წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

იეჰოვას მოწმეთა ადმინისტრაციული ცენტრი რუსეთში

2016 წლის 27 აპრილი
რუსეთი

რუსეთში რელიგიის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება

რუსეთში რელიგიის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება

რუსეთის მთავრობამ მორიგი აგრესიული ნაბიჯი გადადგა იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ. ამჯერად გენერალური პროკურატურა იეჰოვას მოწმეებს ადმინისტრაციული ცენტრის ლიკვიდაციით ემუქრება, ვინაიდან მიიჩნევს, რომ ისინი ექსტრემისტულ საქმიანობას ეწევიან. 2016 წლის 2 მარტით დათარიღებულ გამაფრთხილებელ წერილში გენერალური პროკურორის მოადგილე ვიქტორ გრინი დაჟინებით მოითხოვდა, რომ ორი თვის განმავლობაში იეჰოვას მოწმეებს აღეკვეთათ ნებისმიერი ექსტრემისტული ქმედება.

გამაფრთხილებელი წერილი ადასტურებს, რომ რუსეთის სურვილია, კიდევ უფრო შეზღუდოს იეჰოვას მოწმეთა საქმიანობა და მათი რელიგიის თავისუფლება. იეჰოვას მოწმეთა ადმინისტრაციული ცენტრის ლიკვიდაცია ნიშნავს, რომ ის შეწყვეტს ფუნქციონირებას, შევა ექსტრემისტულად შერაცხული ორგანიზაციების ფედერალურ სიაში, მისი ქონება კი სახელმწიფოს საკუთრება გახდება. იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრი ხელმძღვანელობას უწევს რუსეთში არსებულ 406 ადგილობრივ რელიგიურ ორგანიზაციას (იურიდიული პირი) და 2 500-ზე მეტ კრებას. აქედან გამომდინარე, შესაძლოა მთავრობამ მათი ლიკვიდაციაც მოახდინოს. შედეგად, იეჰოვას მოწმეებს შეიძლება ჩამოერთვათ თავიანთი სამეფო დარბაზები (თაყვანისცემის ადგილი) მთელ რუსეთში. უფრო მეტიც, თუ ადმინისტრაციული ცენტრი დაიხურება, მოწმეებს აღარ ექნებათ უფლება, შეასრულონ თავიანთი რელიგიური მსახურება.

რუსეთი იეჰოვას მოწმეებზე მთელ რიგ თავდასხმებს ახორციელებს ყალბი სამხილების საფუძველზე. გარდა ამისა, ის არასწორად იყენებს ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ ფედერალურ კანონს მოწმეებთან მიმართებით. 2015 წელს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა შეშფოთება გამოთქვა იმაზე, რომ „რუსეთმა არაერთხელ გამოიყენა თავის სასარგებლოდ კანონი ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ და შეზღუდა იეჰოვას მოწმეების აზრის გამოხატვის, ... და რელიგიის თავისუფლების უფლება“. *

იეჰოვას მოწმეების რელიგიური ორგანიზაცია საერთაშორისო ორგანიზაციაა. მოწმეები თავისუფლად ასრულებენ რელიგიურ მსახურებას დემოკრატიულ ქვეყნებსა და ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანაში. თუმცა რუსეთი ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენს. 1990-იანი წლებიდან მოყოლებული რუსეთი იეჰოვას მოწმეების რელიგიურ მსახურებას ზღუდავს. მისმა აგრესიამ განსაკუთრებით ბოლო პერიოდში იმატა. მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა მიიღო კანონი ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ და დაიწყო მისი რეპრესიის იარაღად გამოყენება.

რუსეთი არ აკონკრეტებს, რა ითვლება ექსტრემისტულ საქმიანობად, რაც ხელს უწყობს რელიგიის თავისუფლების შეზღუდვას ქვეყანაში

2002 წელს რუსეთმა მიიღო ანტიექსტრემისტული კანონი, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასაც ეხებოდა. თუმცა კანონი იმდენად ბუნდოვანი იყო, რომ გაურკვეველს ხდიდა, რა ითვლებოდა ექსტრემისტულ საქმიანობად. ამის გამო შეიქმნა საშიშროება, რომ აღნიშნული კანონი რუსეთის უფლებამოსილ პირებს რეპრესიის იარაღად გამოეყენებინათ. 2003 წელს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა რუსეთის მთავრობას მოუწოდა, შესწორებები შეეტანა კანონში და გარკვევით დაესაბუთებინა, რა ითვლებოდა ექსტრემისტულ საქმიანობად, რათა თავიდან აერიდებინა ზემოაღნიშნული კანონის თვითნებურად გამოყენება. *

მოგვიანებით რუსეთის მთავრობამ კანონში ცვლილებები შეიტანა, თუმცა გარკვევით არ დაასაბუთა, რა ითვლება ექსტრემისტულ საქმიანობად. ნაცვლად ამისა, კანონი ისე შეცვალა, რომ ის იმ ქმედებებსაც შეეხო, რომლებიც არანაირად არ უკავშირდება ექსტრემიზმს. 2012 წელს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ განაცხადა: „ცვლილებების შეტანამდე კანონში აღნიშნული იყო, რომ ექსტრემისტულად ითვლებოდა ისეთი ძალადობრივი ქმედებები, რომლებიც საზოგადოების დაყოფას იწვევდა და რასობრივ, ეროვნულ და რელიგიურ შუღლს აღვივებდა. 2006 წელს მიღებულ კანონში აღარ მოიხსენიება სიტყვა ძალადობრივი. ... იმის გაბუნდოვნება, თუ რა ითვლება ექსტრემისტულ საქმიანობად, სამართალდამცავ ორგანოებს თვითნებურად მოქმედების უფლებამოსილებას ანიჭებს“.

არაერთი ფაქტი მოწმობს იმაზე, რომ ანტიექსტრემისტული კანონი არასწორად იქნა გამოყენებული. 2007 წელს გენერალურმა პროკურატურამ სწორედ ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ კანონის საფუძველზე აღძრა არაერთი საქმე იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ. გენერალური პროკურორის მოადგილემ ვიქტორ გრინმა, რომელიც ხელს აწერს გამაფრთხილებელ წერილს იეჰოვას მოწმეთა ადმინისტრაციული ცენტრის დახურვის თაობაზე, რამდენიმე წლის წინ გამოსცა ოფიციალური წერილი. იგი პროკურორებს მოუწოდებდა, საქმეები აღეძრათ იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ. ეს წერილი იყო პირველი მტკიცებულება იმისა, რომ იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ მიმართული კამპანია ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული, რაც მთელ რუსეთში მცხოვრებ იეჰოვას მოწმეებს შეეხებოდა.

მართალია, იეჰოვას მოწმეები არანაირ სისხლის სამართლის დანაშაულს არ სჩადიან, თუმცა 2007 წელს პროკურორებმა 500-ზე მეტი საქმე აღძრეს მათ წინააღმდეგ მთელი რუსეთის მასშტაბით. ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ აღნიშნა: „ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ ფედერალური კანონი, რომელიც 2002 წელს მიიღო მთავრობამ, არასწორად იქნა გამოყენებული რელიგიურ უმცირესობებთან, განსაკუთრებით კი იეჰოვას მოწმეებთან მიმართებით, რომელთა რიცხვი რუსეთში 162 000-ს შეადგენს“. ანტიექსტრემისტული კანონის არასწორად გამოყენების ფაქტებმა განსაკუთრებით 2006 წლის შემდეგ იმატა, მას შემდეგ, რაც კანონში შესწორებები იქნა შეტანილი. *

„ექსტრემიზმთან ბრძოლის შესახებ ფედერალური კანონი, ... არასწორად იქნა გამოყენებული რელიგიურ უმცირესობებთან, განსაკუთრებით კი იეჰოვას მოწმეებთან მიმართებით“ (ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა).

რელიგიური ლიტერატურის აკრძალვა კიდევ უფრო ამწვავებს მდგომარეობას

ვიდრე პროკურატურა სანკტ-პეტერბურგის მახლობლად მდებარე იეჰოვას მოწმეთა ადმინისტრაციული ცენტრის დახურვის თაობაზე გამოსცემდა გამაფრთხილებელ წერილს, სამართალდამცავმა ორგანოებმა იეჰოვას მოწმეთა რელიგიურ ლიტერატურაზე მიიტანეს იერიში. პროკურორებმა ტაგანროგსა და გორნო-ალტაისკში საქმე აღძრეს იმის თაობაზე, რომ იეჰოვას მოწმეთა რამდენიმე პუბლიკაცია ექსტრემისტულად გამოეცხადებინათ და ექსტრემისტული მასალების ფედერალურ სიაში შეეტანათ.

2009-2010 წლებში „ექსპერტიზის“ დასკვნების საფუძველზე სასამართლოებმა ტაგანროგსა და გორნო-ალტაისკში პროკურორების სარჩელი დააკმაყოფილეს და იეჰოვას მოწმეთა 52 რელიგიური პუბლიკაცია აკრძალეს. ამ გადაწყვეტილების შედეგად არაერთი საქმე აღიძრა იეჰოვას მოწმეთა წინააღმდეგ. უფლებამოსილი პირები მსგავსად მოქმედებენ რუსეთის სხვა რეგიონებშიც. დღეისათვის სასამართლოების გადაწყვეტილებით, იეჰოვას მოწმეთა 87 პუბლიკაციაა შეტანილი ექსტრემისტული მასალების ფედერალურ სიაში.

იეჰოვას მოწმეებმა გაასაჩივრეს როგორც ტაგანროგისა და გორნო-ალტაისკის, ისე სხვა რეგიონების სასამართლოებში მიღებული გადაწყვეტილებები. მათ 28 საჩივარი შეიტანეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ეს უკანასკნელი მალე მიიღებს გადაწყვეტილებას 22 საქმეზე. ევროპული სასამართლოს წინაშე საკუთარი პოზიციების დაცვის მიზნით, რუსეთის მთავრობამ აღიარა, რომ ექსტრემისტული მასალების ფედერალურ სიაში შეტანილი მოწმეთა რამდენიმე პუბლიკაცია „არავის მოუწოდებდა ძალადობისკენ“.

იზღუდება აზრის გამოხატვის თავისუფლება

რუსეთის ხელისუფლებამ თავის მიზანს მიაღწია; სასამართლოებმა ექსტრემისტულად შერაცხეს იეჰოვას მოწმეთა პუბლიკაციები. მას შემდეგ ხელისუფლება კანონის ძალით კიდევ უფრო ზღუდავს იეჰოვას მოწმეების აზრის გამოხატვის თავისუფლებას.

  • 2010 წელს რუსეთის ხელისუფლებამ გააუქმა ნებართვა, რომელიც უფლებას აძლევდა მოწმეებს, ქვეყანაში შეეტანათ და გაევრცელებინათ ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ჟურნალებია. ჟურნალი „საგუშაგო კოშკი“ 1879 წლიდან გამოიცემა.

  • 2015 წლის მარტიდან მოყოლებული უფლებამოსილი პირები მოწმეებს ქვეყანაში არც ერთი რელიგიური ლიტერატურის შეტანის უფლებას არ აძლევენ.

  • 2015 წლის ივლისში რუსეთმა აკრძალა იეჰოვას მოწმეების ოფიციალური ვებ-გვერდი jw.org, რის გამოც ქვეყანაში შეიზღუდა იეჰოვას მოწმეთა ელექტრონულ პუბლიკაციებზე წვდომა. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, მთელი რუსეთის ფედერაციის მასშტაბით ამ ვებ-გვერდით სარგებლობა და მის შესახებ ინფორმაციის გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება.

  • 2016 წლის დასაწყისში ვიბორგის პროკურორმა საქმე აღძრა იმის თაობაზე, რომ იეჰოვას მოწმეების მიერ გამოცემული ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ ექსტრემისტულად გამოცხადდეს.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, რუსეთის ხელისუფლება ექსტრემისტული მასალების ფედერალურ სიაში შეტანილ პუბლიკაციებს იმ მიზნით იყენებს, რომ საქმე აღძრას იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირების წინააღმდეგ და პასუხისგებაში მისცეს იეჰოვას მოწმეები თავიანთი რელიგიური მსახურების გამო.

როგორ ხდება ჩხრეკა და მოწმეთა გასამართლება რუსეთში

თუ პუბლიკაცია ექსტრემისტული მასალების ფედერალურ სიაშია შეტანილი, მისი გამოცემა, გავრცელება ან შენახვა კანონით აკრძალულია. ადგილობრივმა სახელმწიფო ორგანოებმა ისარგებლეს კანონით გათვალისწინებული ამ მოთხოვნებით და სასამართლოსგან მოიპოვეს უფლება, გაეჩხრიკათ ასობით იეჰოვას მოწმის სახლი და მათი სამეფო დარბაზები, რათა აღმოეჩინათ აკრძალული ლიტერატურა.

ჩხრეკის დროს ხშირად უფლებამოსილი პირები აგრესიას მიმართავენ და უკანონოდ ახდენენ ამა თუ იმ ნივთის კონფისკაციას. მაგალითად, ართმევენ პირად ნივთებს და იმ პუბლიკაციებს, რომლებიც ექსტრემისტული მასალების ფედერალურ სიაში არ არის შეტანილი.

  • 2010 წლის აგვისტოში იოშქარ-ოლაში ფედერალური უშიშროების სამსახურის დაახლოებით 30-მა თანამშრომელმა და შეიარაღებულმა ჯარისკაცებმა დაარბიეს იეჰოვას მოწმეთა რელიგიური შეხვედრა. პოლიციის თანამშრომლებმა დაიჭირეს რამდენიმე იეჰოვას მოწმე, ძირს დააწვინეს და ხელები გადაუგრიხეს. პოლიციამ გაჩხრიკა შენობა და მოწმეებს პირადი ნივთები, დოკუმენტები და ბიბლიური ლიტერატურა ჩამოართვა.

  • 2012 წლის ივლისში კარელიას რესპუბლიკაში უშიშროების სამსახურის შეიარაღებულმა ნიღბიანმა თანამშრომლებმა ერთ იეჰოვას მოწმეს სახალხოდ მიაყენეს შეურაცხყოფა. მას თავი მანქანის კაპოტზე დაადებინეს და ხელები გადაუგრიხეს. პოლიციამ გაჩხრიკა რამდენიმე იეჰოვას მოწმის სახლი და მათ პირადი ნივთები და ბიბლიური ლიტერატურა ჩამოართვა, მათ შორის ის პუბლიკაციებიც, რომლებიც არ იყო შეტანილი ექსტრემისტული მასალების ფედერალურ სიაში.

  • 2016 წლის მარტში თათრეთის რესპუბლიკაში პოლიცია სამეფო დარბაზში და რამდენიმე იეჰოვას მოწმის სახლში შეიჭრა. პოლიციამ მოწმეებს ჩამოართვა კომპიუტერული ტექნიკა, პლანშეტები და რელიგიური ლიტერატურა.

ვიდეო თვალმა დააფიქსირა ყალბი სამხილის შეთითხნის ფაქტი

სამართალდამცავი ორგანოები ფარულად იღებენ ვიდეოებს იეჰოვას მოწმეთა სახლებში და სამეფო დარბაზებში, უსმენენ მოწმეთა სატელეფონო ზარებს და აკონტროლებენ მათ ელექტრონულ შეტყობინებებს. ინფორმაციის მოპოვების მიზნით ისინი ყველანაირ უკანონო ქმედებას მიმართავენ. პოლიციას აკრძალული ლიტერატურა განგებ შეაქვს იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზებში, რათა ამ ყალბი სამხილების საფუძველზე ისინი სისხლის სამართლის დანაშაულსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში დაადანაშაულონ.

იურიდიული პირების ლიკვიდაცია და იეჰოვას მოწმეთა დადანაშაულება

გარდა იმისა, რომ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები მოწმეებს სასამართლოებში უჩივიან, ისინი ზემოაღნიშნული ყალბი სამხილების საფუძველზე იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაციების ლიკვიდაციას ახდენენ. * ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემდეგ სახელმწიფო ახდენს მისი ქონების კონფისკაციას. შედეგად, მოწმეები კარგავენ თაყვანისცემისთვის განკუთვნილ შენობებს. მსგავს ფაქტებს ადგილი ჰქონდა ტაგანროგსა და სამარაში. სამართალდამცავი ორგანოები რუსეთის სხვა ქალაქებშიც ამგვარად მოქმედებენ.

იეჰოვას მოწმეები სასამართლო პროცესზე ტაგანროგში

ტაგანროგში ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაციის ლიკვიდაციის შემდეგ უფლებამოსილმა პირებმა კიდევ ერთი უკანონო ნაბიჯი გადადგეს და მოწმეებს ლოცვისა და თაყვანისცემისთვის ერთად შეკრება აუკრძალეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა მსგავს ტაქტიკას მაშინ მიმართეს, როცა ტაგანროგში 16 იეჰოვას მოწმეს დასდეს ბრალი სისხლის სამართლის დანაშაულში მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მშვიდობიან რელიგიურ შეხვედრას ესწრებოდნენ. ამგვარ რელიგიურ მსახურებას იეჰოვას მოწმეები მთელ მსოფლიოში ასრულებენ. დღეს ტაგანროგში იეჰოვას მოწმეთა რელიგიური მსახურება სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. მსგავსი რამ ტაგანროგში საბჭოთა კავშირის დაცემის შემდეგ არ მომხდარა.

იეჰოვას მოწმეთა ადმინისტრაციული ცენტრის დახურვის მცდელობა იმის მომასწავებელია, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო გამწვავდება რუსეთში

ადმინისტრაციული ცენტრი

თუ უფლებამოსილი პირები იეჰოვას მოწმეთა ადმინისტრაციული ცენტრის ლიკვიდაციას მოახდენენ, ეს იმას ნიშნავს, რომ იეჰოვას მოწმეთა ფილიალი შეწყვეტს ფუნქციონირებას და მათი რელიგიური საქმიანობა მთელი რუსეთის მასშტაბით აიკრძალება. ტაგანროგელი მოწმეების მსგავსად, რუსეთში მცხოვრები ყველა იეჰოვას მოწმე გახდება სისხლის სამართლის დევნის მსხვერპლი ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრებისა და სხვებთან საკუთარ მრწამსზე საუბრის გამო. როგორც ვხედავთ, იეჰოვას მოწმეებს რუსეთში უფლება აქვთ, გააჩნდეთ საკუთარი მრწამსი, მაგრამ უფლება არა აქვთ, სხვებთან ერთად შეასრულონ თავიანთი რელიგიური მსახურება. *

ფილიპ ბრამლი, იეჰოვას მოწმეების მრჩეველი იურიდიულ საკითხებთან დაკავშირებით, აღნიშნავს: „იეჰოვას მოწმეების ექსტრემისტულ საქმიანობაში დადანაშაულება და მათი ლიტერატურის ექსტრემისტული მასალების ფედერალურ სიაში შეტანა ყოველგვარი სამართლიანობისა და წესიერების ფარგლებს სცდება. იმით, რომ რუსეთის ხელისუფლება არასწორად იყენებს ანტიექსტრემისტულ კანონს, ეწინააღმდეგება საერთაშორისო ნორმებს, ევროსაბჭოს სტანდარტებს, გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეკლარაციასა და რუსეთის კონსტიტუციას. იეჰოვას მოწმეები თავიანთ რელიგიურ მსახურებას ისე ასრულებენ, რომ საფრთხეს არავის უქმნიან. მიუხედავად ამისა, რუსეთი ანტიექსტრემისტულ კანონს იმ მიზნით იყენებს, რომ შეზღუდოს მათი საქმიანობა“.

ვასილი კალინი, იეჰოვას მოწმეების ადმინისტრაციული ცენტრის წარმომადგენელი რუსეთში, აღნიშნავს: „იეჰოვას მოწმეები რუსეთში მე-19 საუკუნიდან ეწევიან თავიანთ რელიგიურ საქმიანობას. საბჭოთა კავშირის დროს მათ სასტიკი დევნების ატანა მოუწიათ. მოგვიანებით კი სახელმწიფომ აღიარა, რომ იეჰოვას მოწმეები რეპრესიის მსხვერპლნი იყვნენ. გვსურს, რომ მშვიდობიან პირობებში ვასრულებდეთ ჩვენს რელიგიურ მსახურებას რუსეთში. ისინი, ვინც ცრუ ბრალდებებს გვიყენებენ, რომ ექსტრემისტულ საქმიანობას ვეწევით, რელიგიურ შეუწყნარებლობას ავლენენ. ჩვენ არ ვართ ექსტრემისტები“.

იეჰოვას მოწმეები იმედოვნებენ, რომ სხვა ქვეყნების მსგავსად რუსეთიც დაიცავს მათ რელიგიის თავისუფლების უფლებას. ისინი თხოვნით მიმართავენ გენერალურ პროკურატურას, შეწყვიტოს მუქარა ადმინისტრაციული ცენტრის დახურვის თაობაზე. მოწმეები აგრეთვე თხოვნით მიმართავენ რუსეთის მთავრობას, მხარი დაუჭიროს ადამიანის უფლებებს, რომლებიც რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლებს გააჩნიათ. შეასრულებს რუსეთი ამ თხოვნებს, თუ კიდევ უფრო შეზღუდავს იეჰოვას მოწმეების საქმიანობას, როგორც ეს საბჭოთა კავშირის დროს ხდებოდა?

^ აბზ. 4 „რუსეთის ფედერაციის მე-7 პერიოდული ანგარიში“, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი. აბზაცი 20, 2015 წლის 28 აპრილი.

^ აბზ. 7 „ანგარიშების მიმოხილვა, საერთაშორისო პაქტის მე-40 მუხლი, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი, რუსეთის ფედერაცია“. აბზაცი 20, 2003 წლის 1 დეკემბერი.

^ აბზ. 10 „რუსეთის ფედერაციის მიერ ვალდებულებების შესრულება“, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა. დოკუმენტი 13018, აბზაცი 497, 2012 წლის 14 სექტემბერი.

^ აბზ. 30 რუსეთში რელიგიურ ჯგუფს, რომელიც აკმაყოფილებს გარკვეულ იურიდიულ მოთხოვნებს, შეუძლია მიიღოს „ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაციის“ სახელით ცნობილი იურიდიული პირის სტატუსი. იურიდიული პირი წარმოადგენს ადგილობრივ კრებას, რომელიც მხოლოდ თავის ტერიტორიაზე კურირებს რელიგიურ მსახურებას და არა ქვეყნის მასშტაბით. იურიდიული პირის სტატუსი ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენლებს უფლებამოსილებას ანიჭებს, იყიდონ ან იჯარით აიღონ უძრავ-მოძრავი ქონება.

^ აბზ. 33 ეს არის რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 28-ე მუხლის დარღვევა. ამ მუხლის თანახმად „ყველას აქვს სინდისისა და რელიგიის თავისუფლების უფლება. აგრეთვე იმის უფლება, რომ მარტომ თუ სხვებთან ერთად შეასრულოს რელიგიური მსახურება ან საერთოდ არ მიეკუთვნებოდეს რომელიმე რელიგიურ ჯგუფს. გარდა ამისა, ყველას აქვს უფლება თავად გაიზიაროს ან სხვებსაც გაუზიაროს რელიგიური თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებული შეხედულებები“.

^ აბზ. 40 პენსილვანიის საგუშაგო კოშკის, ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება არაკომერციული კორპორაციაა, რომელიც მხარს უჭერს იეჰოვას მოწმეთა საქმიანობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ის არის იეჰოვას მოწმეთა პუბლიკაციების საავტორო უფლებების მფლობელი.