არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2014 წლის 14 ოქტომბერი
საქართველო

ქართველმა იეჰოვას მოწმეებმა ევროპულ სასამართლოში გამარჯვება მოიპოვეს

ქართველმა იეჰოვას მოწმეებმა ევროპულ სასამართლოში გამარჯვება მოიპოვეს

2014 წლის 7 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება საქართველოში მცხოვრები იეჰოვას მოწმეების სასარგებლოდ მიიღო. საქმე „ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ სასამართლოში დაახლოებით 12 წლის წინ შეიტანეს. სარჩელი ეხებოდა 99 ადამიანზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის 30 შემთხვევას. დაზარალებულთა შორის ერთის გარდა ყველა იეჰოვას მოწმე იყო. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ პოლიციის თანამშრომლები რამდენჯერმე დაესხნენ თავს მოწმეებს, როცა ისინი ფართომასშტაბიან შეხვედრებს ატარებდნენ. ამას რელიგიური სიძულვილის ნიადაგზე განხორციელებული სხვა ძალადობრივი ქმედებებიც მოჰყვა; მოწმეებს თავს ესხმოდნენ როგორც საკუთარ სახლებში, ისე სასამართლო დარბაზებსა თუ ქუჩებში.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ მოწმეებმა დაახლოებით 160 საჩივარი შეიტანეს და საქართველოში სამართალდამცავი ორგანოებისგან საქმის გამოძიების დაწყებას მოითხოვდნენ; მოწმეებს იმიტომ შეჰქონდათ საჩივარი, რომ მათზე ზოგი თავდასხმა უშუალოდ პოლიციის თანამშრომლების და სხვა საჯარო მოხელეების მონაწილეობით ხორციელდებოდა. თუმცა არც ერთი ეს საჩივარი არ დაკმაყოფილებულა და არც შესაბამისი ზომები იქნა მიღებული. რადგან დამნაშავეები სათანადოდ არ ისჯებოდნენ, მათ უფრო მეტის უფლება მისცეს საკუთარ თავს და კვლავ აგრძელებდნენ თავდასხმებს.

ზუგდიდში იეჰოვას მოწმეების რელიგიური შეხვედრის დროს განხორციელებული თავდასხმა (2000 წლის 8 სექტემბერი)

მაგალითად, 2000 წლის 8 სექტემბერს დაახლოებით 700 მოწმე ქალაქ ზუგდიდში ერთად იყო შეკრებილი თავიანთ რელიგიურ შეხვედრაზე, როცა მოულოდნელად ნიღბიანი პოლიციის თანამშრომლები დაესხნენ თავს და ცეცხლს მისცეს ის ნაგებობა, რომელიც სპეციალურად ასეთი შეხვედრებისთვის იყო აგებული. თავდასხმის დროს მათ დაახლოებით 50 იეჰოვას მოწმე სცემეს. დაზარალებულმა მოწმეებმა მაშინვე შეიტანეს საჩივარი, მაგრამ უფლებამოსილმა პირებმა უარი თქვეს თავდამსხმელთა პასუხისგებაში მიცემაზე და არ დაიცვეს დაზარალებულთა უფლებები.

ევროპული სასამართლო გმობს საქართველოს მთავრობის უმოქმედობას

რამდენადაც საქართველოში სამართალდამცავმა ორგანოებმა არ მოახდინეს მყისიერი რეაგირება, არ გამოიძიეს მომხდარი და დამნაშავეები დაუსჯელები დატოვეს, დაზარალებულებმა გადაწყვიტეს, 2002 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეეტანათ სარჩელი, რომელშიც რამდენიმე შემთხვევა იყო გაერთიანებული.

ევროპული სასამართლოს 7 ოქტომბრით დათარიღებულ გადაწყვეტილებაში აღნიშნული იყო, რომ „საქართველოს მთავრობამ ხელი შეუწყო ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომის გაბატონებას, რის შედეგადაც მოწმეებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით თავდასხმები ხორციელდებოდა“. სასამართლომ აგრეთვე შენიშნა, რომ ეს ძალადობრივი თავდასხმები „იეჰოვას მოწმეების მიმართ რელიგიური შეუწყნარებლობის ნიადაგზე ხდებოდა“ და ასეთი დამოკიდებულება შეინიშნებოდა სამართალდამცავების მხრიდანაც, რაც ადასტურებდა, რომ მთავრობა აშკარად იწყნარებდა ძალადობას.

„საქართველოს მთავრობამ ხელი შეუწყო ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომის გაბატონებას, რის შედეგადაც მოწმეებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით თავდასხმები ხორციელდებოდა“

(„ბეღელური და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“, №28490/02, 2014 წლის 7 ოქტომბერი, გვ. 40, აბზ. 145)

საბოლოოდ, ევროპის სასამართლომ დაადანაშაულა საქართველოს მთავრობა იმაში, რომ ავიწროებდა და არღვევდა 88 მოსარჩელის რელიგიის თავისუფლების უფლებას, რომელთაგან 47-ის წინააღმდეგ განხორციელდა არაადამიანური ქმედებები. ევროპული სასამართლო მოითხოვს საქართველოს მთავრობისგან, მეტად აღარ დაუშვას ქვეყანაში ისეთი ძალადობის ფაქტები, რომელთა შესახებაც თავად სასამართლომ დაადასტურა, აგრეთვე აღმოფხვრას ჩადენილი ძალადობის შედეგები და აანაზღაუროს თავისი უმოქმედობის და რელიგიური შეუწყნარებლობის გამო მოწმეებისთვის მიყენებული ზარალი. სასამართლომ მთავრობას დაზარალებულთათვის მიყენებული მორალური ზიანის და იურიდიული ხარჯების ასანაზღაურებლად 45 000-ზე მეტი ევროს გადახდა დააკისრა.

გაუმჯობესებული მდგომარეობა საქართველოში

მართალია, 2004 წლის შემდეგ იეჰოვას მოწმეების მდგომარეობა საქართველოში საგრძნობლად გაუმჯობესდა, მაგრამ კვლავაც ფიქსირდება თავდასხმისა და შევიწროების ცალკეული შემთხვევები. 2013 წელს იეჰოვას მოწმეებზე განხორციელებული ძალადობრივი ქმედების 53 შემთხვევა დაფიქსირდა. ბეღელურის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება ავალდებულებს საქართველოს მთავრობას, თავის მოქალაქეებზე განხორციელებული თავდასხმების შემთხვევაში დაუყოვნებლივ იმოქმედოს და საფუძვლიანი გამოძიება აწარმოოს. იეჰოვას მოწმეები იმედოვნებენ, რომ საქართველოს მთავრობა არ იქნება მიკერძოებული და სათანადო ზომებს მიიღებს მათ წინააღმდეგ, ვინც რელიგიურ ნიადაგზე ჩადის დანაშაულს.