წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2015 წლის 17 დეკემბერი
ყირგიზეთი

ყირგიზეთის სასამართლომ გაამართლა ორი იეჰოვას მოწმე

ყირგიზეთის სასამართლომ გაამართლა ორი იეჰოვას მოწმე

2015 წლის 29 ოქტომბერს ოშის სააპელაციო სასამართლოს სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ ერთხმად დაუჭირა მხარი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას და ორი იეჰოვას მოწმე, ოქსანა კორიაკინა და მისი დედა, ნადეჟდა სერგიენკო უდანაშაულოდ ცნო. პროკურორმა უსაფუძვლოდ დაადანაშაულა ეს ორი ქალი იმაში, რომ თითქოს ისინი ქალაქ ოშის მცხოვრებლებს ფულს სძალავდნენ, როცა თავიანთ რელიგიურ საქმიანობას ეწეოდნენ.

სასამართლომ დაადგინა, რომ ეს ორი იეჰოვას მოწმე დისკრიმინაციის მსხვერპლია

2013 წლის მარტში ოქსანა კორიაკინა და ნადეჟდა სერგიენკო ცრუ ბრალდებების საფუძველზე დააკავეს. ამ ორ ქალს ჰქონდა თავიანთი უდანაშაულობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულება, რასაც თვითმხილველებიც ადასტურებდნენ. მიუხედავად ამისა, მათ წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, დაიწყო სასამართლო პროცესი და დაინიშნა გამოძიება; შედეგად, ოშის საქალაქო სასამართლომ ოქსანა კორიაკინასა და ნადეჟდა სერგიენკოს შინაპატიმრობა მიუსაჯა, სანამ მათ წინააღმდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებდა.

მოგვიანებით ოშის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ოქსანა კორიაკინასა და ნადეჟდა სერგიენკოს წინააღმდეგ წინასწარი გამოძიება არასწორად წარიმართა; გარდა ამისა, სასამართლომ ისიც დაადგინა, რომ გამომძიებლების მხრიდან „საპროცესო კანონმდებლობაში არაერთ დარღვევას ჰქონდა ადგილი“. მაგალითად, გამომძიებლებმა არ გამოიძიეს ეს საქმე მანამ, სანამ ამ ორ ქალს ოთხი თვის შემდეგ უსაფუძვლოდ არ დასდეს ბრალი; მათ აგრეთვე არაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ამ ბრალდებასთან დაკავშირებით ახალი მტკიცებულებები მოეძიათ. მათ აშკარად დაარღვიეს იურიდიული პროცედურები, რომლებიც ბრალდებულების ამოცნობას უკავშირდებოდა, რის გამოც მათ მიერ გამოძიებული საქმე ძალადაკარგულად ჩაითვალა. გამოძიების მსვლელობის დროს და სასამართლო პროცესზე მათ მიერ დაბარებულმა ეგრეთ წოდებულმა დაზარალებულებმა არაერთხელ შეცვალეს თავიანთი მოწმობა.

მოსამართლე იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ეგრეთ წოდებულ დაზარალებულებს იეჰოვას მოწმეებზე წინასწარაკვიატებული უარყოფითი აზრი ჰქონდათ შექმნილი და სწორედ ამით ისარგებლეს გამომძიებლებმა; მოსამართლის დასკვნით, ოქსანა კორიაკინა და ნადეჟდა სერგიენკო მხოლოდ იმიტომ გახდნენ უსამართლო მოპყრობის მსხვერპლი, რომ „იეჰოვას მოწმეების რელიგიური ორგანიზაციის წევრები არიან“. მაგალითად, მართალია ეს ორი მოწმე თაღლითობაში დაადანაშაულეს, მაგრამ როცა თვეების შემდეგ გამომძიებლებმა მათი სახლები გაჩხრიკეს, მხოლოდ ეგრეთ წოდებული აკრძალული რელიგიური ლიტერატურა აღმოაჩინეს. ასე რომ, გამომძიებლებს არანაირი სამხილი არ ჰქონდათ.

დამამძიმებელი შინაპატიმრობა

ოქსანა კორიაკინას და ნადეჟდა სერგიენკოს შინაპატიმრობის დროს უფლება არ ჰქონდათ, ნებართვის გარეშე დაეტოვებინათ ქალაქი ოში. მათ დროის გარკვეულ მონაკვეთში სახლიდან გასვლაც კი ეკრძალებოდათ, რაც რთული ასატანი იყო ამ ორი ქალისთვის. ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ისინი ასეთ რეჟიმში ცხოვრობდნენ, რაც მათ ხელს უშლიდა ყოველდღიურ საქმიანობასა და რელიგიურ მსახურებაში.

მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ ნადეჟდა ვერ შოულობდა სამუშაოს იმის გამო, რომ ჩამორთმეული ჰქონდა პასპორტი. როდესაც ნადეჟდას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, იმ დადგენილ დროის მონაკვეთში, როდესაც სახლიდან გასვლა ეკრძალებოდა, კლინიკაშიც კი ვერ მიდიოდა სამკურნალოდ. რაც შეეხება, ოქსანას, ქმართან ერთად რომ ქალაქგარეთ გასულიყო, ნებართვა უნდა აეღო მოსამართლისგან, რაც ნამდვილად არ იყო ადვილი. ის და მისი ქმარი ემოციური წნეხის ქვეშ იყვნენ; მათ ღამით თითქმის არ ეძინათ, რადგან აფიქრებდათ, რით დასრულდებოდა ყველაფერი.

სამართლიანობა აღდგა

2014 წლის 7 ოქტომბერს ოშის საქალაქო სასამართლომ ეს ორი ქალი უდანაშაულოდ ცნო, რადგან „დანაშაული ვერ დაუმტკიცდათ“. მაგრამ პროკურორმა გაასაჩივრა გადაწყვეტილება და ეს პროცესი კიდევ ერთი წელი გაგრძელდა; ამიტომ ამ ორ ქალს 2015 წლის ოქტომბრამდე შინაპატიმრობაში ყოფნა მოუწია, სანამ სააპელაციო სასამართლო არ შედგა.

„პროკურორმა ვერ წარადგინა ვერანაირი მტკიცებულება, რაც დაამტკიცებდა ბრალდებულ ოქსანა კორიაკინასა და ნადეჟდა სერგიენკოს ბრალეულობას“ (სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე).

2015 წლის 29 ოქტომბერს ოშის სააპელაციო სასამართლოს სამი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ ერთხმად დაუჭირა მხარი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ ცნო პროკურორის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რის გამოც არ დააკმაყოფილა მისი საჩივარი. სასამართლომ დაადგინა, რომ ოქსანა და ნადეჟდა არ იყვნენ დამნაშავეები და განკარგულება გასცა, რომ ეს ორი ქალი დაუყოვნებლივ გაეთავისუფლებინათ შინაპატიმრობიდან. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოქსანას და ნადეჟდას სრული უფლება აქვთ, მოითხოვონ კომპენსაცია უკანონოდ წაყენებული ბრალდების, დაკავებისა და შინაპატიმრობის გამო.

ოქსანა ამბობს: „მე და დედაჩემმა დიდი შვება ვიგრძენით, რადგან სასამართლომ მოგვიხსნა ბრალდება და მეტად აღარ მოგვიწევს შინაპატიმრობაში ყოფნა. მოუთმენლად ველით იმ დროს, როცა თავისუფლად შევძლებთ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან დროის გატარებას და სრულად ჩავებმებით ჩვენს რელიგიურ საქმიანობაში“.

ოქსანა, ნადეჟდა და სხვა მოწმეები ყირგიზეთში მადლიერები არიან იმისთვის, რომ ზემოთ მოხსენიებულმა სასამართლოებმა მხარი დაუჭირეს კანონს და გაილაშქრეს რელიგიური დისკრიმინაციის წინააღმდეგ, რომელსაც ხელს უწყობს ზოგი ადგილობრივი უფლებამოსილი პირი. ისინი იმედოვნებენ, რომ ეს გადაწყვეტილება უბიძგებს მთავრობას, აღიაროს მოწმეების რელიგიის თავისუფლების უფლება, რაც კონსტიტუციითაა გარანტირებული და იეჰოვას მოწმეები ოფიციალურად გაატაროს რეგისტრაციაში სამხრეთ ყირგიზეთში.