არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის 12 ოქტომბერი
სამხრეთი კორეა

სამხრეთ კორეაში რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო ნასამართლევი ადამიანების დისკრიმინაცია დღემდე გრძელდება

სამხრეთ კორეაში რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო ნასამართლევი ადამიანების დისკრიმინაცია დღემდე გრძელდება

2016 წლის იანვარში სამხრეთ კორეაში მცხოვრები ჰიონ-ჯუნ გვონი და გვანგ-თეკ ოჰი იაპონიაში გაემგზავრნენ დასასვენებლად. ისინი იაპონიაში ნაგოიას აეროპორტში თავიანთ რიგს ელოდნენ, რათა ქვეყანაში შესვლამდე საბოლოო შემოწმება გაევლოთ. მათ ვერც კი წარმოედგინათ, რა პრობლემებს შეიძლება შეხვედროდნენ. საბუთების შემოწმებისას საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ ისინი წარსულში სისხლის სამართლის დამნაშავეები იყვნენ და გვონსა და ოჰს დაკითხვა მოუწყვეს.

ჰიონ-ჯუნ გვონმა და გვანგ-თეკ ოჰმა საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებს აუხსნეს, რომ ისინი რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო გაასამართლეს. მათ ისიც თქვეს, რომ საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, მრწამსის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმა ადამიანის ძირითადი უფლებაა. მიუხედავად ამისა, საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებმა გვონსა და ოჰს ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცეს. ამ მამაკაცებმა სამხრეთ კორეაში იაპონიის საკონსულოს მიმართეს დახმარებისთვის, მაგრამ უშედეგოდ. ისინი მწარე რეალობის წინაშე აღმოჩნდნენ — ნასამართლეობა დღემდე დიდ პრობლემებს უქმნის მათ და არავინ იცის, კიდევ რა გავლენას იქონიებს ეს ამ ახალგაზრდების ცხოვრებაზე.

დისკრიმინაციის მსხვერპლნი

სამხრეთ კორეაში მათ, ვინც მრწამსის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსხურზე, მხოლოდ ორი არჩევანი აქვთ — ან ჯარში წავიდნენ, ან ციხეში. სამხრეთი კორეა უხეშად არღვევს საერთაშორისო პაქტით აღიარებულ ადამიანის უფლებებს, რადგან არანაირ ალტერნატივას არ სთავაზობს ამ ადამიანებს. * უფრო მეტიც, ის უარს აცხადებს, ნასამართლეობა მოუხსნას მათ, ვინც რელიგიური მოსასზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო იყო დაპატიმრებული. ყოველივე ზემოაღნიშნულის გამო, ისინი დღესაც ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლი — მათ უჭირთ სამსახურის შოვნა და სხვა ქვეყანაში მოგზაურობა, იაპონიაშიც კი, რომელსაც სამხრეთ კორეელები ხშირად სტუმრობენ.

სამხრეთ კორეაში რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო ნასამართლევი არაერთი მამაკაცი ხვდება მსგავს სირთულეებს. 2011 წლის დეკემბერში ჯინ-მო კანგი და მისი იაპონელი მეუღლე, კოტომი იაპონიაში გაემგზავრნენ კოტომის მშობლების მოსანახულებლად. წარსულში ნასამართლევ ჯინ-მოს ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცეს. ამის ნება მხოლოდ კოტომის დართეს. ჯინ-მომ კვლავ სცადა იაპონიაში გამგზავრება, მაგრამ საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლებისგან ამჯერადაც უარი მიიღო.

გამონაკლისი შემთხვევა

იაპონიის მთავრობა ადამიანს, რომელიც რწმენის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე, არასასურველ პირად მიიჩნევს და ქვეყანაში შესვლის უფლებას არ აძლევს. თუმცა სამხრეთ კორეაში იაპონიის საელჩომ გამონაკლისი დაუშვა და ზემოთ მოხსენიებულ გვანგ-თეკ ოჰს ვიზა მისცა. ოჰმა საკონსულოს თანამშრომლებს წარუდგინა იაპონიაში მცხოვრები მეგობრებისგან გამოგზავნილი მოწვევა, სადაც აღნიშნული იყო, რომ მეგობრები უზრუნველყოფდნენ მას საცხოვრებლითა თუ სხვა აუცილებლით. შედეგად, 2016 წლის ივლისის დასაწყისში ოჰს იაპონიაში შესვლის ნება დართეს.

იაპონიისგან განსხვავებით, ბევრი დემოკრატიული ქვეყანა მათ, ვინც მრწამსის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე, ბოროტმოქმედებად არ მიიჩნევს და ნასამართლეობის მიუხედავად, თავის ქვეყანაში შესვლის უფლებას აძლევს. მეტიც, ზოგი ქვეყანა მათ თავშესაფარს სთავაზობს. მაგალითად, ავსტრალიამ, კანადამ და საფრანგეთმა თავშესაფარი მისცეს იმ სამხრეთ კორეელ მამაკაცებს, რომლებმაც მრწამსის გამო უარი თქვეს სამხედრო სამსახურზე. ახლახან გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ რეზოლუცია გამოსცა და სახელმწიფოებს მოუწოდა, თავშესაფარი მისცეს მათ, ვინც დისკრიმინაციის მსხვერპლი ხდება რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო თავის ქვეყანაში. ქვეყანაში, სადაც არანაირი ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის პროგრამა არ არსებობს ან თუ არსებობს, ის მიუღებელია მათთვის, ვინც მრწამსის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე. *

იეჰოვას მოწმეების ადვოკატები თანამშრომლობენ იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რათა როგორმე გამოსავალი იპოვონ. ანდრე კარბონო, საერთაშორისო სამართლის იურისტი, ასეთ რამეს ამბობს: „ვინაიდან გვანგ-თეკ ოჰს იაპონიაში შესვლის უფლება მისცეს, ეს ნიშნავს, რომ ამ პრობლემის მოგვარება სავსებით შესაძლებელია. იაპონიის სახელმწიფო ორგანოებმა უნდა აღიარონ, რომ ისინი, ვინც მრწამსის გამო უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე, არ არიან ბოროტმოქმედები და მათ, ვისაც რწმენის გამო აქვთ ნასამართლეობის სტატუსი, ქვეყანაში შესვლის უფლება უნდა მისცენ“.

დაესმება წერტილი უსამართლობას სამხრეთ კორეაში?

საერთაშორისო საზოგადოება მათ, ვინც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე, არ მიიჩნევს სისხლის სამართლის დამნაშავეებად. 2006 წლიდან მოყოლებული გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა არაერთხელ განაცხადა, რომ სამხრეთი კორეა უსამართლოდ აპატიმრებს მათ, ვინც მრწამსის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე. კომიტეტმა აგრეთვე დაადგინა, რომ სამხრეთი კორეა თვითნებურად აპატიმრებს ამ ახალგაზრდებს. მან ისიც განაცხადა, რომ „მთავრობა ვალდებულია, მიიღოს საკანონმდებლო ზომები, რათა დაიცვას მათი უფლებები, ვინც მრწამსის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე“. უფრო მეტიც, ზემოაღნიშნულმა კომიტეტმა სამხრეთ კორეის მთავრობას მოუწოდა ნასამართლეობა მოუხსნას, მათ ვინც რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო იხდიდა სასჯელს. *

სამხრეთი კორეა დღემდე არ ასრულებს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მოთხოვნებს. როგორც უკვე ცნობილია, სამხრეთ კორეამ იტვირთა სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტით და ამავე პაქტის არასავალდებულო ხასიათის პროტოკოლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება. ამიტომ იგი ვალდებულია გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის გადაწვეტილებების თანახმად იმოქმედოს მაშინაც კი, თუ ეს გადაწყეტილება ეწინააღმდეგება ქვეყნის კანონმდებლობას.

სანამ სამხრეთი კორეა საერთაშორისო სტანდარტების თანახმად იმოქმედებს და აღიარებს მათ ძირითად უფლებებს, ვინც მრწამსის გამო უარს აცხადებს სამხედრო სამსახურზე, ნასამართლეობის სტატუსის მქონე ასობით კორეელი კვლავ გახდება შეურაცხყოფისა და დევნის მსხვერპლი საკუთარ ქვეყანაში. * იეჰოვას მოწმეები იმედოვნებენ, რომ სამხრეთი კორეა აღიარებს, მათ უფლებებს, ვინც მრწამსის გამო უარს აცხადებს სამხედრო სამსახურზე და შეწყვეტს მათ დადანაშაულებას, ვინც საკუთარი სინდისით მოქმედებს. სამხრეთ კორეელები, მათ შორის ჰიონ-ჯუნ გვონი და გვანგ-თეკ ოჰი არ კარგავენ იმედს, რომ იაპონიის ხელისუფლება საერთაშორისო სტანდარტების თანახმად იმოქმედებს და ქვეყანაში შესვლის უფლებას მისცემს მათ, ვინც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე.

^ აბზ. 5 სამხრეთი კორეა ერთ-ერთია იმ ოთხი ქვეყნიდან, რომელიც იეჰოვას მოწმეებს სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო აპატიმრებს. მრავალი ქვეყანა, სადაც მოქალაქეები ვალდებული არიან სამხედრო სამსახური გაიარონ, პატივს სცემს მათ უფლებებს, ვინც მრწამსის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე და ამ ახალგაზრდებს მათთვის მისაღებ ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურს სთავაზობს.

^ აბზ. 9 ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია 24/17 „რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმა“, 2013 წლის 8 ოქტომბერი.

^ აბზ. 12 ადამიანის უფლებათა საბჭოს დადგენილება № 1642-1741/2007, Jeong et al v. The Republic of Korea, 2011 წლის 4 მარტი.

^ აბზ. 14 ბოლო 5 წლის განმავლობაში სამხრეთ კორეის მთავრობამ 2 701 იეჰოვას მოწმე დააპატიმრა რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო.