წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2015 წლის 7 ოქტომბერი
ავსტრია

გაიხსნა ავსტრიელი მოწმის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა

გაიხსნა ავსტრიელი მოწმის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა

მაიდლინგის რაიონის გამგებელი, გაბრიელა ვოტავა, წარმოთქვამს მოხსენებას

ვენა — 2015 წლის 13 მაისს იეჰოვას მოწმის, გერჰარდ შტაინახერის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფის გახსნას დაახლოებით 400 ადამიანი დაესწრო. გერჰარდ შტაინახერი 75 წლის წინ ნაცისტებმა სიკვდილით დასაჯეს იმის გამო, რომ არ შეუერთდა გერმანიის ჯარს. მაიდლინგის რაიონის გამგებელმა, გაბრიელა ვოტავამ წარმოთქვა მოხსენება მაიდლინგში (ვენა), შტაინახერების ოჯახის ყოფილი სახლის წინ, რომლის კედელზეც მემორიალური დაფა გააკრეს.

ამ სპეციალურ ღონისძიებას მთავარ თემად გასდევდა სიტყვები: „არ ავიღებ ხელში იარაღს!“. ეს სიტყვები გერჰარდ შტაინახერმა მაშინ წარმოთქვა, როცა შეწყალებას ითხოვდა. ეს უბრალო, მაგრამ მრავლისმთქმელი სიტყვები კარგად გადმოსცემს, სინამდვილეში რა არის ქრისტიანისთვის ფასეული; ეს თავად გერჰარდისთვისაც უაღრესად მნიშვნელოვანი იყო. მაგალითად, მათეს 19:19-ში იესოს ასეთ სიტყვებს ვკითხულობთ: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“.

გერჰარდმა მოზარდობის ასაკში დაიწყო ბიბლიის შესწავლა. 17 წლისამ გადაწყვიტა, იეჰოვას მოწმე გამხდარიყო. 1939 წლის 15 სექტემბერს გერჰარდი დააპატიმრეს; მიზეზი ის იყო, რომ მან რელიგიური მოსაზრებით უარი განაცხადა სამხედრო სამსახურზე და ჰიტლერისთვის ერთგულების ფიცის დადებაზე. გერჰარდი ექვსი კვირის დაპატიმრებული იყო, როცა მოაბიტის ციხეში (ბერლინი, გერმანია) გადაიყვანეს და წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს.

1939 წლის 11 ნოემბერს პირველი სასამართლო მოსმენის დროს გერჰარდს ბრალი დასდეს იმაში, რომ თავს არიდებდა საომარ მოქმედებებში მონაწილეობას, და სიკვდილმისჯილთა კამერაში ჩასვეს. მან რელიგიური მრწამსის საფუძველზე შეწყალება მოითხოვა. თუმცა 1940 წლის 2 მარტს სამხედრო ტრიბუნალმა მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. ოთხი კვირის შემდეგ, ამავე წლის 30 მარტს, პლეტცენზეს ციხეში 19 წლის გერჰარდს გილიოტინაზე მოჰკვეთეს თავი.

გერჰარდ შტაინახერის ხსოვნისადმი მიძღვნილმა ამ განსაკუთრებულმა ღონისძიებამ ეროვნული უნივერსიტეტის მახლობლად გადაინაცვლა, სადაც მოეწყო სპეციალური გამოფენა, რომელიც შტაინახერების ცხოვრების დეტალებს ასახავდა. სხვა ბევრ რამესთან ერთად ამ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო პატარა ყუთი, რომელიც 1976 წელს იპოვეს; მასში ინახებოდა იგნაც და ლუიზ შტაინახერების მიერ დაწერილი 28 წერილი, რომელთა ადრესატიც მათი დაპატიმრებული ვაჟი იყო; აგრეთვე 25 ღია ბარათი და წერილი, რომლებიც გერჰარდმა დედ-მამას გაუგზავნა. ამ წერილებით იგი ანუგეშებდა და არწმუნებდა მათ, რომ ძლიერ სწამდა ჭეშმარიტების, რომელსაც მისი მშობლებიც იზიარებდნენ.

წერილებითა და ღია ბარათებით სავსე ყუთი შტაინახერების სახლში 1976 წელს იპოვეს; სწორედ ამ წელს გარდაიცვალა გერჰარდის დედა, ლუიზი

ეს მნიშვნელოვანი მოვლენა ვენაში გამომავალმა ერთ-ერთმა გაზეთმა (Wiener Bezirkszeitung) გააშუქა. ამ გაზეთის ერთ-ერთ სტატიაში ნათქვამი იყო, რომ შტაინახერის ხსოვნისადმი მიძღვნილ ამ განსაკუთრებულ დღეს საქვეყნოდ გახდა ცნობილი მისი სიმამაცე, რომლის შესახებაც წლების მანძილზე არავის სმენოდა. სტატიაში გერჰარდ შტაინახერის შესახებ კიდევ ასეთ რამეს წერდნენ: „ის სიკვდილისთვისაც მზად იყო, რათა თავისი პრინციპების ერთგული დარჩენილიყო, სწორედ იმ პრინციპების, რომელთაც ასე აფასებდა“.

საკონტაქტო პირები:

საერთაშორისო: რიჩარდ ბრაუნი, საინფორმაციო სამსახური, ტელ. +1 718 560 5000

ავსტრია: იოჰან ციმერმანი, ტელ. +43 1 804 53 45

გერმანია: ვოლფრამ სლუპინა, ტელ. +49 6483 41 3110