არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეები სტენდებით ქადაგებენ მშვიდობის ხიდთან (თბილისი)

2017 წლის 21 თებერვალი
საქართველო

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მხარს უჭერს იეჰოვას მოწმეების რელიგიის თავისუფლების უფლებას საქართველოში

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მხარს უჭერს იეჰოვას მოწმეების რელიგიის თავისუფლების უფლებას საქართველოში

საქართველოში იეჰოვას მოწმეებს აქვთ იურიდიული სტატუსი და ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე ასრულებენ თავიანთ რელიგიურ საქმიანობას. თუმცა წლების წინ ამ ქვეყანაში მკვეთრად განსხვავებული სიტუაცია იყო. 1999—2003 წლებში მთავრობა ნებას რთავდა რელიგიურ ფანატიკოსებს, თავს დასხმოდნენ იეჰოვას მოწმეებს, ხოლო დამნაშავეებს დაუსჯელს ტოვებდა.

სასტიკი დევნებისა და ქვეყანაში გამეფებული უსამართლობის გამო იეჰოვას მოწმეებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს რამდენიმე საჩივრით მიმართეს. ერთ-ერთი საჩივარი საქმეზე „ცარციძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ ეხებოდა 2000-2001 წლებში მომხდარ 3 შემთხვევას. საჩივარში აღნიშნული იყო, რომ ადგილი ჰქონდა იეჰოვას მოწმეებზე ბრბოს თავდასხმას, რელიგიური შეხვედრების დარბევას, ქონების ხელყოფას და პოლიციის მხრიდან ფიზიკურ თუ სიტყვიერ შეურაცხყოფას.

2017 წლის 17 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ცარციძის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. მან დაადგინა, რომ იეჰოვას მოწმეების უფლებები საქართველოში უხეშად იქნა დარღვეული. ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ საქართველოს პოლიცია ან თავად ახორციელებდა იეჰოვას მოწმეებზე თავდასხმებს, ან არაფერს აკეთებდა დაზარალებულთა დასაცავად. სასამართლომ აგრეთვე დაადგინა, რომ საქართველოში მოსამართლეებმა არაფერი იღონეს იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ მიმართული აგრესიის შესაჩერებლად, რადგან მოწმეებისადმი უარყოფითად იყვნენ განწყობილნი და ფაქტებს ზერელედ ეკიდებოდნენ.

ევროპული სასამართლო უკვე მესამედ ადანაშაულებს საქართველოს მთავრობას

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებული ეს უკვე მესამე გადაწყვეტილებაა „მთელი ქვეყნის მასშტაბით იეჰოვას მოწმეების რელიგიური ნიშნით დევნის ფაქტებზე“, რასაც 1999—2003 წლებში ჰქონდა ადგილი. ევროპულმა სასამართლომ უკვე მესამედ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ არ იმოქმედა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თანახმად — უსამართლოდ მოეპყრო იეჰოვას მოწმეებს და უხეშად დაარღვია მათი რელიგიის თავისუფლების უფლება.

ევროპულმა სასამართლომ საქართველოში იმდროინდელი მდგომარეობა შემდეგი სიტყვებით შეაფასა: „უფლებამოსილი პირები იწყნარებდნენ იეჰოვას მოწმეებზე ძალადობას და სხვებსაც აქეზებდნენ ამისკენ, ზოგჯერ კი თავად ესხმოდნენ თავს იეჰოვას მოწმეებს. ამგვარი ქმედებებით მთავრობამ ხელი შეუწყო ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომის გაბატონებას, რის შედეგადაც მოწმეებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდებოდა თავდასხმები.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მხარს უჭერს რელიგიის თავისუფლების უფლებას

ქვემოთ აღწერილია ის სამი შემთხვევა, რომლებიც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა. თითოეული ინციდენტის დროს პოლიცია უშუალოდ იღებდა მონაწილეობას იეჰოვას მოწმეებზე თავდასხმაში.

  • 2000 წლის 2 სექტემბერს ქუთაისში პოლიციამ იეჰოვას მოწმე გია ძამუკოვი დააკავა და განყოფილებაში გადაიყვანა. პოლიციის თანამშრომლებმა ძამუკოვს წაართვეს რელიგიური ლიტერატურა და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. მეორე დღეს ერთი პოლიციელი კიდევ ერთ იეჰოვას მოწმეს, ვლადიმერ გაბუნიას, ფიზიკურად გაუსწორდა და რელიგიური ლიტერატურა დაუხია.

  • 2000 წლის 26 ოქტომბერს მარნეულში პოლიციამ ჩაშალა იეჰოვას მოწმეების რელიგიური შეხვედრა და რელიგიური ლიტერატურის კონფისკაცია მოახდინა. მათ დააკავეს და პოლიციის განყოფილებაში წაიყვანეს ალექსანდრე მიკირტუმოვი, რომელიც შეხვედრას უძღვებოდა, და ბინალი ალიევი რომლის სახლშიც ეს რელიგიური შეხვედრა ტარდებოდა. მოგვიანებით პოლიციელებმა მიკირტუმოვი ჩასვეს მანქანაში, ქალაქგარეთ გაიყვანეს და უბრძანეს, იქ აღარ დაბრუნებულიყო. გარდა ამისა, მათ ალიევი გააფრთხილეს, მის სახლში მეტად აღარ ჩაეტარებინათ რელიგიური შეხვედრა.

  • 2001 წლის 27 მარტს ქალაქ რუსთავში მართლმადიდებელი ექსტრემისტები შეიჭრნენ ჯიმშერ გოგელაშვილის სახლში, სადაც რელიგიური მსახურება მიმდინარეობდა. მათ დამსწრეებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და აიძულეს, რომ იქაურობა დაეტოვებინათ. ბრბომ იეჰოვას მოწმეებს რელიგიური ლიტერატურა ჩამოართვა და მეორე დღეს საჯაროდ, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაწვა. პოლიციამ არაფერი იღონა დაზარალებულთა დასაცავად.

თითოეულ შემთხვევაში იეჰოვას მოწმეებმა თავიანთი უფლებების დასაცავად ადგილობრივ სასამართლოებს მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, მოსამართლეებმა მიკერძოება გამოავლინეს — პოლიციის მხარე დაიკავეს და დაზარალებულთა სამხილები უგულებელყვეს. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ადგილობრივი სასამართლოების დამოკიდებულება იეჰოვას მოწმეთა საქმეების განხილვასთან დაკავშირებით შემდეგი სიტყვებით შეაფასა:

მოსამართლეები ზერელედ და ცალმხრივად უდგებოდნენ საქმეს; ისინი მხოლოდ სამართალდამცავების აზრს ითვალისწინებდნენ და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უგულებელყოფდნენ იეჰოვას მოწმეების არგუმენტებს მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით. შედეგად, სასამართლო სისტემა ხელს უწყობდა იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების ჩადენას.

ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-9 (რელიგიის თავისუფლების უფლება) და მე-14 (დისკრიმინაციის აკრძალვა) მუხლების დარღვევაში დაადანაშაულა და მოწმეებისთვის ზარალის ასანაზღაურებლად ჯარიმის სახით 11 000 ევრო (11 840 აშშ დოლარი), ხოლო იურიდიული ხარჯების დასაფარად 10 000 ევრო (10 762 აშშ დოლარი) დააკისრა.

რა გავლენას იქონიებს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთსა და აზერბაიჯანზე?

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მსგავსი გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა გლდანისა და ბეღელურის საქმეებზე, აგრეთვე რუსეთში კუზნეცოვისა და კრუპკოს საქმეებზე. იეჰოვას მოწმეები მადლიერნი არიან, რომ საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა ევროპული სასამართლოს რეკომენდაციები, რომლებიც გლდანისა და ბეღელურის საქმეებს ეხებოდა. შედეგად, დღეს საქართველოში იეჰოვას მოწმეების რელიგიის თავისუფლების უფლება დაცულია, რაც საშუალებას აძლევს მათ, რომ მშვიდობიან პირობებში შეასრულონ რელიგიური მსახურება — შეიკრიბონ თაყვანისმცემლობის მიზნით და საკუთარი მრწამსი სხვებს გაუზიარონ.

საერთაშორისო სამართლის იურისტი ანდრე კარბონო, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა როგორც ცარციძის საქმეზე გამართულ ადგილობრივ სასამართლო პროცესებში, ისე ევროპულ სასამართლოში წარსადგენი საჩივრის მომზადებაში, აღნიშნავს: „ამ სამართლიანი გადაწყვეტილებით ევროპულმა სასამართლომ ცალსახად დაადასტურა, რომ ის არ შეიწყნარებს თავის იურისდიქციის ქვეშ მყოფი ქვეყნების ქმედებას, რომელიც ხელს უწყობს ან მხარს უჭერს რელიგიურ დისკრიმინაციას. იეჰოვას მოწმეები მოხარულნი არიან, რომ საქართველოს მთავრობა ითვალისწინებს ევროპული სასამართლოს მოთხოვნებს, რის შედეგადაც მათ შეუძლიათ თავისუფლად შეასრულონ თავიანთი რელიგიური მსახურება. ვიმედოვნებთ, რომ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება ერთგვარი გზავნილი იქნება ევროსაბჭოს წევრი სხვა ქვეყნებისთვის, მათ შორის რუსეთისთვის“.

ევროპული სასამართლოს ეს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილება მხარს უჭერს მოწმეების უფლებას, მშვიდობიანად შეიკრიბონ თაყვანისმცემლობის მიზნით და საკუთარი მრწამსი გაუზიარონ სხვებს. მთელ მსოფლიოში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები იმედოვნებენ, რომ ეს გადაწყვეტილება გავლენას იქონიებს ევროპულ სასამართლოში ამჟამად განხილვის ეტაპზე მყოფ დავებზე რუსეთისა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ.