წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2014 წლის 1 ოქტომბერი
რუსეთი

სამარაში იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილება მოწმეებმა რუსეთის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს

სამარაში იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირის ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილება მოწმეებმა რუსეთის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს

2014 წლის 8 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის უზენაეს სასამართლოში გაიმართება სამარელი იეჰოვას მოწმეების საჩივრის განხილვა, რომელიც სამარაში მათი იურიდიული პირის ლიკვიდაციას ეხება. მანამდე ქვედა ინსტანციის სასამართლომ სამარაში მოწმეების იურიდიული პირის საქმიანობა ექსტრემისტულად ცნო. თუ უზენაესი სასამართლო არ გააუქმებს ამ გადაწყვეტილებას, სამარაში მცხოვრები 1 500-ზე მეტი მოწმე სერიოზულ პრობლემებს შეხვდება.

სამარის საოლქო პროკურატურა აგრესიულ ტაქტიკას მიმართავს

სამარაში იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირის წინააღმდეგ აღძრული საქმის განხილვა 2014 წლის აპრილში დაიწყო, მაშინ როცა სამარის საოლქო პროკურატურამ ისინი „ექსტრემისტულ საქმიანობაში“ დაადანაშაულა და ამ ბრალდების საფუძველზე მათი იურიდიული პირის ლიკვიდაციის მოთხოვნით, სამარის საოლქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. პროკურატურამ სამარაში იეჰოვას მოწმეების რელიგიური პირის საქმიანობა ჯერ კიდევ მანამდე შეაჩერა და მათ ქონებას მანამდე დაადო დროებითი ყადაღა, სანამ საოლქო სასამართლოში ამ საქმის მოსმენა შედგებოდა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მაშინ როცა ამ საქმის სასამართლო წესით განხილვა დაწყებულიც არ იყო, რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირი სამარაში იმ რელიგიური გაერთიანებების სიაში შეიტანა, რომელთა საქმიანობაც იმის გამო შეაჩერეს, რომ ექსტრემისტულია. ამის შემდეგ, 2014 წლის 29 მაისს, მოსამართლე შაბაევამ იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ გამოიტანა განაჩენი. მისი გადაწყვეტილების თანახმად, უნდა მომხდარიყო სამარაში მოწმეების იურიდიული პირის ლიკვიდაცია და მათი ქონების კონფისკაცია.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა სამარის საოლქო პროკურატურამ სამარაში იეჰოვას მოწმეების რელიგიური პირის ლიკვიდაციის მოთხოვნით, მათ წინააღმდეგ შეიტანა სარჩელი. პროკურატურამ მათ წინააღმდეგ სარჩელი 2009 წელსაც შეიტანა, მაგრამ მოგვიანებით უკანვე გამოიტანა. ამჯერად კი სამარის სამართალდამცავებმა თავიანთი ჩანაფიქრის განსახორციელებლად სხვა ტაქტიკას მიმართეს.

იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირის აკრძალვა საეჭვო მტკიცებულებების საფუძველზე

2013 წლის იანვარსა და 2014 წლის იანვარში სამარაში პოლიციამ გაჩხრიკა ის შენობები, რომლებიც მოწმეებს თაყვანისმცემლობისთვის ჰქონდათ დაქირავებული და ისეთი პუბლიკაციები „აღმოაჩინა“, რომელიც სახელმწიფოს მიერ აკრძალული ექსტრემისტული ლიტერატურის სიაში იყო შეტანილი. ჩხრეკის შემდეგ სამარის პროკურატურამ 2013 წელს იეჰოვას მოწმეების იურიდიულ პირს გაფრთხილება მისცა, ხოლო 2014 წლის იანვარში მას შემდეგ, რაც პოლიციამ კვლავ იპოვა რელიგიური სახის პუბლიკაციები, პროკურატურამ მათ წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმე აღძრა. 2014 წლის 7 მარტს სამარაში სოვეტსკის რაიონულმა სასამართლომ იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირი სამარაში დამნაშავედ ცნო და 50 000 რუბლით (1 383 აშშ დოლარი) დააჯარიმა. სამარელ მოწმეებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ორივე შემთხვევაში ჩხრეკის დროს აღმოჩენილი ლიტერატურა მათ არ ეკუთვნოდათ და პოლიციის მიერ იყო მიტანილი. გარდა ამისა, მოწმეებმა გაასაჩივრეს რუსეთის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, რომლის თანახმადაც, მათი პუბლიკაციები ექსტრემისტულად ცნეს, და საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შეიტანეს.

მას შემდეგ, რაც სამარის საოლქო პროკურატურის მიერ შეტანილი სარჩელი სოვეტსკის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა, მათ 2014 წლის აპრილში სამარის საოლქო სასამართლოშიც შეიტანეს სარჩელი მოწმეების წინააღმდეგ და ბრალი ექსტრემიზმში დასდეს. მათ განზრახული ჰქონდათ, სამარაში მოწმეების იურიდიული პირის ლიკვიდაცია მოეხდინათ. მოწმეების ადვოკატებმა მოსამართლე შაბაევას წინაშე ახსნეს, რომ სამარაში მათი იურიდიული პირის ლიკვიდაცია არაკანონიერი იყო და რომ მათ საქმიანობასა და სწავლებებში არაფერი იყო ექსტრემისტული. ისინი აგრეთვე ცდილობდნენ, დაემტკიცებინათ, რომ აღმოჩენილი „აკრძალული“ ლიტერატურა მოწმეებს არ ეკუთვნოდათ და ჩხრეკის დროს პოლიციელების მიერ იყო მიტანილი. მიუხედავად ამისა, მოსამართლე შაბაევამ გადაწყვეტილება მოწმეების წინააღმდეგ მიიღო, რაც სამარაში მოწმეების იურიდიული პირის ლიკვიდაციას ითვალისწინებდა.

კვლავაც შეზღუდავს რუსეთის ხელისუფლება რელიგიის თავისუფლებას?

სამარაში მოვლენები ისევე ვითარდება, როგორც ტაგანროგში, სადაც სამართალდამცავებმა იეჰოვას მოწმეებთან მიმართებით პირველად გამოიყენეს არასწორად კანონი ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ. საქმე იქამდე მივიდა, რომ 2009 წელს მათ ტაგანროგში იეჰოვას მოწმეთა იურიდიული პირის ლიკვიდაცია მოახდინეს და მოგვიანებით ცალკეული მოწმეების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს. საბოლოოდ ისე მოხდა, რომ შვიდი მოწმის სამართლებრივი დევნა დაიწყეს და ისინი მხოლოდ იმიტომ გაასამართლეს, რომ რელიგიურ შეხვედრებს ესწრებოდნენ. იეჰოვას მოწმეები შიშობენ, რომ სამარაშიც შეიძლება მსგავსად განვითარდეს მოვლენები.

საინტერესოა, კიდევ რას გააკეთებენ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები იმისთვის, რომ შეზღუდონ იეჰოვას მოწმეების საქმიანობა. 2014 წლის ივნისიდან მოყოლებული რუსეთის სხვადასხვა მხარეში „ექსტრემისტული“ რელიგიური ლიტერატურის გავრცელების გამო მოწმეებს ცრუ ბრალდებები წაუყენეს. იეჰოვას მოწმეები სამარაში იმედოვნებენ, რომ რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლო აღადგენს სამართალს და მათთან მიმართებით სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს.