არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

სამხრეთი კორეა

რწმენის გამო დაპატიმრებულები

რწმენის გამო დაპატიმრებულები

იეჰოვას მოწმეები სამხრეთ კორეაში 100 წელზე მეტია ქადაგებენ და თაყვანისცემის თავისუფლებით სარგებლობენ, თუ არ ჩავთვლით იმ ფაქტს, რომ ამ ქვეყანაში ილახება იმ მოწმეების უფლებები, ვინც რწმენის გამო ამბობს უარს სამხედრო სამსახურზე. კორეის ომის პერიოდიდან მოყოლებული დღემდე სამხრეთი კორეა სასტიკად დევნის იმ ახალგაზრდა მოწმეებს, რომლებიც სამხედრო სამსახურზე ამბობენ უარს; სახელმწიფო მათ არც ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურს სთავაზობს, რაც, თავის მხრივ, ამ პრობლემატურ საკითხს მოაგვარებდა. შედეგად სამხრეთ კორეაში 19 000-ზე მეტი მოწმე გაასამართლეს და თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მათთვის მისჯილი წლების რაოდენობა მთლიანობაში 36 000-ს აჭარბებს.

საერთაშორისო საზოგადოების თვალსაზრისი მათზე, ვინც რწმენის გამო ამბობს უარს სამხედრო სამსახურზე

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა, რომელიც თვალყურს ადევნებს იმას, თუ როგორ ასრულებს სამხრეთი კორეა * სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტით ნაკისრ ვალდებულებებს, დაადგინა, რომ ეს უკანასკნელი არღვევს მათ, რადგან მსჯავრს სდებს და აპატიმრებს თავის მოქალაქეებს, რომლებიც რწმენის გამო უარს ამბობენ სამხედრო სამსახურზე, რაც მათი უფლებების დარღვევაა. 2015 წლის 14 იანვარს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა სამხრეთ კორეის წინააღმდეგ აღნიშნული საქმის თაობაზე მეხუთე გადაწყვეტილება გამოსცა. გადაწყვეტილებაში, რომელიც 50 დაპატიმრებულ იეჰოვას მოწმეს ეხება, კვლავ იყო აღნიშნული, რომ კორეის მთავრობამ დაარღვია მათი „აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება“. მასში აგრეთვე აღნიშნული იყო, რომ მთავრობა დამნაშავეა, რადგან „თვითნებურად აპატიმრებს“ მამაკაცებს რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო, რაც სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტითაა გარანტირებული.

მას შემდეგ, რაც გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა დეტალურად განიხილა სამხრეთ კორეის ანგარიში იმასთან დაკავშირებით, თუ რა გაკეთდა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დასაცავად, 2015 წლის ნოემბერში თავისი დასკვნა გამოაქვეყნა. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა მოუწოდა მთავრობას, გაეთავისუფლებინა რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო დაპატიმრებულები, მოეხსნა ნასამართლეობა, სათანადოდ აენაზღაურებინა მიყენებული ზარალი და მიეღო კანონი ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის თაობაზე. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა განაცხადა, რომ „მთავრობამ სრულად უნდა შეასრულოს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ წაყენებული მოთხოვნები“.

მოქალაქეები თხოვნით მიმართავენ მთავრობას

მოქალაქეები განუწყვეტლივ მიმართავენ თხოვნით მთავრობას, მიიღოს კანონი ისეთი ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის თაობაზე, რომელიც მისაღები იქნება მათთვის, ვინც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე. რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო 9 იეჰოვას მოწმე, რომლებსაც ბრალად ედებოდათ სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება. ზოგმა რაიონულმა სასამართლომ საქმეები საკონსტიტუციო სასამართლოს გადააბარა. 2015 წლის 9 ივლისს საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა, არის თუ არა კონსტიტუციური მათი უფლებების უარყოფა, ვინც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე. 2004 და 2011 წლებში სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ კანონი, რომელიც მათ დასჯას ითვალისწინებდა, ვინც სამხედრო სამსახურზე რწმენის გამო უარს ამბობდა, წინააღმდეგობაში არ მოდიოდა კორეის კონსტიტუციასთან. სასამართლო მალე მიიღებს გადაწყვეტილებას.

დროის დიაგრამა

  1. 2017 წლის 31 ოქტომბერი

    მთლიანობაში 393 იეჰოვას მოწმე იხდის სასჯელს სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო.

  2. 2015 წლის 3 ნოემბერი

    გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა შეაჯამა დაკვირვებები და მოუწოდა სამხრეთ კორეის მთავრობას, ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური შესთავაზოს მათ, ვინც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე.

  3. 2015 წლის 9 ივლისი

    საკონსტიტუციო სასამართლომ განიხილა, არის თუ არა კონსტიტუციური მათი უფლებების უარყოფა, ვინც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე.

  4. 2015 წლის 14 იანვარი

    გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის დადგენილების თანახმად, სამხრეთ კორეამ დაარღვია სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-18 მუხლი („აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება“) და მე-9 მუხლი („თვითნებური დაპატიმრების აკრძალვა“), რადგან უგულებელყო 50 მოწმის უფლება, რელიგიური მოსაზრებით უარი ეთქვათ სამხედრო სამსახურზე და დააპატიმრა ისინი.

  5. 2014 წლის 30 ივნისი

    საკონსტიტუციო სასამართლოსთვის განსახილველად გადაცემულია 28 საქმე, რომელიც ეხება მათ, ვინც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობს სამხედრო სამსახურზე. დაპატიმრებულია 618 მამაკაცი.

  6. 2014 წლის 28 იანვარი

    პრეზიდენტმა სპეციალური ამნისტია გამოაცხადა და თავდებით გაათავისუფლა რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო დაპატიმრებული დაახლოებით 100 იეჰოვას მოწმე, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ვადამდე ერთი-ორი თვით ადრე გამოუშვეს. 31 იანვრის მონაცემებით, 513 მოწმეა დაპატიმრებული.

  7. 2013 წლის ნოემბერი

    რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო სულ 599 მოწმე იყო დაკავებული.

  8. 2013 წლის აპრილი

    მოწმეების 70 პროცენტზე მეტი განაცალკევეს და ისინი ერთ საკანში აღარ ისხდნენ სხვა პატიმრებთან ერთად; დაპატიმრებულ იეჰოვას მოწმეებს საკანში მხოლოდ თანამორწმუნეებთან ერთად სვამდნენ.

  9. 2012 წლის 25 ოქტომბერი

    გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის დადგენილებით, სამხრეთ კორეამ დაარღვია სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-18 მუხლი („აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება“), რადგან უგულებელყო იმ 388 მოწმის უფლებები, ვინც რწმენის გამო სამხედრო სამსახურზე უარი თქვა.

  10. 2011 წლის 30 აგვისტო

    საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის კანონი, რომელიც მათ დასჯას ითვალისწინებდა, ვინც სამხედრო სამსახურზე რწმენის გამო ამბობს უარს, წინააღმდეგობაში არ მოდიოდა კორეის კონსტიტუციასთან.

  11. 2011 წლის 24 მარტი

    გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის დადგენილების თანახმად, სამხრეთ კორეამ დაარღვია სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-18 მუხლი, რადგან უგულებელყო 100 მოწმის უფლება, რელიგიური მოსაზრებით უარი ეთქვათ სამხედრო სამსახურზე.

  12. 2009 წლის 15 იანვარი

    საპრეზიდენტო კომისიამ, რომელიც იკვლევს კორეის სამხედრო სამსახურში საეჭვო ვითარებაში დაღუპულთა სიკვდილის მიზეზებს, დაადასტურა, რომ კორეის მთავრობას ბრალი ედება ხუთი ახალგაზრდა იეჰოვას მოწმის სიკვდილში, რომლებიც 1975—1985 წლებში რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო იხდიდნენ სასჯელს.

  13. 2008 წლის დეკემბერი

    სამხრეთ კორეამ უარი განაცხადა, შემოეღო ალტერნატიული სამოქალაქო სამსახური მათთვის, ვინც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობდა სამხედრო სამსახურზე.

  14. 2007 წლის 18 სექტემბერი

    სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ გეგმავდა ალტერნატიული სამოქალაქო სამსახურის შემოღებას მათთვის, ვინც რელიგიური მოსაზრებით უარს ამბობდა სამხედრო სამსახურზე და ჰპირდებოდა, რომ გადახედავდა კანონს სამხედრო სამსახურისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ.

  15. 2006 წლის 3 ნოემბერი

    გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის დადგენილების თანახმად, სამხრეთი კორეა არღვევდა სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-18 მუხლს, რადგან უგულებელყოფდა იმ ორი იეჰოვას მოწმის უფლებებს, რომლებიც სამხედრო სამსახურზე რელიგიური მოსაზრებით ამბობდნენ უარს.

  16. 2004 წლის 26 აგვისტო

    საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კანონი, რომელიც მათ დასჯას ითვალისწინებს, ვინც რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე ამბობს უარს, კონსტიტუციურია.

  17. 2001 წელი

    სამხედრო ძალების ადმინისტრირების ოფისმა გადაწყვიტა, მეტად აღარ ჩაერიცხა იძულებით თავისი მოქალაქეები სამხედრო სამსახურში; მათი პატიმრობის ვადა, ვინც სამხედრო სამსახურზე რელიგიური მოსაზრებით ამბობდა უარს, 3 წლიდან წელიწად-ნახევრამდე შემცირდა.

  18. 1985 წლის 1 დეკემბერი

    კიმ იუნგ-გეუნი, რომელიც რელიგიური მოსაზრებით სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო იხდიდა სასჯელს, სამხედროების მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობრივი ქმედებისა და არაადამიანური მოპყრობის გამო ციხეში დაიღუპა.

  19. 1981 წლის 17 აგვისტო

    კიმ სუნ-ტაე, რომელიც სამხედრო სამსახურზე რელიგიური მოსაზრებით უარის თქმის გამო იყო დაპატიმრებული, სამხედროების მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობრივი ქმედების გამო დაიღუპა.

  20. 1976 წლის 28 მარტი

    იონგ სან-ბოკი სამხედრო სამსახურზე რელიგიური მოსაზრებით უარის თქმის გამო სამხედროებმა სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც იგი დაიღუპა.

  21. 1976 წლის 19 მარტი

    ლი ჩონ-გილი, რომელიც სამხედრო სამსახურზე რელიგიური მოსაზრებით უარის თქმის გამო იხდიდა სასჯელს, სამხედრო პოლიციელებმა ისე სცემეს, რომ ელენთა გაუსკდა და დაიღუპა.

  22. 1975 წლის 14 ნოემბერი

    კიმ ჩონ-სიკი სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო სამხედრო ოფიცრებმა სასტიკად სცემეს და აწამეს, რის შედეგადაც იგი დაიღუპა.

  23. 1975 წელი

    პრეზიდენტმა პაკ ჩონ-ხიმ მიიღო კანონი სავალდებულო სამხედრო სამსახურის შესახებ და მოითხოვა, რომ ყველას უკლებლივ გაეარა ეს სამსახური. იეჰოვას მოწმეები იძულებით მიჰყავდათ საბრძოლო მომზადების ცენტრებში.

  24. 1973 წლის 30 იანვარი

    ვინც რელიგიური მოსაზრების გამო უარს ამბობდა სამხედრო სამსახურის აქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე, სასჯელს ექვემდებარებოდა, რაც მათთვის სამიდან ათწლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. ზოგს სამხედრო სამსახურში არაერთხელ იძახებდნენ.

  25. 1953 წელი

    სამხრეთ კორეამ დაიწყო მათი დაპატიმრება, ვინც სამხედრო სამსახურზე რელიგიური მოსაზრებით ამბობდა უარს.

^ აბზ. 4 სამხრეთ კორეამ იტვირთა სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ საერთაშორისო პაქტით და ამავე პაქტის პირველი არასავალდებულო ხასიათის პროტოკოლით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება, რომელიც უფლებას აძლევს სამხრეთ კორეაში ყველას, წერილობითი სახით დახმარებისთვის მიმართოს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტს, როცა კი საქმე გვექნება ზემოხსენებული პაქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევასთან.