არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2015 წლის 21 აგვისტო
შრი-ლანკა

შრი-ლანკის მთავრობა მხარს უჭერს რელიგიის თავისუფლებას

შრი-ლანკის მთავრობა მხარს უჭერს რელიგიის თავისუფლებას

შრი-ლანკის სასამართლოები მზად არიან, განიხილონ რამდენიმე საქმე, რომლებიც რელიგიური ექსტრემისტების მიერ იეჰოვას მოწმეებზე განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებს ეხება. 2013 წლიდან მოყოლებული იეჰოვას მოწმეებს ბუდისტი ბერების წაქეზებით გახელებული ბრბო გამუდმებით ესხმოდა თავს, ემუქრებოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. დაუსჯელობის სინდრომმა და რელიგიურმა შეუწყნარებლობამ იმის გამო იჩინა თავი, რომ პოლიციამ არ იმოქმედა იეჰოვას მოწმეებისა თუ სხვა რელიგიური უმცირესობების დასაცავად. ამან კიდევ უფრო შეაგულიანა რელიგიური ექსტრემისტები, გაეგრძელებინათ თავიანთი დანაშაულებრივი ქმედებები.

ინციდენტები, რომელთაც უზენაესი სასამართლო განიხილავს

2014 წლის 1 მარტს ქალაქ ტალაუაში (ჩრდილო-ცენტრალური პროვინცია) ორი იეჰოვას მოწმე ქალბატონი საკუთარი მრწამსის შესახებ ესაუბრებოდა სხვებს, რაც ქვეყანაში კანონით არის დაშვებული. ორმა ბუდისტმა ბერმა და ორმა პოლიციელმა ქალბატონებს ცილი დასწამეს, თითქოსდა ისინი ხალხს „ძალით ახვევდნენ თავს თავიანთ მრწამსს“. პოლიციამ დააკავა ორივე მათგანი და განყოფილებაში გადაიყვანა, სადაც პოლიციელები და ბერები არაერთი საათის განმავლობაში სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ მოწმეებს. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონებისთვის ბრალი არ წაუყენებიათ, ისინი მთელი ღამის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული.

მეორე შემთხვევა 2014 წლის 29 ოქტომბერს ქალაქ უალასმულაში (სამხრეთ პროვინცია) მოხდა. პოლიციელებმა დააკავეს ოთხი ქალბატონი (ნაჩვენებია სურათზე) და მთელი ღამის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული ბრალდებულებთან ერთად. მართალია, მათთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, მაგრამ ისინი სიტყვიერი შეურაცხყოფის ქარცეცხლში გაატარეს, რაც რამდენიმე საათი გრძელდებოდა.

ორივე შემთხვევის თაობაზე იეჰოვას მოწმეებმა შრი-ლანკის უზენაეს სასამართლოში საჩივარი შეიტანეს პოლიციის თანამშრომლების წინააღმდეგ და სასამართლოს წერილობითი თხოვნით მიმართეს, რომ დაეცვათ ადამიანის ძირითადი უფლებები. უზენაესმა სასამართლომ მნიშვნელოვნად მიიჩნია ორივე განაცხადი და დათანხმდა მათ განხილვას. ქალბატონებმა, რომლებსაც ქალაქ ტალაუაში უსამართლოდ მოექცნენ, თქვეს: „მოხარულები ვართ, რომ უზენაესი სასამართლო მზადაა, განიხილოს ეს საკითხი. ამან შრი-ლანკის სასამართლო სისტემის მიმართ ნდობა დაგვიბრუნა“. საქმის წინასწარი მოსმენა 2015 წლის 29 მაისს გაიმართა. მოსამართლე სისირა დე აბრიუმ იეჰოვას მოწმეებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ისინი „კარგი ადამიანები არიან“ და რელიგიური ლიტერატურა, რომელსაც ისინი ავრცელებენ, „არ ეწინააღმდეგება ბუდიზმს“. ორივე საქმის განხილვა ამავე წელს, მოგვიანებით არის დაგეგმილი.

სააპელაციო სასამართლო განიხილავს საქმეს პოლიციის უმოქმედობის თაობაზე

შრი-ლანკის დედაქალაქ კოლომბოში იეჰოვას მოწმეებმა სააპელაციო სასამართლოში საჩივარი შეიტანეს პოლიციის წინააღმდეგ. საჩივარი ეხებოდა პოლიციის უმოქმედობის 11 შემთხვევას. ერთ-ერთი შემთხვევის დროს ბუდისტმა ბერმა ჯერ უმოწყალოდ სცემა ნიროშან სილვა, შემდეგ კი ძალით წაიყვანა პოლიციის განყოფილებაში და უჩივლა მას. ნაცვლად იმისა, რომ ბატონი სილვა დაეცვათ, პოლიციელებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ბატონმა სილვამ აღნიშნა: „ჩვენ არ ვითხოვთ შრი-ლანკის მთავრობის მხრიდან განსაკუთრებულ მოპყრობას. ჩვენ გვინდა, რომ კანონის შესაბამისად დაცული იყოს ადამიანის ძირითადი უფლებები და რელიგიის თავისუფლების უფლება“. სასამართლომ საქმე წარმოებაში მიიღო.

წინ გადადგმული ნაბიჯი

შრი ლანკის მთავრობამ აღიარა, რომ ქვეყანაში არსებობდა რელიგიური შეუწყნარებლობა და განაცხადა, რომ „იმოქმედებდა რელიგიის თავისუფლების დასაცავად“. იეჰოვას მოწმეები ამ განაცხადს წინ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ.

გამოცდილმა იურისტმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხში, ბატონმა უილიამუნამ, იეჰოვას მოწმეების შესახებ აღნიშნა: „ათწლეულებია, რაც შრი-ლანკაში არაერთი აღმსარებლობის ადამიანი მშვიდობიანად ცხოვრობს. მაგრამ ზოგიერთებმა დაარღვიეს ეს მშვიდობა იეჰოვას მოწმეებისა და სხვა რელიგიური უმცირესობების წინააღმდეგ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებებით, რითაც უხეშად დაირღვა მოწმეების კონსტიტუციური უფლებები. უფლებამოსილმა პირებმა ცრუ ბრალდებების საფუძველზე კი არ უნდა იმოქმედონ, არამედ საფუძვლიანი გამოძიება უნდა აწარმოონ“.

მოწმეები იმედოვნებენ, რომ სასამართლო დაიცავს მათ ძირითად უფლებას, მშვიდობიან პირობებში შეასრულონ თავიანთი რელიგიური მსახურება. ისინი ელიან, რომ ხელისუფლება დაიცავს კანონს და მხარს დაუჭერს კონსტიტუციით დაცულ ადამიანის ძირითად უფლებებს.

2014 წლის რეგიონული კონგრესი კოლომბოში