წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2014 წლის 16 ივნისი
სამხრეთი კორეა

მოსამართლეები საკუთარი სინდისის წინააღმდეგ მიდიან

მოსამართლეები საკუთარი სინდისის წინააღმდეგ მიდიან

ქალაქ სუვონის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარე ცრემლებს ვერ იკავებდა, როდესაც სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო 21 წლის იეჰოვას მოწმის, ჩანგ-ჯო-იმის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს კითხულობდა. საინტერესოა, რომ ამ მოსამართლემ ამავე დღეს სისხლის სამართლის სხვა ხუთ საქმეზე გამოტანილი განაჩენი ისე გამოაცხადა, რომ წარბიც არ შეუხრია, მაგრამ რაც შეეხება ზემოხსენებულ საქმეს, ეს ქალბატონი იმდენად შეძრა ამ უსამართლო გადაწყვეტილებამ, რომ ცრემლების გარეშე ვერ შეძლო განაჩენის წაკითხვა. ამ მოსამართლეს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა — ის იძულებული იყო, ამ ახალგაზრდა მოწმისთვის 18-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.

სამხრეთ კორეაში მოსამართლეები ყოველთვიურად დგებიან მსგავსი რეალობის წინაშე — ისინი იძულებულნი არიან, ნებისმიერ ახალგაზრდას, რომელიც საკუთარი რელიგიური მოსაზრებიდან გამომდინარე სამხედრო სამსახურზე ამბობს უარს, ყველანაირი გარემოების გათვალისწინების გარეშე 18-თვიანი პატიმრობა მიუსაჯონ. ერთმა მოსამართლემ, იონგ-სიკ კიმმა ასეთი სიტყვები თქვა, როცა ერთი იეჰოვას მოწმის წინააღმდეგ გამოტანილ განაჩენს კითხულობდა: «მოსამართლეთაგან ცოტა თუ ფიქრობს, რომ „ბოროტმოქმედებს“ სჯის, როცა განაჩენი გამოაქვს მათ წინააღმდეგ, ვინც სამხედრო სამსახურზე ამბობს უარს». ამ მოსამართლემ, რომელსაც საკუთარი სინდისი მოსვენებას არ აძლევდა, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, რამდენად სწორი იყო მოწმეების გასამართლება იმ კანონის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც ისჯება სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება.

სამხრეთი კორეა არ აღიარებს მათ უფლებას, ვინც რწმენის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე და არც ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურს ითვალისწინებს მათთვის. ამიტომ ამ ქვეყანაში მოსამართლეები ყოველთვის დგებიან ამ პრობლემის წინაშე და იძულებულნი არიან, ზემოხსენებულ კატეგორიაში შემავალი ახალგაზრდები, როგორც ბოროტმოქმედები, ისე გაასამართლონ. მოსამართლეებმა აგრეთვე კარგად იციან, თუ რა აღნიშნა გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტმა იმ საქმეების თაობაზე, რომელიც 501 ახალგაზრდის საქმეს ეხება; ამ კომიტეტმა დაადგინა, რომ სამხრეთი კორეა არღვევს საერთაშორისო სტანდარტებს და პატივს არ სცემს ადამიანის ძირითად უფლებას, რადგან ასამართლებს და აპატიმრებს მათ, ვინც რწმენის გამო უარს აცხადებს სამხედრო სამსახურზე. შედეგი ისაა, რომ დღითიდღე მატულობს იმ მოსამართლეთა რიცხვი, რომელთაც სინდისი აწუხებთ, როდესაც თავისუფლების აღკვეთას უფარდებენ ახალგაზრდა ქრისტიან მამაკაცებს, რომელთაც საკუთარი სინდისი ნებას არ რთავს, სამხედრო ვალდებულება მოიხადონ.

ექვსი საოლქო სასამართლოს მოსამართლეებმა საქმეები, რომლებიც ეხება მათ, ვინც საკუთარი რელიგიური მოსაზრების გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე, განსახილველად წარუდგინეს სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლოს მიუხედავად იმისა, რომ ამ უკანასკნელმა არც თუ ისე დიდი ხნის წინ, კერძოდ 2011 წელს, აღიარა, რომ კანონი სამხედრო სამსახურის შესახებ შესაბამისობაში იყო მოქმედ კონსტიტუციასთან. აღსანიშნავია, რომ მოსამართლეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აქტუალურ პრობლემებსაც გადაწყვეტს.

რას ამბობს ზოგი მოსამართლე იმის თაობაზე ...

  • არის თუ არა მორალურად გამართლებული მათი დაპატიმრება, ვინც რწმენის გამო ამბობს უარს სამხედრო სამსახურზე

    „კონსტიტუცია აზრის, სინდისისა და რწმენის თავისუფლების უფლებას, როგორც ადამიანის ძირითად უფლებას, უმთავრესად იმიტომ იცავს, რომ ადამიანს შეეძლოს საკუთარი სინდისის კარნახით მოქმედება, რაც, თავის მხრივ, იმას უწყობს ხელს, რომ არ შეილახოს მისი ღირსება ... მართალია, მათი გადაწყვეტილება, ვინც უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე, მიუღებელია უმრავლესობისთვის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ისინი ანტისაზოგადოებრივ ან ანტიეროვნულ ქმედებას ახორცილებენ, რის გამოც მათ წინააღმდეგ მკაცრი ზომები უნდა იქნას მიღებული და ისე დაისაჯონ, როგორც სისხლის სამართლის დამნაშავეები“ (მოსამართლე ჰიე-ვონ ლიმი, სუვონის საოლქო სასამართლო, 2013 წლის 21 თებერვალი, 2012Chogi2381).

    „ადამიანის პიროვნულად ჩამოყალიბებაში გადამწყვეტ როლს თამაშობს ის, თუ როგორი ურთიერთობა არსებობს მასსა და სხვებს შორის ... [და] არის თუ არა მისი ღირსება დაცული. ადამიანმა შეიძლება გადაწყვიტოს, მაშინაც კი არ მოუსწრაფოს ვინმეს სიცოცხლე, როცა შეიარაღებულ დაპირისპირებასთან გვაქვს საქმე. და თუ ისინი [ვინც ასეთი გადაწყვეტილება მიიღო] იძულებულნი არიან, მოიხადონ სამხედრო ვალდებულება ან ხელში აიღონ იარაღი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ვერანაირად ვერ აირიდებენ მკაცრ სასჯელს თავიდან, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ხელვყოფთ მათ უფლებებს და ფეხქვეშ ვთელავთ მათ მეობას (მოსამართლე იონგ-ჰუნ კანგი, სეულის საოლქო სასამართლო, 2013 წლის 14 იანვარი, 2012Chogi1554).

  • უქმნის თუ არა საფრთხეს ეროვნულ უსაფრთხოებას მათი უფლებების აღიარება, ვინც უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე

    „არ არსებობს იმის საფუძველი და არც არანაირი ფაქტები გვაქვს ხელთ, რაც ცხადყოფდა, რომ განურჩევლად ყველა ვალდებულია, მოიხადოს სამხედრო ვალდებულობა და, რომ ალტერნატიული სამსახურის შემოღება საფრთხეს შეუქმნიდა ეროვნულ უსაფრთხოებას“ (მოსამართლე გუან-გუ კიმი, ჩხანვონ-მასანის საოლქო სასამართლო, 2012 წლის 9 აგვისტო, 2012Chogi8).

    „საფუძველს მოკლებულია ის აზრი, რომ იმ შემთხვევაში, თუ უმცირესობები, მათ შორის იეჰოვას მოწმეები ... უარს იტყვიან იარაღის ხელში აღებაზე და სამხედრო წვრთნების გავლაზე, იმდენად სერიოზული საფრთხე შეექმნება ეროვნულ უსაფრთხოებას, რომ შეუძლებელი იქნება, ადამიანის ღირსების დაცვა და ზოგადად ყველა მოქალაქის დაფასება. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ბრალდებულებმა ... სასჯელის მიუხედავად, უკვე თქვეს უარი სამხედრო ვალდებულების მოხდაზე. ზემოთ მოყვანილი აზრი საფუძვლიანი რომ ყოფილიყო, უკვე კარგა ხანია სერიოზული საფრთხე შეექმნებოდა არა მარტო ეროვნულ უსაფრთხოებას, არამედ თითოეულ მოქალაქეს და, ამავე დროს, ფეხქვეშ გაითელებოდა ადამიანის ღირსება“ (მოსამართლე სეუნგ-იოპ ლი, ულსანის საოლქო სასამართლო, 2013 წლის 27 აგვისტო, 2013Godan601).

  • როგორ შეიძლება ამ საკითხის გადაწყვეტა

    „თუ საკონსტიტუციო სასამართლო ამ საკითხის გადაჭრის გზას არაკონსტიტუციურად ცნობს, აღმასრულებელი ორგანო და პარლამენტი ვალდებულიცაა და ძალაც შესწევს, რომ შესაბამისი ზომები მიიღოს და ისეთი კანონი გამოსცეს, რომელიც არც ეროვნულ უსაფრთხოებას დააყენებს საფრთხის ქვეშ და არც მათი სინდისისა და მრწამსის თავისუფლების უფლებას უგულებელყოფს, ვინც რწმენის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე. მეტიც, სწორად შექმნილი კანონი გააძლიერებს ეროვნულ უსაფრთხოებას“ (მოსამართლე იონგ-სიკ კიმი, სეულის საოლქო სასამართლო, 2013 წლის 9 ივლისი, 2013Chogi641).

    „თუ ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის სისტემა კარგად ჩამოყალიბდება და თავიდან იქნება არიდებული ისეთი ფაქტები, როდესაც ადამიანი სამხედრო სამსახურიდან თავის დაძვრენის მიზნით რელიგიას აფარებს თავს, მაშინ არანაირი საფრთხე არ შეექმნება ეროვნულ უსაფრთხოებას და არც შეირაღებული ძალები იგრძნობს სერიოზულ დანაკლისს“ (მოსამართლე სეონგ-ბოკ ლი, სეულის საოლქო სასამართლო, 2014 წლის 20 თებერვალი, 2014Chogi30).

რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამჯერად საკონსტიტუციო სასამართლო?

ზემოხსენებულმა მოსამართლეებმა საკონსტიტუციო სასამართლოს თხოვნით მიმართეს, რომ გადაჭრან პრობლემა, რომელიც ეხება მათ, ვინც რელიგიური შეხედულების გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე. ამჟამად სასამართლო 29 საქმეს განიხილავს, რომელიც 433 ახალგაზრდას ეხება.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს სამხრეთ კორეის საკონსტიტუციო სასამართლო ამ საქმეებთან დაკავშირებით? აღიარებს მათ უფლებებს, ვინც რწმენის გამო უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე და შეუწყობს ხელს იმას, რომ ქვეყნის კანონმდებლობაში ცვლილებები მოხდეს? მათი მხრიდან ასეთი ნაბიჯის გადადგმა იმის დასტური იქნება, რომ პატივს სცემენ და აღიარებენ საერთაშორისო სტანდარტებს, საკუთარ კონსტიტუციას და აგრეთვე ადამიანის უფლებას, რელიგიური მოსაზრებიდან გამომდინარე უარი თქვას სამხედრო სამსახურზე, რაც ლოგიკურად ამ მიზეზით დაპატიმრებული ასობით ახალგაზრდის გათავისუფლებასაც გულისხმობს.

 

გაიგეთ მეტი

რატომ არ იღებთ იარაღს ხელში?

მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეები ცნობილი არიან იმით, რომ იარაღს არ იღებენ ხელში. გაიგეთ, რატომ არ ვიღებთ იარაღს ხელში.