წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2014 წლის 22 აპრილი
რუსეთი

რუსეთში იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული

რუსეთში იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული

უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე რუსეთში პირველად დაფიქსირდა შემდეგი ფაქტი: 16 იეჰოვას მოწმის * წინააღმდეგ მხოლოდ და მხოლოდ მათი რელიგიური აღმსარებლობისა და იმის გამო აღძრეს სისხლის სამართლის საქმე, რომ ისინი მშვიდობიანად ატარებდნენ თავიანთ რელიგიურ შეხვედრებს. * თუ მათ დამნაშავეებად ცნობენ, ზოგიერთ მათგანს დაახლოებით 300 000 რუბლის (10 000 აშშ დოლარი) ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწევთ ან რვა წლამდე პატიმრობას შეუფარდებენ. ამ 16 იეჰოვას მოწმეს უფლება არა აქვს, დატოვოს ქალაქი ტაგანროგი იმ დრომდე, სანამ სასამართლო არ გამოიტანს განაჩენს.

ტაგანროგში იეჰოვას მოწმეების შევიწროება ჯერ კიდევ 2008 წლის ივნისში დაიწყო, როცა როსტოვის საოლქო პროკურორმა საქმე აღძრა იმის თაობაზე, რომ ტაგანროგში იეჰოვას მოწმეთა იურიდიული პირის ლიკვიდაცია მოეხდინათ და მათი საქმიანობა აეკრძალათ. ის აგრეთვე ამტკიცებდა, რომ იეჰოვას მოწმეთა რელიგიური ლიტერატურა ექსტრემისტული შინაარსის მასალას შეიცავდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურორის მოთხოვნა და 2009 წლის 8 დეკემბერს რუსეთის ფედერაციის უზენაესმა სასამართლომაც მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას.

უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ტაგანროგში ხელისუფლების წარმომადგენლებმა იეჰოვას მოწმეებს სამეფო დარბაზის (თაყვანისცემის ადგილი) შენობა ჩამოართვეს, რის გამოც მოწმეები იძულებულები გახდნენ, რომ თავიანთი კრებები სახლებში ჩაეტარებინათ. სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, აგრეთვე მოითხოვებოდა, რომ იეჰოვას მოწმეთა მიერ გამოცემული 34 პუბლიკაცია სახელმწიფოს მიერ აკრძალული ლიტერატურის სიაში შესულიყო. იეჰოვას მოწმეებმა ეს გადაწყვეტილება ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრეს.

ტაგანროგში ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩათვალეს, რომ შექმნილი ვითარება მათ უფლებას აძლევდა, შეევიწროებინათ და დაეშინებინათ იეჰოვას მოწმეები. 2011 წელს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა 19 იეჰოვას მოწმის სახლი იმ მიზნით გაჩხრიკეს, რომ იქ „ექსტრემისტული“ ლიტერატურა ეპოვათ. ისინი მოურიდებლად, დილის 6 საათზე შეიჭრნენ ზოგიერთი მათგანის სახლში და ფეხზე წამოყარეს ყველა, ბავშვი თუ ხანდაზმული. ჩხრეკა 8-დან 11 საათამდე გრძელდებოდა. სამართალდამცავებმა ამ მოწმეებს ყველა რელიგიური პუბლიკაცია ჩამოართვეს, მათ შორის პირადი ნივთები. ამას გარდა, ისინი ფარულად იღებდნენ იეჰოვას მოწმეების კრების შეხვედრებს და იქ დამსწრეებს, რათა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ეპოვათ და ბრალი დაედოთ მათთვის. ტაგანროგში განვითარებული ეს მოვლენები წინ უძღოდა რუსეთის მთავრობის ხელშეწყობით იეჰოვას მოწმეების დევნასა და მათი უფლებების შელახვას მთელი რუსეთის მასშტაბით. *

იეჰოვას მოწმეების რელიგიური ორგანიზაცია მთელ მსოფლიოშია ცნობილი. რუსეთის კონსტიტუციის და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თანახმად, ყველას აქვს რელიგიის თავისუფლების უფლება. ბევრი ქვეყნის უზენაესმა სასამართლომაც დაუჭირა მხარი იეჰოვას მოწმეების რელიგიის თავისუფლების უფლებას. მაგრამ ტაგანროგში მთავრობის წარმომადგენლები ისე ექცევიან მოწმეებს, თითქოს მათზე ეს უფლება არ ვრცელდებოდეს.

სასამართლო პროცესი კვლავ გრძელდება. მოსალოდნელია, რომ იეჰოვას მოწმეების საქმის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მაისში მას შემდეგ მიიღებენ, რაც მხარეები სასამართლოში თავიანთ დასკვნით სიტყვას იტყვიან. თუ სასამართლო დამნაშავეებად ცნობს ამ მოწმეებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ტაგანროგში 800-ზე მეტი იეჰოვას მოწმის თავისუფლებას საფრთხე დაემუქრება. უფრო მეტიც, ასეთი პრეცედენტი გავლენას იქონიებს რუსეთის სხვა ოლქებში მოწმეების წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე.

გრიგორი მარტინოვი, იეჰოვას მოწმეების წარმომადგენელი რუსეთში, აღნიშნავს: „იმის მცდელობა, რომ შეიზღუდოს იეჰოვას მოწმეთა რელიგიური თავისუფლება, არაკანონიერია. ისინი არანაირ საშიშროებას არ უქმნიან რუსეთის ფედერაციის ერთიანობასა და უსაფრთხოებას. მათზე მხოლოდ იმიტომ აქვთ წინასწარ შექმნილი მცდარი აზრი და მხოლოდ იმიტომ დევნიან, რომ ისინი იეჰოვას მოწმეები არიან“.

^ აბზ. 2 სურათზე 16-დან მხოლოდ 10 მოწმეა ნაჩვენები.

^ აბზ. 2 2012 წელს რუსეთის ხელისუფლებამ 16 იეჰოვას მოწმეს ბრალი წაუყენა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 282.2-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილის თანახმად, რაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. იეჰოვას მოწმეების ოთხ უხუცესსაც წაუყენეს ბრალი ამავე კოდექსის 150-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, რაც 5-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

^ აბზ. 5 2009 წლის 8 დეკემბრიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ზემოხსენებული გადაწყვეტილება მიიღო, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა 1 600-ზე მეტი იეჰოვას მოწმე დააკავეს, მათი 70-ზე მეტი სხვადასხვა პუბლიკაცია ექსტრემისტულად ცნეს, მათი 170-ზე მეტი სახლი თუ თაყვანისცემის ადგილი გაჩხრიკეს და 69 რელიგიური შეხვედრა ჩაშალეს.