არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2014 წლის 5 ნოემბერი
ყირგიზეთი

ყირგიზეთის უზენაესი სასამართლო მხარს უჭერს იეჰოვას მოწმეების რელიგიურ თავისუფლებას

ყირგიზეთის უზენაესი სასამართლო მხარს უჭერს იეჰოვას მოწმეების რელიგიურ თავისუფლებას

2014 წლის 4 სექტემბერი ყირგიზეთში იეჰოვას მოწმეებისთვის მნიშვნელოვანი დღე იყო. უზენაესი სასამართლოს საკონსტიტუციო პალატამ არაკონსტიტუციურად ცნო 2008 წელს რელიგიის შესახებ მიღებული კანონის * ზოგიერთი პუნქტი. გადაწყვეტილების თანახმად, იეჰოვას მოწმეებს აქვთ უფლება, თავისუფლად შეასრულონ თავიანთი რელიგიური მსახურება ყირგიზეთის სამხრეთ რეგიონებში, სადაც ბოლო ოთხი წლის მანძილზე არაერთხელ იყო უარყოფილი მათი იურიდიული სტატუსი.

1998 წელს ყირგიზეთის სახელმწიფომ რეგისტრაციაში გაატარა იეჰოვას მოწმეები, რის შემდეგაც ისინი მთელი ქვეყნის მასშტაბით თაყვანისმცემლობის გარკვეული თავისუფლებით სარგებლობდნენ. მაგრამ, მას შემდეგ, რაც 2008 წელს ძალაში შევიდა კანონი რელიგიის შესახებ, პოლიციამ არაერთხელ დაარბია იეჰოვას მოწმეების რელიგიური შეხვედრები ყირგიზეთის სამხრეთ რეგიონებში. ისინი ამტკიცებდნენ, რომ ამ რეგიონებში მოწმეების საქმიანობა „უკანონო“ იყო, რადგან არ იყვნენ ადგილობრივად დარეგისტრირებული. ამავდროულად, სახელმწიფო კომიტეტი, რომელიც რელიგიური საკითხებითაა დაკავებული, ბოროტად იყენებდა 2008 წელს რელიგიის შესახებ მიღებული კანონის ზოგიერთ პუნქტს, რათა ხელი შეეშალა იეჰოვას მოწმეებისთვის, რეგისტრაციაში გაეტარებინათ თავიანთი იურიდიული პირი. მაგრამ ამა წლის 4 სექტემბერს მიღებულმა ზემოაღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ყველაფერი მოწმეების სასარგებლოდ შეცვალა.

მნიშვნელოვანი იურიდიული მიღწევა

2008 წელს მიღებული კანონი კრძალავს იმ „რელიგიური ორგანიზაციის საქმიანობას“, რომელიც არ არის რეგისტრირებული (მუხლი 8 [2]). სახელმწიფო კომიტეტმა, რომელიც რელიგიური საკითხებითაა დაკავებული, ეს მუხლი თავის სასარგებლოდ გამოიყენა, რაც იმას მოიაზრებდა, რომ ადგილობრივი რეგისტრაციის გარეშე მოწმეები ვერ შეძლებდნენ თავიანთი რელიგიური მსახურების შესრულებას ყირგიზეთის ათობით ქალაქსა თუ დაბაში. იგივე კანონი მოითხოვდა, რომ რელიგიური ორგანიზაციის 200 დამფუძნებლისგან შემდგარი ნოტარიულად დამტკიცებული სია თავდაპირველად ადგილობრივი საქალაქო საბჭოსთვის წარედგინათ და იმ შემთხვევაში, თუ ეს საბჭო მოიწონებდა ამ სიას (მუხლი 10 [2]), ორგანიზაციას შეეძლო ზემოაღნიშნული კომიტეტისგან თავისი იურიდიული პირის რეგისტრაცია მოეთხოვა. ამან იეჰოვას მოწმეებს მდგომარეობა გაურთულა. იმისათვის, რომ ჰქონოდათ უფლება, თავიანთი რელიგიური შეხვედრები კანონიერად ჩაეტარებინათ, სახელმწიფო კომიტეტმა, რომელიც რელიგიური საკითხებითაა დაკავებული, მათგან ადგილობრივი რეგისტრაცია მოითხოვა. მაგრამ ვინაიდან ადგილობრივმა საბჭოებმა არ მოიწონეს რელიგიური ორგანიზაციის დამფუძნებლების სია, შეუძლებელი იყო მათი რეგისტრაციაში გატარება. ამან ზემოაღნიშნულ კომიტეტსა და ადგილობრივ სამართალდამცავებს საბაბი მისცა, იეჰოვას მოწმეების შევიწროება დაეწყოთ, რადგან ისინი ვერ აკმაყოფილებდნენ რეგისტრაციისთვის საჭირო მოთხოვნებს. შექმნილი მდგომარეობის გამო მოწმეებმა განცხადება შეიტანეს საკონსტიტუციო პალატაში, რათა ზემოაღნიშნული რელიგიის შესახებ კანონის ზოგიერთი პუნქტისთვის გადაეხედათ.

კონსტიტუციურმა პალატამ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ „ყველა რელიგიური გაერთიანება თანაბარუფლებიანია კანონის წინაშე და არც ერთი ადამიანი თუ რელიგიური ჯგუფი არ უნდა უპირატესობდეს სხვაზე“. სასამართლომ განაცხადა, რომ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ადგილობრივი საბჭოს მიერ რელიგიური ორგანიზაციის დამფუძნებელთა სიის დამტკიცების მოთხოვნა არაკონსტიტუციურია. სასამართლომ აგრეთვე დაადგინა, რომ რელიგიის შესახებ კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი „არასწორად“ იქნა გაგებული. მან განაცხადა, რომ რელიგიის თავისუფლების უფლება გარანტიას იძლევა, რომ რელიგიურ ორგანიზაციებს თავისუფლად შეუძლიათ თავიანთი რელიგიური მსახურება შეასრულონ ქვეყნის ნებისმიერ რეგიონში, როგორც ეს სადამფუძნებლო დოკუმენტშია განსაზღვრული. ყირგიზეთში იეჰოვას მოწმეების რელიგიური ცენტრის 1998 წლით დათარიღებული სადამფუძნებლო დოკუმენტი მათ იმის უფლებას აძლევდა, რომ თავიანთი საქმიანობა მთელ ქვეყანაში წარემართათ. ეს ნიშნავს, რომ იეჰოვას მოწმეებს ამჟამად თავისუფლად შეუძლიათ თავიანთი რელიგიური მსახურება შეასრულონ ყირგიზეთში ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე.

ამ გადაწყვეტილებამ შვება მოუტანა მოწმეებს

ყირგიზეთის სამხრეთ ნაწილში მოწმეები 4 სექტემბრის გადაწყვეტილებას სიხარულით შეხვდნენ. ეს განსაკუთრებული მოვლენა იყო ოქსანა კორიაკინასა და მისი დედისთვის, ნადეჟდა სერგიენკოსთვის, რომლებიც ქალაქ ოშში ცხოვრობენ. ისინი 2013 წლის მარტიდან მოყოლებული შინაპატიმრობაში იმყოფებოდნენ. მათ ბრალი ედებოდათ იმაში, რომ დანაშაული ჩაიდინეს მაშინ, როცა სხვებს თავიანთ რწმენას უზიარებდნენ. მათი უდანაშაულობის აშკარა მტკიცებულების მიუხედავად, ისინი იმაში დაადანაშაულეს, თითქოს მათ სამ ხანდაზმულ ქალბატონს ფული გამოსძალეს.

2014 წლის სექტემბერში ოშის საქალაქო სასამართლოში დაიწყო სასამართლო პროცესი ამ საქმის თაობაზე; ხოლო 2014 წლის 7 ოქტომბერს სასამართლომ ერთხმად ცნო უდანაშაულოდ ეს ორი მოწმე. მან დაადგინა, რომ მათ სრული უფლება აქვთ, მოითხოვონ კომპენსაცია უკანონოდ წაყენებული ბრალდების, დაკავებისა და შინაპატიმრობის გამო. ამ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ ეს ორი მოწმე რელიგიური შეუწყნარებლობისა და დისკრიმინაციის მსხვერპლი იყო და რომ ისინი უსამართლო მოპყრობის სამიზნე მცდარი განაცხადის გამო გახდნენ, თითქოს მათი საქმიანობა ქალაქ ოშში არალეგალური იყო, რადგან არ ჰქონდათ ადგილობრივი რეგისტრაცია. ოქსანა და ნადეჟდა სასამართლოს წინაშე თავის დასკვნით სიტყვაში დაეყრდნენ საკონსტიტუციო პალატის მიერ 4 სექტემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, იეჰოვას მოწმეების საქმიანობა ქალაქ ოშშსა და მთელ ყირგიზეთში კანონიერად ცნეს.

ოქსანა კორიაკინა და ნადეჟდა სერგიენკო

ადამიანის საყოველთაო უფლებების მხარდასაჭერად გადადგმული ნაბიჯი

იმით, რომ ყირგიზეთმა მხარი დაუჭირა გაერთიანებული ერების საერთაშორისო პაქტს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, მან საკუთარ თავზე აიღო იმის ვალდებულება, რომ ხელს შეუწყობს თავისი მოქალაქეების უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებს — რელიგიის ან მრწამსის, შეკრებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას. ყირგიზეთის უზენაესი სასამართლოს კონსტიტუციურმა პალატამ თავისი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებებით, რომელიც რელიგიის თავისუფლებას უჭერს მხარს, მტკიცედ დაიცვა ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები. ყირგიზეთში მცხოვრები დაახლოებით 5 000 მოწმე ძალიან მადლიერია იმ რელიგიური თავისუფლებისთვის, რომელიც მათ მიენიჭათ. ისინი ძალიან აფასებენ, რომ სახელმწიფომ იზრუნა ისეთი ინსტიტუტების დაარსებაზე, რომლებიც იცავენ და მხარს უჭერენ ადამიანის ძირითად თავისუფლებებს.

^ აბზ. 2 რელიგიის შესახებ კანონის სრული სახელწოდებაა „ყირგიზეთის რესპუბლიკის კანონი რელიგიისა და რელიგიური ორგანიზაციების თავისუფლების შესახებ ყირგიზეთში“