენის ციხიდან პატიმრების გათავისუფლების 71-ე წლისთავი აღინიშნა. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება იეჰოვას მოწმეებს დაეთმო.

ბრანდენბურგის ფინანსთა მინისტრის მოადგილე დანიელა ტროჩოვსკი წარმოთქვამს მოხსენებას

ღონისძიება, რომელიც ბრანდენბურგის მემორიალურმა ფონდმა დააფინანსა, ქალაქ ბრანდენბურგის ციხეში (ნაჩვენებია სურათზე ზემოთ) გაიმართა. მდინარე ჰაველზე გაშენებული ქალაქი ბრანდენბურგი ბერლინის დასავლეთით დაახლოებით 90 კმ-ში მდებარეობს. ღონისძიებაზე, რომელსაც 200-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, მოხსენება წარმოთქვა დანიელა ტროჩოვსკიმ, ბრანდენბურგის ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. მან აღნიშნა: „ამ ციხეში იეჰოვას მოწმეები სიკვდილით დასაჯეს ... მიზეზი ის იყო, რომ ისინი თავიანთი მრწამსის გამო არასოდეს ამბობდნენ: „ჰაილ ჰიტლერ!“, არ მონაწილეობდნენ პატრიოტულ ცერემონიალებში, არ უერთდებოდნენ პოლიტიკურ პარტიებს და უარს აცხადებდნენ სამხედრო სამსახურზე.

სიგურდ შპაიდელი, ერთ-ერთი იეჰოვას მოწმე, რომელიც ბრანდენბურგ-გიორდენის ციხეში სიკვდილით დასაჯეს

ნაცისტური რეჟიმის დროს გერმანიის რაიხსკანცლერი ადოლფ ჰიტლერი იეჰოვას მოწმეებს დაემუქრა, დედაბუდიანად ამოგწყვეტთო. 1940—1945 წლებში ბრანდენბურგ-გიორდენის (ასე უწოდებდნენ ნაცისტური რეჟიმის დროს) ციხეში დაახლოებით 2 000 ადამიანი, მათ შორის 127 იეჰოვას მოწმე, სიცოცხლეს გამოასალმეს. სიკვდილით დასჯილ სხვადასხვა უმცირესობის წარმომადგენლებს შორის ყველაზე მეტი იეჰოვას მოწმე იყო.

24 აპრილს ბრანდენბურგ-გიორდენის ციხის ყოფილი პატიმრების საპატივცემულოდ გამართულ ღონისძიებაზე იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელმა გერმანიაში, იოხენ ფესენბეკერმა ინტერვიუ აიღო ვერნერ შპაიდელისგან. ვერნერმა იქ დამსწრეებს უამბო, როგორ დასაჯეს სიკვდილით ბრანდენბურგ-გიორდენის ციხეში მისი უფროსი ძმა სიგურდი, რომელიც იეჰოვას მოწმე იყო. 1943 წლის 27 იანვარს, სამხედრო ტრიბუნალის მიერ განაჩენის გამოტანიდან დაახლოებით სამი თვის შემდეგ, 19 წლის სიგურდს თავი მოჰკვეთეს. იოხენ ფესენბეკერმა სიგურდის გამოსამშვიდობებელი წერილი წაიკითხა, რომელიც სიკვდილმისჯილმა სასჯელის აღსრულებამდე, რამდენიმე საათით ადრე დაწერა. ბოლოს ვერნერ შპაიდელმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა, თუ რა გრძნობები დაეუფლათ ოჯახის წევრებს სიგურდის უკანასკნელ სიტყვებზე: „სიმშვიდე არ დაგვიკარგავს; გვეამაყებოდა, რომ სიგურდი სიკვდილამდე იეჰოვას ერთგული დარჩა“.

სიგურდ შპაიდელის გამოსამშვიდობებელი წერილი. მონიშნულ ადგილას ვკითხულობთ: „ვერაფერმა გამტეხა; ბოლომდე კედელივით მტკიცე და შეუდრეკელი ვიქნები“

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: დეივიდ სიმონიანი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. 1-718-560-5000

გერმანია: ვოლფრამ სლუპინა, ტელ. 49-6483-41-3110