წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის 1 მარტი
ყირგიზეთი

აგებენ პასუხს ქალაქ ოშში პოლიციელები იმის გამო, რომ იეჰოვას მოწმეებს უმოწყალოდ მოექცნენ?

აგებენ პასუხს ქალაქ ოშში პოლიციელები იმის გამო, რომ იეჰოვას მოწმეებს უმოწყალოდ მოექცნენ?

ყირგიზეთის გენერალური პროკურორი უკვე მესამედ მოუწოდებს ქალაქ ოშის პროკურატურას, დაიწყოს ათი პოლიციელის საქმის გამოძიება. 2015 წლის აგვისტოში ქალაქ ოშის პოლიციამ უკანონოდ დაარბია იეჰოვა მოწმეების რელიგიური შეხვედრა და უმოწყალოდ სცემა რამდენიმე დამსწრე. მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია უკანონოდ მოიქცა და ამის აშკარა ფაქტები არსებობს, პროკურორმა უარი განაცხადა, დაეწყო საქმის გამოძიება.

უკანონო დარბევა და უმოწყალო მოპყრობა

2015 წლის 9 აგვისტოს, კვირა დილით, ოშის პოლიციის მე-10 განყოფილების * ათმა თანამშრომელმა დაარბია დაქირავებულ შენობაში გამართული მშვიდობიანი რელიგიური შეხვედრა, რომელსაც 40-ზე მეტი ადამიანი ესწრებოდა. ერთმა პოლიციელმა ნურლან უსუფბაევს, რომელიც შეხვედრას უძღვებოდა, ხმამაღლა დაუყვირა, დაუყოვნებლივ შეეწყვიტა „უკანონო“ რელიგიური შეხვედრის ჩატარება. პოლიციელები მოწმეებს იარაღით აშინებდნენ მოკვლით ემუქრებოდნენ. როდესაც ერთ-ერთი დამსწრე, ტუნჩუკ ოლჯობაევი, შეეცადა, ვიდეო გადაეღო პოლიციის ამ სასტიკი ქმედებისთვის, ის ცალკე ოთახში გაიყვანეს და უმოწყალოდ სცემეს.

ბოლოს, პოლიციამ ათი იეჰოვას მოწმე მამაკაცი განყოფილებაში წაიყვანა, სადაც ექვსი მათგანი სასტიკად სცემეს, სამი კი, მათ შორის ნურლან უსუფბაევი, კინაღამ გაგუდეს. დაკავებული მოწმეები იმ დღესვე გაათავისუფლეს. მძიმედ დაშავებული იეჰოვას მოწმეები სამედიცინო დახმარების მისაღებად საავადმყოფოში წავიდნენ.

ორი დღის შემდეგ, 11 აგვისტოს, პოლიციის ოფიცრებმა, კოჟობეკ კოზუბაევმა და ნურბეკ შერიკბაევმა, რომლებიც იეჰოვას მოწმეთა რელიგიური შეხვედრის დაარბევას ხელმძღვანელობდნენ, ნურლან უსუფბაევი დააპატიმრეს იმ მოტივით, რომ ის უკანონო რელიგიურ შეხვედრას ატარებდა. ამ საქმის თაობაზე მოსმენა 20­ და 21 აგვისტოს ქალაქ ოშის სასამართლოში დაინიშნა.

სასამართლოები მხარს უჭერენ იეჰოვას მოწმეების თაყვანისცემის უფლებას

სასამართლო პროცესზე პოლიციის მე-10 განყოფილების წარმომადგენელმა მხარემ განაცხადა, რომ 9 აგვისტოს გამართული რელიგიური შეხვედრა უკანონო იყო, ვინაიდან იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირი არ არის დარეგისტრირებული ქალაქ ოშში. ბრალდების მხარე იმასაც ამტკიცებდა, რომ იეჰოვას მოწმე მშობლებმა, რომელთაც შეხვედრაზე შვილები ჰყავდათ წაყვანილი, დაარღვიეს ყირგიზეთის კანონი რელიგიის შესახებ, რომელიც კრძალავს ბავშვების რელიგიურ ორგანიზაციაში გაწევრიანებას.

21 აგვისტოს ოშის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარემ უდანაშაულოდ ცნო ნურლან უსუფბაევი და აღნიშნა, რომ მისი რელიგიური მსახურება არ ყოფილა უკანონო. სასამართლომ მის წინააღმდეგ აღძრული ადმინისტრაციული საქმის დახურვა ბრძანა, რადგან არ არსებობდა იმის მტკიცებულებები, რომ იგი მონაწილეობას იღებდა უკანონო რელიგიურ მსახურებაში და არც იმის, რომ ეს უკანასკნელი ბავშვებს რელიგიურ ორგანიზაციაში „აწევრიანებდა“.

ქალაქ ოშის პროკურორმა რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრა ნურლან ოსუფბაევის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება. რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურორის სარჩელი და მხარი დაუჭირა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას. ამავე სასამართლომ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ იეჰოვას მოწმეების რელიგიური ორგანიზაცია ყირგიზეთში ოფიციალურად არის დარეგისტრირებული. სასამართლომ აგრეთვე აღნიშნა, რომ ყირგიზეთის უზენაესი სასამართლოს საკონსტიტუციო პალატამ არაკონსტიტუციურად ცნო ყირგიზეთის კანონი, რომელიც რელიგიური ორგანიზაციის ადგილობრივად დარეგისტრირებას მოითხოვს. * ამ ყველაფრის მიუხედავად, პროკურორმა უზენაეს სასამართლოში შეიტანა საჩივარი, რომელიც 2016 წლის 2 მარტს განიხილება.

ოშის პროკურორს მოუწოდებენ, დაიწყოს პოლიციელთა საქმის გამოძიება

მანამ, სანამ სასამართლოში პროკურორის სარჩელის განხილვა მიმდინარეობდა, 9 აგვისტოს ინციდენტის დროს დაზარალებულმა ნურლან უსუფბაევმა და დანარჩენებმა სარჩელი შეიტანეს ქალაქ ოშის პროკურატურაში. მათ მოითხოვეს, რომ სისხლის სამართლებრივი საქმე აღძრულიყო იმ ათი პოლიციელის წინააღმდეგ, რომლებიც ფიზიკურად გაუსწორდნენ იეჰოვას მოწმეებს. ამას მოჰყვა საჩივრების მთელი რიგი. ქალაქ ოშის პროკურორმა სამჯერ განაცხადა უარი საქმის გამოძიებაზე; ყოველ ჯერზე დაზარალებული მოწმეები გენერალურ პროკურორს მიმართავდნენ თხოვნით, რომ საქმე აღძრულიყო. გენერალურმა პროკურორმა ორჯერ გააუქმა ქალაქ ოშის პროკურორის გადაწყვეტილება და მას საქმის ხელახალი განხილვა მოსთხოვა. როცა დაზარალებულმა მოწმეებმა მესამედ შეიტანეს საჩივარი გენერალურ პროკურატურაში, ნაცვლად იმისა, რომ საქმე თავად პროკურორს განეხილა, იგი განსახილველად 2016 წლის 21 იანვარს უკან დაუბრუნა ქალაქ ოშის პროკურორს. კვლავაც კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, აგებენ თუ არა პოლიციელები პასუხს იმის გამო, რომ იეჰოვას მოწმეებს უმოწყალოდ მოექცნენ.

ყირგიზეთში იეჰოვას მოწმეები მადლიერნი არიან, რომ მათი იურიდიული პირი ქვეყანაში რეგისტრირებულია და, რომ ოშის საქალაქო სასამართლომ ახლახან გადაწყვეტილებები მათ სასარგებლოდ მიიღო. მოწმეები დიდად აფასებენ იმ ფაქტს, რომ მოსამართლეები გაბედულად დადგნენ სამართლის მხარეს და მხარი დაუჭირეს რელიგიის თავისუფლებას იმით, რომ დაიცვეს რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებული კანონი. თუმცა მოწმეებს ძალიან აღელვებთ ის ფაქტი, რომ მთავრობის უფლებამოსილმა პირებმა არ იმოქმედეს სათანადოდ და პასუხისგებაში არ მისცეს პოლიციელები, რომლებიც სასტიკად მოეპყრნენ მოწმეებს. იეჰოვას მოწმეები თხოვნით მიმართავენ გენერალურ პროკურატურას, მიიღოს გადამწყვეტი ზომები და პასუხი აგებინოს დამნაშავეებს.

^ აბზ. 4 მე-10 განყოფილება მიეკუთვნება ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს.

^ აბზ. 10 2014 წლის 4 სექტემბრით დათარიღებული გადაწყვეტილება. იხილეთ სტატია „ყირგიზეთის უზენაესი სასამართლო მხარს უჭერს იეჰოვას მოწმეების რელიგიურ თავისუფლებას.“