წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის 9 აგვისტო
სომხეთი

სომხეთში 16­-მა იეჰოვას მოწმემ წარმატებით დაასრულა ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური

სომხეთში 16­-მა იეჰოვას მოწმემ წარმატებით დაასრულა ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური

სომხეთში იეჰოვას მოწმე ახალგაზრდები დღეს ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურში მონაწილეობენ და ქვეყნის წინაშე თავიანთ ვალდებულებას პირნათლად ასრულებენ. თუმცა იყო დრო, როცა იეჰოვას მოწმე ახალგაზრდებს რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო აპატიმრებდნენ. 2013 წელს სომხეთის მთავრობამ კანონში ცვლილებები შეიტანა და მოქალაქეებს სამხედრო სამსახურის ნაცვლად ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შესრულების უფლება მისცა. დღეისათვის 200-ზე მეტი იეჰოვას მოწმეა ჩართული ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის პროგრამაში. 2016 წლის ივნისში 16-მა იეჰოვას მოწმემ დაასრულა ამ პროგრამაში მონაწილეობა.

ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის პროგრამა

სანამ იეჰოვას მოწმე ახალგაზრდები ახალ პროგრამაში ჩაერთვებოდნენ, სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო ციხეში სასჯელს იხდიდნენ. როცა ახალი კანონი ამოქმედდა, დაპატიმრებული მოწმეები გაათავისუფლეს და ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შესრულება დაავალეს. 2014 წლის იანვრიდან მათ მუშაობა დაიწყეს ქალაქის გამწვანებასა და ქუჩების დასუფთავებაზე. ზოგი მათგანი საავადმყოფოებში მედპერსონალის დამხმარედ მუშაობდა ან სხვა სახის სამუშაოს ასრულებდა.

ახალგაზრდები, რომლებმაც დაასრულეს ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური, მადლობას უხდიან მთავრობას იმისთვის, რომ მიეცათ საშუალება, შეესრულებინათ სხვადასხვა სახის სამუშაო — ეზრუნათ ქალაქის გალამაზებაზე და მათზე, ვინც დახმარებას საჭიროებდა. ახალი პროგრამის წყალობით სომხეთში იეჰოვას მოწმე ახალგაზრდებს არ ექნებათ ნასამართლევის სტატუსი და ისინი კვლავ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები იქნებიან.

22 წლის ახალგაზრდა, დავით არაკელიანი მოხუცებულთა სახლში მუშაობდა სანიტრად. ის ამბობს: „ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური დამეხმარა, უფრო სერიოზული, შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე ადამიანი გავმხდარიყავი. მიხარია, რომ ჩემი სამსახურით სხვებს ვეხმარებოდი. მოხუცებულთა სახლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მედპერსონალი და მაცხოვრებლები ხშირად გვაქებდნენ“. 22 წლის მიქაილ მანასიანი, რომელიც საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროში მუშაობდა, ამბობს: „სამოქალაქო სამსახურის შესრულების დროს ახალ ხელობას დავეუფლე, რაც სამომავლოდ გამომადგება. ქვეყნის წინაშე ჩემი ვალი ისე მოვიხადე, რომ საკუთარი მრწამსის წინააღმდეგ არ წავსულვარ“.

სხვა ქვეყნებიც მიიღებენ კანონს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ?

არც თუ ისე დიდი ხნის წინ სომხეთმა ცვლილება შეიტანა ქვეყნის კონსტიტუციაში და აღიარა მათი უფლებები, ვინც მრწამსის გამო სამხედრო სამსახურზე ამბობს უარს. კონსტიტუციის 41-ე (3) მუხლში, რომელიც ძალაში შევიდა 2015 წლის დეკემბერში, ნათქვამია: „თითოეულ მოქალაქეს აქვს უფლება, შეასრულოს ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური, თუ მისი მრწამსი ნებას არ რთავს მას, მონაწილეობა მიიღოს სამხედრო სამსახურში“. ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ მოიწონა სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილება კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და განაცხადა, რომ სომხეთმა სისრულეში მოიყვანა ბაიათიანის * საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება.

სომხეთმა დააკმაყოფილა საერთაშორისო სტანდარტები, იმით რომ დანერგა პროგრამა ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შესახებ. წარსულში სომხეთი სჯიდა მათ, ვინც მრწამსის გამო უარს აცხადებდა სამხედრო სამსახურზე, დღეს კი ის პატივს სცემს ადამიანის სინდისის თავისუფლების უფლებას. სომხეთი კარგი მაგალითია იმ ქვეყნებისთვის, სადაც ახალგაზრდები რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო ისჯებიან. სომხეთის მაგალითი ცხადყოფს, რომ ამ პროგრამის დანერგვას სიკეთე მოაქვს როგორც სახელმწიფოსთვის, ისე მისი მოქალაქეებისთვის.

სომხეთში იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელმა, ტიგრან არუთინიანმა განაცხადა: „მოხარულები ვართ, რომ სომხეთის მთავრობამ პოზიტიური ნაბიჯები გადადგა ადამიანის ძირითადი უფლებების დასაცავად. დღეს აქ იეჰოვას მოწმე ახალგაზრდებს შეუძლიათ სახელმწიფოს წინაშე თავიანთი ვალდებულება ისე შეასრულონ, რომ სხვებს სიკეთე გაუკეთონ და ამავე დროს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ არ წავიდნენ.“

^ აბზ. 8 2011 წელს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება საქმეზე „ბაიათიანი სომხეთის წინააღმდეგ“ ([GC], № 23459/03, ECHR 2011). ეს იყო ისტორიული მნიშვნელობის გადაწყვეტილება. სასამართლომ დაადგინა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის მე-9 მუხლი (აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება) იცავს ადამიანის უფლებას, რელიგიური მოსაზრებით უარი თქვას სამხედრო სამსახურზე.