ქართული
გამოიცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ რუსულ ჟესტურ ენაზე
https://cms-imgp.jw-cdn.org/img/p/702023102/univ/art/702023102_univ_sqr_xl.jpg

ძმა მარკ სანდერსონი განცხადებას აკეთებს ახალი გამოცემის შესახებ. მაუწყებლები პროგრამას სხვადასხვა ტერიტორიიდან უსმენენ: უკრაინა, ლატვია (ზემოთ მარცხნიდან მარჯვნივ), ალმა-ათა და ასტანა, ყაზახეთი (ქვემოთ მარცხნიდან მარჯვნივ).

31 ᲛᲐᲘᲡᲘ, 2023
ᲐᲮᲐᲚᲘ ᲐᲛᲑᲔᲑᲘ ᲡᲮᲕᲐᲓᲐᲡᲮᲕᲐ ᲥᲕᲔᲧᲜᲘᲓᲐᲜ

გამოიცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ რუსულ ჟესტურ ენაზე

გამოიცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ რუსულ ჟესტურ ენაზე

2023 წლის 27 მაისს ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ძმა მარკ სანდერსონმა, გამოაცხადა, რომ გამოიცა „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ სრული ვერსია რუსულ ჟესტურ ენაზე. შეხვედრას ადგილზე 148 ადამიანი ესწრებოდა, ხოლო დაახლოებით 5 000-მა ადამიანმა 15 ქვეყანაში სტრიმინგის ან ჩანაწერის მეშვეობით მოუსმინა პროგრამას. ბიბლიის ეს ახალი გამოცემა უკვე ხელმისაწვდომია ვებგვერდზე jw.org და აპლიკაციაში „JW ბიბლიოთეკა ჟესტურ ენაზე“.

ერთმა ყრუ-მუნჯმა ძმამ აღნიშნა: „ახლა თითქოს ჩემი თვალით ვხედავ, როგორი გრძნობები ეუფლებოდა იესოს ხალხის ტანჯვის შემხედვარეს. ამაზე ფიქრი გულს მითბობს“.

აქამდე ყრუ-მუნჯი და-ძმები რუსულ ენაზე გამოცემულ ბიბლიის ბეჭდურ ვერსიას იყენებდნენ, მაგრამ იმის გამო, რომ ჟესტური ენა აღწერილობითი ხასიათისაა, უჭირდათ ზოგიერთი ფრაზის გაგება.

მაგალითად, 1 მეფეების მე-17 თავში მოხსენიებული სარეფთელი ქვრივი ელიას ეუბნება, რომ ის და მისი ვაჟი საჭმლის ჭამის შემდეგ დაიხოცებოდნენ. ზოგიერთი ყრუ-მუნჯი მაუწყებელი ბიბლიის ამ მონაკვეთში გამოყენებული სიტყვების გამო ფიქრობდა, რომ ქვრივის საკვები გაფუჭებული ან მოწამლული იყო. თუმცა ამ ახალ გამოცემაში აშკარად იკვეთება, რომ ეს მათი ბოლო საკვები იყო.

ბიბლიის ამ ახალ თარგმანს სხვადასხვა ეროვნებისა და კულტურის ადამიანი გამოიყენებს. ამიტომ მთარგმნელებს მხედველობაში უნდა მიეღოთ, რომ სხვადასხვა ტერიტორიაზე ზოგი ჟესტი განსხვავებული მნიშვნელობით გამოიყენება. ერთმა მთარგმნელმა თქვა: «რომელიღაც რეგიონში ერთი ჟესტი შეიძლება ნიშნავდეს „ცოდვას“, სხვა რეგიონში კი — „ღმერთს“, ან ერთგან ნიშნავდეს „მოწაფეს, ხოლო მეორეგან — „ბოლოს“ ან „ღარიბს“. შესაბამისად, თარგმანზე მუშაობისას ყველაზე გავრცელებული ჟესტების გამოყენებას ვცდილობდით».

ჩვენც ვხარობთ ყრუ-მუნჯ და-ძმებთან ერთად და ვემადლიერებით იეჰოვას, ასეთი უძვირფასესი საჩუქარი რომ გაუკეთა მათ (იგავები 10:22).