წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2015 წლის 2 მარტი
ყირგიზეთი

ყირგიზეთში წყდება რელიგიის თავისუფლების საკითხი

ყირგიზეთში წყდება რელიგიის თავისუფლების საკითხი

2014 წლის 4 სექტემბერს უზენაესი სასამართლოს საკონსტიტუციო პალატამ არაკონსტიტუციურად ცნო 2008 წელს რელიგიის შესახებ მიღებული კანონის ზოგიერთი პუნქტი, რაც რელიგიის თავისუფლების საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ეს იმის წინაპირობა იყო, რომ იეჰოვას მოწმეებს ყირგიზეთის სამხრეთ რეგიონებში რეგისტრაციაში გაატარებდნენ. *

მიუხედავად ზემოხსენებული გადაწყვეტილებისა, სახელმწიფო კომიტეტი, რომელიც რელიგიური საკითხებითაა დაკავებული, კვლავ უარს ამბობს, რეგისტრაციაში გაატაროს იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირი ყირგიზეთის სამხრეთ რეგიონებში. ამ კომიტეტის მტკიცებით, სანამ პარლამენტი არ წარმოადგენს 2008 წელს რელიგიის შესახებ მიღებულ კანონს შესწორებული სახით, არსებული წერილობითი კანონი ძალაში რჩება, რის გამოც იეჰოვას მოწმეებს არ შეუძლიათ იურიდიული სტატუსის მიღება. შედეგად იეჰოვას მოწმეები ყირგიზეთის სამხრეთ რეგიონებში დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდებიან და ბევრ რამეში იზღუდებიან, მაშინ როცა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში რეგისტრირებულნიც არიან და თავისუფლად, მშვიდობიან პირობებში ასრულებენ რელიგიურ მსახურებას. *

არარეგისტრირებული რელიგიური საქმიანობის გამო დაპატიმრებულნი

2014 წლის 30 ივნისს ქალაქ ნარინში (ყირგიზეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი) 46 წლის იეჰოვას მოწმე ჯილდიზ ჯუმალიევა მეზობლებს თავის რელიგიაზე ესაუბრებოდა. ნარინის სამართალდამცავებმა დააპატიმრეს ის, რადგან მისი რელიგია არ იყო ადგილობრივად რეგისტრირებული. * მას შემდეგ, რაც ყირგიზეთმა დამოუკიდებლობა მოიპოვა, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა იეჰოვას მოწმე რელიგიური მსახურების შესრულებისთვის დააპატიმრეს.

აპელაციის შემდეგ, 2014 წლის 5 აგვისტოს, ნარინის საოლქო სასამართლომ მოისმინა ჯილდიზ ჯუმალიევას წინააღმდეგ აღძრული საქმე. სასამართლოს მსვლელობის დროს მოსამართლეებმა არაერთი კითხვა დასვეს, რადგან სურდათ, ბოლომდე გაეგოთ, ვინ არიან იეჰოვას მოწმეები და რა ცნობას უზიარებენ ხალხს. წარდგენილი მტკიცებულებების განხილვის შემდეგ მოსამართლეებმა შეაჩერეს ამ საქმის მოსმენა იმ დრომდე, სანამ საკონსტიტუციო პალატა ზემოხსენებულ გადაწყვეტილებას მიიღებდა.

ამის შემდეგ ნარინის საოლქო სასამართლომ კვლავ განაახლა ჯილდიზ ჯუმალიევას წინააღმდეგ აღძრული საქმის მოსმენა. სასამართლომ ვერანაირი ადმინისტრაციული დარღვევა ვერ აღმოაჩინა და აღნიშნა, რომ ყველა მოქალაქეს აქვს საკუთარი მრწამსის გამოხატვის კონსტიტუციური უფლება. საკონსტიტუციო პალატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე დაყრდნობით, სასამართლომ აღნიშნა, რომ იეჰოვას მოწმეების რელიგია მთელი ყირგიზეთის მასშტაბით არის დარეგისტრირებული. მან გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. თუმცა პროკურორმა მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რადგან, მისი აზრით, საკონსტიტუციო პალატის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ამ სისხლის სამართლის საქმეს არანაირად არ უკავშირდებოდა. 2014 წლის 24 დეკემბერს უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა აპელაცია და ძალაში დატოვა ნარინის საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ჯილდიზ ჯუმალიევა უდანაშაულოდ ცნეს და ამგვარად, მხარი დაუჭირეს მის უფლებას, თავისუფლად გაუზიაროს სხვებს თავისი მრწამსი.

ქალაქ ოშში ორ იეჰოვას მოწმეს ცრუ ბრალდებები მოუხსნეს

2013 წელს ოქსანა კორიაკინას და დედამისს, ნადეჟდა სერგიენკოს შინაპატიმრობა მიუსაჯეს. მათ უსაფუძვლოდ ედებოდათ ბრალი იმაში, რომ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინეს მაშინ, როცა სხვებს თავიანთ რწმენას უზიარებდნენ. ამ ცრუ ბრალდებით სურდათ, დაემტკიცებინათ, რომ თითქოს იეჰოვას მოწმეები „უკანონო რელიგიურ საქმიანობას“ ეწევიან. ბრალმდებლები ამტკიცებდნენ, რომ ადგილობრივი რეგისტრაციის გარეშე იეჰოვას მოწმეებს უფლება არა აქვთ, საჯაროდ გაუზიარონ სხვებს თავიანთი მრწამსი.

ოშის საქალაქო სასამართლომ ორივე ბრალდებულს მოუხსნა ბრალდება. 2014 წლის 7 ოქტომბერს მოსამართლემ დაადგინა, რომ გამომძიებლებმა გამოძიების დროს საკმაოდ სერიოზული შეცდომები დაუშვეს და ოქსანა კორიაკინას და ნადეჟდა სერგიენკოს მხოლოდ იმიტომ დასდეს ბრალი, რომ ისინი იეჰოვას მოწმეები არიან.

ოშის პროკურორმა გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება. ის მოითხოვდა, საქმე კვლავ გამომძიებლებისთვის გადაეცათ, რათა „გამოესწორებინათ“ დაშვებული შეცდომები, რაც მას ხელს მისცემდა, კვლავ სასამართლოსთვის გადაეცა ეს საქმე. სააპელაციო სასამართლომ უარი თქვა პროკურორის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რის შემდეგაც მან ყირგიზეთის უზენაეს სასამართლოში შეიტანა აპელაცია. სასამართლო მოსმენა 2015 წლის 3 მარტს არის დანიშნული. იეჰოვას მოწმეები იმედოვნებენ, რომ ეს სასამართლოც სიმართლეს დაუჭერს მხარს.

ისარგებლებენ იეჰოვას მოწმეები რელიგიის თავისუფლებით მთელ ყირგიზეთში?

ერთ-ერთმა იეჰოვას მოწმემ, რომელიც ჯილდიზ ჯუმალიევას საქმის განხილვას ესწრებოდა, აღნიშნა: „1998 წლიდან მოყოლებული ადგილობრივი სამართალდამცავები ყველანაირად გვავიწროებენ, რადგან ნარინში ოფიციალურად არ ვართ რეგისტრირებულნი. ახლა უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება იმედს გვისახავს, რომ რეგისტრაციაში გატარდება ჩვენი იურიდიული პირი“.

იეჰოვას მოწმეები სულმოუთქმელად ელიან იმ დროს, როცა ყირგიზეთის სამხრეთ ნაწილში, მათ შორის ზემოხსენებულ ქალაქ ნარინსა და ოშში, ისე შეასრულებენ რელიგიურ მსახურებას, რომ არ გახდებიან შევიწროების მსხვერპლი. თუ ყირგიზეთის მთავრობა გაითვალისწინებს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაშინ თავისი მოქალაქეების რელიგიის თავისუფლების უფლებას დაიცავს.

^ აბზ. 2 იხილეთ სტატია „ყირგიზეთის უზენაესი სასამართლო მხარს უჭერს იეჰოვას მოწმეების რელიგიურ თავისუფლებას“, რომელიც ეხება 2014 წლის 4 სექტემბერს უზენაესი სასამართლოს საკონსტიტუციო პალატის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

^ აბზ. 3 იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირი რეგისტრირებულია როგორც მთელ ყირგიზეთში, ისე ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში. თუმცა ყირგიზეთის სამხრეთ რეგიონებში სამართალდამცავები დღემდე უარს ეუბნებიან მოწმეებს რეგისტრაციაზე.

^ აბზ. 5 ყირგიზეთის რესპუბლიკის ადმინისტრაციული კოდექსის 395(2) მუხლის თანახმად, იკრძალება იმ წესების დარღვევა, რომელიც რელიგიური შეხვედრების თუ სხვა რელიგიური ღონისძიებების ჩატარებასა და ორგანიზებასთან დაკავშირებითაა დადგენილი.