არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2014 წლის 7 აპრილი
უზბეკეთი

იეჰოვას მოწმეების სასარგებლოდ შეიცვლება სიტუაცია უზბეკეთში?

იეჰოვას მოწმეების სასარგებლოდ შეიცვლება სიტუაცია უზბეკეთში?

უზბეკელი იეჰოვას მოწმეები იმედოვნებენ, რომ მალე საფრთხე აღარ შეექმნება მათ რელიგიურ თავისუფლებას. იგორ იურჩენკო, იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი უზბეკეთში, რომელიც 2013 წელს მთავრობის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა, აღნიშნავს: „აშკარაა, რომ უზბეკეთის მთავრობის დამოკიდებულება იეჰოვას მოწმეების მიმართ საგრძნობლად შეიცვალა და მომავალში სიტუაციის გაუმჯობესებას უნდა ველოდეთ. იმედი გვაქვს, რომ ეს მოლაპარაკებები კარგ შედეგებს მოიტანს“.

აბდუბანობ ახმედოვი

უზბეკეთის მთავრობამ 2013 წლის 2 მარტს ოთხ წელიწად-ნახევრიანი პატიმრობის შემდეგ ვადაზე ადრე გაათავისუფლა აბდუბანობ ახმედოვი, რომელსაც ექვს წელიწად-ნახევრით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. ის და კიდევ ორი მოწმე იმის გამო დააპატიმრეს, რომ რელიგიურ მსახურებას მშვიდობიანად ასრულებდნენ. ეს ორი მოწმე 2012 წელს, ძმა ახმედოვის გათავისუფლებამდე გამოუშვეს ციხიდან. ამჟამად უზბეკეთის ციხეში არც ერთი იეჰოვას მოწმე აღარ იმყოფება.

ძმა ახმედოვის გათავისუფლებიდან რამდენიმე თვის შემდეგ აშკარა გახდა, რომ უზბეკეთის მთავრობა ცდილობს, პატივი სცეს ადამიანის უფლებებს. 2013 წლის 5 ივლისს უზბეკეთის მთავრობამ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის სამუშაო ჯგუფს აცნობა, რომ მზად არის, ყოველგვარი მიკერძოების გარეშე ცნოს, როგორც ყველა თავისი ცალკეული მოქალაქის, ისე რელიგიური გაერთიანების უფლება, თავისუფლად შეასრულონ თავიანთი რელიგიური მსახურება.

ახალჩამოყალიბებული კრებების რეგისტრაციაში გატარების მცდელობა

მართალია, იეჰოვას მოწმეები უზბეკეთის ყველა მხარეში არიან, მაგრამ დღესდღეობით იქ მათი მხოლოდ ერთი კრებაა რეგისტრაციაში გატარებული, რომელიც ტაშკენტის ოლქში, კერძოდ, ქალაქ ჩირჩიკში ტარდება. ვინაიდან 1996 წლიდან მოყოლებული უზბეკეთში იეჰოვას მოწმეებს არ აძლევენ ახალჩამოყალიბებული კრებების რეგისტრაციაში გატარების უფლებას, მათ კანონი არ იცავს და შეიძლება პასუხიც კი აგებინონ. იგორ იურჩენკო დასძენს: „ვიმედოვნებთ, რომ მთავრობის წარმომადგენლებთან მიმდინარე მოლაპარაკებები ჩვენ სასარგებლოდ შეცვლის სიტუაციას უზბეკეთში და იმის ნებასაც დაგვრთავენ, რომ რეგისტრაციაში გავატაროთ კრებები“.

იეჰოვას მოწმეები მოუთმენლად ელიან იმ დროს, როცა ისინი უზბეკეთში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე შეძლებენ მშვიდობიანად შეკრებას და ახალჩამოყალიბებული კრებების რეგისტრაციაში გატარებას.