არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

უკრაინა

უკრაინა

უკრაინა

იეჰოვას მოწმეები უკრაინაში უკვე საუკუნეზე მეტია, რაც თავიანთ საქმიანობას ეწევიან. თუმცა ისინი ოფიციალურად რეგისტრაციაში 1991 წლის 28 თებერვალს გაატარეს; ეს მოხდა მანამდე ცოტა ხნით ადრე, სანამ უკრაინა დამოუკიდებლობას მოიპოვებდა.

ნაცისტური და საბჭოთა რეჟიმის დროს იეჰოვას მოწმეებს უკრაინაში სასტიკად დევნიდნენ. 1951 წლის 8 აპრილს საბჭოთა მთავრობამ 6 100-ზე მეტი მოწმე დასავლეთ უკრაინიდან ციმბირში გადაასახლა. 1965 წლის ივნისში, მას შემდეგ, რაც უკრაინის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ იეჰოვას მოწმეების ლიტერატურა რელიგიური შინაარსის იყო და არა ანტისაბჭოური, მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა. სამართალდამცავებმა შეწყვიტეს ხალხის დაპატიმრება იმის გამო, რომ მოწმეების მიერ გამოცემულ ლიტერატურას კითხულობდნენ, მაგრამ აპატიმრებდნენ მოწმეებს, რომლებიც სხვებს თავიანთ მრწამსს უზიარებდნენ. 1965 წლის სექტემბერში მთავრობამ ამნისტია გამოაცხადა, რომელიც შეეხო ციმბირში 1951 წელს გადასახლებულ ყველა მოწმეს, მაგრამ უმეტესობას არ მისცეს თავიანთ სამშობლოში დაბრუნების უფლება. სასტიკი დევნები 1980-იანი წლების დასაწყისამდე გაგრძელდა.

დღეს იეჰოვას მოწმეებს თავისუფლად შეუძლიათ ჩაატარონ თავიანთი რელიგიური შეხვედრები და სამართალდამცავების მხრიდან ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე იქადაგონ. მიუხედავად ამისა, მოწმეები ხშირად ხდებიან რელიგიური სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი ძალადობის მსხვერპლი. როდესაც ცალკეულ მოწმეს თავს ესხმიან ან მათი თაყვანისმცემლობის ადგილებზე ახორციელებენ თავდასხმებს, სამართალდამცავები თითქმის არაფერს აკეთებენ მოწმეების დასაცავად; ისინი არანაირ დამსჯელობით ზომებს არ იღებენ მოძალადეთა წინააღმდეგ. სამართალდამცავების უმოქმედობის გამო ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი მძვინვარებს; ამას უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში არსებული არეულობაც ემატება, რის გამოც მოწმეებზე თავდასხმები ხშირ ხასიათს იძენს.