წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2014 წლის 31 ივლისი
რუსეთი

ტაგანროგის სასამართლომ იეჰოვას მოწმეები თავიანთი რელიგიური მსახურების გამო დამნაშავეებად სცნო

ტაგანროგის სასამართლომ იეჰოვას მოწმეები თავიანთი რელიგიური მსახურების გამო დამნაშავეებად სცნო

2014 წლის 30 ივლისს ტაგანროგის საქალაქო სასამართლომ გამოაცხადა განაჩენი ტაგანროგში მცხოვრები 16 იეჰოვას მოწმის საქმის თაობაზე; სასამართლომ დამნაშავედ სცნო 7 მოწმე იმის გამო, რომ ესწრებოდნენ და ორგანიზებას უწევდნენ რელიგიურ შეხვედრებს, რომელიც აბსოლუტურად მშვიდობიან ხასიათს ატარებდა. მათ წინააღმდეგ საქმე, ფაქტობრივად, მხოლოდ მათი რელიგიური მსახურების გამო აღძრეს, რომელსაც მათ მსგავსად მოწმეები მთელ მსოფლიოში ასრულებენ. ეს სასამართლო გადაწყვეტილება მოწმეებისთვის საფრთხის შემცველ პრეცედენტს ქმნის, რადგან ამან შეიძლება მთელი რუსეთის მასშტაბით მოწმეების რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა გამოიწვიოს.

სასამართლო გადაწყვეტილება 2014 წლის 28 ივლისს უნდა გამხდარიყო ცნობილი, თუმცა მოსამართლემ განაჩენის გამოცხადება ერთი დღით გადადო. 100-გვერდიანი განაჩენის წასაკითხად მოსამართლეს ორი დღე დასჭირდა; ეს პროცესი 29 ივლისს დაიწყო და 30 ივლისს დასრულდა. მან ოთხ ბრალდებულს, რომლებიც იეჰოვას მოწმეთა კრებებში უხუცესებად მსახურობენ ხუთიდან ხუთ-ნახევარ წლამდე პატიმრობა მიუსაჯა და 100 000 რუბლის (2 800 აშშ დოლარი) ოდენობის ჯარიმა დააკისრა. სხვა სამი მოწმის შემთხვევაში მოსამართლე მხოლოდ ფულადი ჯარიმით შემოიფარგლა და მათ 50 000-დან 60 000 რუბლამდე (1 400-დან 1 700-მდე აშშ დოლარი) ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა. მოსამართლის გადაწყვეტილების თანახმად არც ერთი მსჯავრდებული არ გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას კანონით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო და მათი დაპატიმრებაც გარკვეული ხნით გადაიდო. დანარჩენი 9 მოწმე კი უდანაშაულოდ სცნეს.

მოსამართლე გადაწყვეტილების გამოტანისას დაეყრდნო როსტოვის საოლქო სასამართლოს მიერ 2009 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას ტაგანროგში იეჰოვას მოწმეების რელიგიური ორგანიზაციის ლიკვიდაციის შესახებ. მართალია, ეს გადაწყვეტილება მხოლოდ იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირის ლიკვიდაციას ეხებოდა, მოსამართლემ მიიჩნია, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილების თანახმად ტაგანროგში და მის მიმდებარე რეგიონებში იეჰოვას მოწმეების რელიგიური საქმიანობა მთლიანად აკრძალული იყო.

15 თვის განმავლობაში ბრალდებულებმა დაამტკიცეს, რომ ისინი უარს არ იტყვიან თავიანთ რწმენაზე და კვლავაც ერთგულად გააგრძელებენ ღვთისადმი თაყვანისცემას. რადგან ეს მსჯავრდებული მოწმეები არ წყვეტენ თავიანთ რელიგიურ მსახურებას, ისინი, როგორც რეციდივისტები, შესაძლოა უფრო მკაცრად გაასამართლონ.

მოწმეების ერთ-ერთი ადვოკატი, ვიქტორ ჟენკოვი, აღნიშნავს: „ვშიშობ, ეს სასამართლო გადაწყვეტილება რუსეთში მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს კარგს არაფერს უქადის. ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა, სამართალდამცავ ორგანოებს ტაგანროგსა და მთელ რუსეთში ხელი მისცეს, დაპატიმრების მუქარით კვლავაც შეავიწროონ იეჰოვას მოწმეები“.

ტაგანროგელი იეჰოვას მოწმეები ამ გადაწყვეტილებას როსტოვის საოლქო სასამართლოში გაასაჩივრებენ.