წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2014 წლის 1 ივლისი
რუსეთი

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მხარს უჭერს რუსეთში მცხოვრები იეჰოვას მოწმეების უფლებას, თაყვანისცემის მიზნით ერთად შეიკრიბონ

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მხარს უჭერს რუსეთში მცხოვრები იეჰოვას მოწმეების უფლებას, თაყვანისცემის მიზნით ერთად შეიკრიბონ

2014 წლის 26 ივნისს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაიცვა იეჰოვას მოწმეების თაყვანისცემის უფლება და გადაწყვეტილება მათ სასარგებლოდ მიიღო, რომლის თანახმადაც რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებს არა აქვთ უფლება, უკანონოდ ჩაშალონ მოწმეების შეხვედრები. სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ რუსეთის მთავრობამ დაარღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 (თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება) და მე-9 (აზრის, სინდისისა და რელიგიის თავისუფლება) მუხლები მაშინ, როცა 2006 წლის 12 აპრილს, საღამოს მილიციამ უკანონოდ ჩაშალა მოწმეების რელიგიური შეხვედრა.

ამ საღამოს იეჰოვას მოწმეები მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნავდნენ ყოველწლიურ რელიგიურ დღესასწაულს, იესო ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს. ამ სპეციალური შეხვედრის ჩასატარებლად ორმა კრებამ მოსკოვში დაიქირავა სკოლის სააქტო დარბაზი; ამ შეხვედრაზე 400-ზე მეტ დამსწრეს ელოდნენ. ღონისძიება უკვე დაწყებული იყო, როდესაც კარს მილიციელები და შეიარაღებული სპეცრაზმელები, ომონელები, მოადგნენ, რომლებიც მილიციის 10 მანქანითა და ორი მიკროავტობუსით იყვნენ მოსული. მათ დაუყოვნებლივ მოაქციეს შენობა ალყაში და უკანონოდ, ორდერის გარეშე, ჩაშალეს რელიგიური შეხვედრა. მათ ყველა დამსწრეს უბრძანეს, დაეტოვებინათ შენობა, რის შემდეგაც გაჩხრიკეს დარბაზი, რელიგიური ლიტერატურის კონფისკაცია მოახდინეს და 14 მამაკაცი, რომლებიც დამსწრეთა შორის იყვნენ, ძალის გამოყენებით მილიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც დააკავეს. როდესაც განყოფილებაში მოწმეების ადვოკატი მივიდა, მილიციელებმა ის გაჩხრიკეს, მიწაზე დააგდეს და ყველზე დანა მიაბჯინეს, რის შემდეგაც დაემუქრნენ, რომ თუ საჩივარს შეიტანდა, მის ოჯახს კარგად არ წაუვიდოდა საქმე. ოთხი საათიც არ იყო გასული, რომ ყველა დაკავებული გაათავისუფლეს და სახლებში გაუშვეს.

ნიკოლაი კრუპკო, მთავარი მომჩივანი

ნიკოლაი კრუპკომ სამ სხვა მოწმესთან ერთად, რომლებიც დაკავებულებს შორის იყვნენ, საჩივარი შეიტანეს სასამართლოში იმის თაობაზე, რომ უკანონოდ ჩაშალეს მათი რელიგიური შეხვედრა და დააკავეს. 2007 წლის ივნისში, მას შემდეგ, რაც ლიუბლინოს რაიონულმა სასამართლომ და შემდგომ მოსკოვის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოწმეების მოთხოვნა, მათ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართეს.

2014 წლის 26 ივნისს მიღებულ გადაწყვეტილებაში საქმეზე „კრუპკო და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ აღნიშნული იყო: «სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იმ შემთხვევებშიც კი, როცა მთავრობა არ იყო კარგად ინფორმირებული კონკრეტული საჯარო ღონისძიებების შესახებ, მაგრამ ამ ღონისძიებებზე დამსწრეები არანაირ საშიშროებას არ უქმნიდნენ საზოგადოებას, მილიციის ძალისმიერი ქმედება, რომ ჩაეშალა მშვიდობიანი შეხვედრები, შეუძლებელია შეფასდეს, როგორც „აუცილებელი დამსჯელობითი ზომა დემოკრატიულ საზოგადოებაში“ ... მსგავსი მიდგომა, ეჭვგარეშეა, შეგვიძლია გამოვიყენოთ მოცემულ შემთხვევასთან მიმართებითაც, თუ გავითვალისწინებთ იმას, რა გარემოში ტარდებოდა ეს შეხვედრა — ეს არ იყო ღია ცის ქვეშ გამართული უწესრიგო და ქაოსური შეხვედრა, არამედ საზეიმო რელიგიური ცერემონია, რომელიც სააქტო დარბაზში ტარდებოდა და რომელიც, როგორც ფაქტები მოწმობს, არანაირ საფრთხეს არ უქმნიდა საზოგადოებას. მრავალი შეიარაღებული მილიციელის მიერ ამ ღონისძიების ჩაშლას და ზოგი მოწმის სამი საათით დაკავებას მაშინაც კი, თუ მთავრობა ღრმად იყო დარწმუნებული, რომ მსგავსი სახის ღონისძიების ნებართვის გარეშე ჩატარება არაკანონიერი იყო, ნამდვილად ვერ ვუწოდებთ საზოგადოების უსაფრთხოების დაცვისთვის აუცილებელ დამსჯელობით ზომას».

ეს იეჰოვას მოწმეთა უფლებების შელახვის გამო რუსეთის წინააღმდეგ მიღებული მეოთხე გადაწყვეტილებაა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2007 წელს საქმეზე „კუზნეცოვი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ დაადგინა, რომ რუსეთმა დაარღვია ევროპული კონვენცია, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკანონოდ ჩაშალეს სმენადაქვეითებული მოწმეების შეხვედრა ჩელიაბინსკში. 2010 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ქალაქ მოსკოვში მცხოვრები იეჰოვას მოწმეები რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება მოწმეების სასარგებლოდ მიიღო, რადგან მოსკოვის პროკურატურამ უკანონოდ მოახდინა მოსკოვში იეჰოვას მოწმეების იურიდიული პირის ლიკვიდაცია და მათი საქმიანობა აკრძალა. როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განიხილა საქმე „ავილკინა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“, დაადგინა, რომ რუსეთმა ხელყო თავისი მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, რადგან ქალაქ სანკტ-პეტერბურგის პროკურატურამ პაციენტების დაუკითხავად გამოითხოვა მათი ავადმყოფობის ისტორია, რაც კონფიდენციალური ინფორმაციაა (2013 წელი).

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ როცა რუსეთის მთავრობის წარმომადგენლები ცდილობენ, შეზღუდონ იეჰოვას მოწმეების თაყვანისმცემლობის თავისუფლება რუსეთში, არღვევენ ადამიანის იმ უფლებებს, რომელიც გარანტირებულია როგორც რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციით, ისე ევროპული კონვენციით.