წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2015 წლის 23 იანვარი
რუსეთი

რუსეთის უზენაესი სასამართლო საშიშ პრეცედენტს ქმნის ქვეყანაში მცხოვრები იეჰოვას მოწმეებისთვის

რუსეთის უზენაესი სასამართლო საშიშ პრეცედენტს ქმნის ქვეყანაში მცხოვრები იეჰოვას მოწმეებისთვის

2014 წლის 12 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა ქვედა ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, სამარაში მოწმეების იურიდიული პირის საქმიანობა ექსტრემისტულად იქნა მიჩნეული. 2014 წელს პროკურატურამ სამარაში იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირის წინააღმდეგ მას შემდეგ აღძრა საქმე, რაც სამართალდამცავებმა გაჩხრიკეს მოწმეების მიერ რელიგიური შეხვედრების ჩასატარებლად დაქირავებული შენობები და „აღმოაჩინეს“ რელიგიური შინაარსის პუბლიკაციები, რომლებიც ქვეყანაში აკრძალული იყო. ეს პუბლიკაციები იუსტიციის სამინისტროს, რუსეთის სასამართლოების გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს მიერ აკრძალული ექსტრემისტული ლიტერატურის სიაში ჰქონდა შეტანილი. * თუმცა ზემოაღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილებების გამო იეჰოვას მოწმეებმა ჯერ კიდევ ჩხრეკამდე გაიტანეს დაქირავებული შენობებიდან ეს პუბლიკაციები.

იეჰოვას მოწმეებმა როგორც ქვემდგომ, ისე უზენაეს სასამართლოში განაცხადეს, რომ ჩხრეკის დროს აკრძალული ლიტერატურა მათ არ ეკუთვნოდათ და თავად პოლიციის მიერ იყო მიტანილი იმ მიზნით, რომ რაიმე სამხილი ჰქონოდათ ბრალის წასაყენებლად. მოწმეებმა აგრეთვე აუხსნეს სასამართლოს წარმომადგენლებს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ამჟამად განიხილავს, თუ რამდენად კანონიერი იყო რუსეთის სასამართლოს მიერ მათი ზოგიერთი პუბლიკაციის აკრძალვასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები. მოწმეებმა ისიც აღნიშნეს, რომ მაშინაც კი, თუ სამარის პროკურატურის განცხადება, თითქოს იეჰოვას მოწმეები აკრძალულ ლიტერატურას ინახავდნენ, სიმართლეს წარმოადგენდა, შეფარდებული სასჯელის ზომა მაინც არ იყო შესაბამისი, რადგან ეს უმნიშვნელო სამართალდარღვევად ითვლება. აკრძალული ლიტერატურის შენახვა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიიჩნევა, რაც მხოლოდ გარკვეული სახის ჯარიმას ან იურიდიული პირის საქმიანობის დროებით შეჩერებას ითვალისწინებს და არა ისეთ მკაცრ ზომას, როგორიცაა ლიკვიდაცია. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, უზენაესმა სასამართლომ არ გაითვალისწინა ეს არგუმენტები.

იეჰოვას მოწმეთა სისხლის სამართლებრივ დევნას ხომ არ გამოიწვევს მათი იურიდიული პირის ლიკვიდაცია?

სამარაში იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირის ლიკვიდაცია ზუსტად ისეთივე სცენარით წარიმართა, როგორც ტაგანროგში. ამ ქალაქში 2009 წელს როსტოვის საოლქო სასამართლომ იეჰოვას მოწმეების ადგილობრივი იურიდიული პირის ლიკვიდაცია მოახდინა, რადგან მათ ექსტრემიზმში ედებოდათ ბრალი. ტაგანროგის სამართალდამცავმა ორგანოებმა მიიჩნიეს, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილების თანახმად, ამ რეგიონში აიკრძალა იეჰოვას მოწმეების რელიგიური საქმიანობა. 2013 წელს თექვსმეტი იეჰოვას მოწმის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი რელიგიურ მსახურებას ასრულებდნენ, რომელსაც მოწმეები მთელ მსოფლიოში, მათ შორის სამარაშიც ეწევიან. შვიდ იეჰოვას მოწმეს დიდი ჯარიმა დააკისრეს; ოთხ მათგანს კი, რომლებიც იეჰოვას მოწმეთა კრებებში უხუცესებად მსახურობენ, ხანგრძლივი დროით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. თუმცა მოსამართლემ ბრალდებულები ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო გაათავისუფლა დაკისრებული ჯარიმისგან და დაადგინა, რომ სასჯელი, რომელიც მოწმეებისთვის თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, პირობითია. მოწმეებმა გაასაჩივრეს ეს გადაწყვეტილება, რის შემდეგაც 2014 წლის 12 დეკემბერს როსტოვის საოლქო სასამართლომ ეს საქმე ხელახალი განხილვისთვის სხვა მოსამართლეს გადასცა.

ამჟამად სამარაში მცხოვრებ 1 500 იეჰოვას მოწმეს საფრთხე ემუქრება — ისინი შეიძლება სისხლის სამართლებრივი დევნის მსხვერპლი გახდნენ მხოლოდ იმიტომ, რომ რელიგიურ მსახურებას ეწევიან. რით დამთავრდება ეს ყველაფერი? რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები მსგავს გამოძიებებს ქვეყნის სხვადასხვა მხარეში არსებული იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირის წინააღმდეგაც აწარმოებენ. დრო გამოაჩენს, თუ როგორ აისახება სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ქმედება რუსეთში მცხოვრებ დაახლოებით 180 000 იეჰოვას მოწმეზე. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის უზენაესმა სასამართლომ მეტად საშიში პრეცედენტი შექმნა, რაც რუსეთში იეჰოვას მოწმეების და სხვა რელიგიური უმცირესობების თავისუფლებას საფრთხეს უქმნის.

^ აბზ. 2 დღესდღეობით იეჰოვას მოწმეების გამოცემული რელიგიური შინაარსის 73 პუბლიკაცია სახელმწიფოს მიერ აკრძალული ექსტრემისტული ლიტერატურის სიაშია შეტანილი. სამარაში იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირის მიერ დაქირავებულ შენობაში აღმოჩენილ პუბლიკაციებს შორის იყო წიგნი „თაყვანი ეცი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს“. ეს წიგნი 158 ენაზეა გამოცემული და მთელ მსოფლიოში მისი 23 970 207 ეგზემპლარია გავრცელებული. კიდევ ერთი წიგნი, რომელიც ჩხრეკის დროს იქნა „აღმოჩენილი“, იყო „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. ეს წიგნი 166 ენაზეა გამოცემული და მთელ მსოფლიოში მისი 100 944 355 ეგზემპლარია გავრცელებული. იეჰოვას მოწმეებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრეს რუსეთის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომელთა თანახმადაც, მათი პუბლიკაციები ექსტრემისტულად იქნა შერაცხული.