არჩეულ მასალაზე გადასვლა

დამატებით მენიუზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის 6 მაისი
რუანდა

რუანდაში უზენაესი სასამართლო იეჰოვას მოწმეების სასარგებლოდ იღებს გადაწყვეტილებას

რუანდაში უზენაესი სასამართლო იეჰოვას მოწმეების სასარგებლოდ იღებს გადაწყვეტილებას

რუანდაში იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ არაერთი სასამართლო პროცესი გაიმართა. საბოლოოდ, სახალხო დამცველისა და მიუკერძოებელი მოსამართლეების წყალობით, მოწმეებმა იურიდიული გამარჯვება მოიპოვეს. თავდაპირველად უზენაესმა სასამართლომ მოწმეების წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება და მათ კომპენსაციის გადახდა დააკისრა იმ შენობის მფლობელებისთვის, რომელიც ქალაქ კიგალის უფლებამოსილმა პირებმა დაანგრიეს. თუმცა სახალხო დამცველმა მიღებული გადაწყვეტილება უსამართლოდ მიიჩნია და უზენაეს სასამართლოს მოუწოდა, გადაეხედა გამოტანილი განაჩენისთვის.

მთავრობა ზრუნავს ქალაქის იერსახეზე

2006 წელს ქალაქ კიგალის უფლებამოსილმა პირებმა ბრძანება გასცეს ცენტრალური ქუჩებიდან ჯიხურების აღების თაობაზე. ამავე ბრძანების თანახმად, თითოეულ მოქალაქეს უნდა ეზრუნა თავისი საცხოვრებლის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებასა და გამწვანებაზე.

გარდა ამისა, უნდა მომხდარიყო უკანონოდ აშენებული შენობების დემონტაჟი. ამ მიზეზით ქალაქის ცენტრალურ ადგილზე უნებართვოდ აშენებული რამდენიმე შენობა დემონტაჟს დაექვემდებარა. მათგან ერთ-ერთი ეკუთვნოდა მოქალაქე ნგაიაბატარანიას. აღნიშნული შენობა ისეთი მეთოდებითა და სამშენებლო მასალებით იყო აგებული, რომლებიც არ აკმაყოფილებდა სამშენებლო ნორმებს. იმის გამო, რომ მთავრობის მიერ მიცემულ 21-დღიან ვადაში მოქალაქეებმა არ მოახდინეს უნებართვოდ აგებული შენობების დემონტაჟი, გასაბოს ოლქის მერმა გამოსცა წერილობითი ბრძანება მათი დანგრევის შესახებ და მოახდინა ამ შენობების დემონტაჟი. გასაბოს რაიონში (კიგალი, რემერა) იმ შენობების მახლობლად, რომლებიც მთავრობამ დაანგრია, იეჰოვას მოწმეების ფილიალი მდებარეობს. შენობების დემონტაჟის შემდეგ მოწმეებმა გაალამაზეს თავიანთი ფილიალის მიმდებარე ტერიტორია — დააგეს ტროტუარი და იზრუნეს გამწვანებაზე.

სასამართლო იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ იღებს გადაწყვეტილებას

მას შემდეგ, რაც ქალაქის უფლებამოსილმა პირებმა დაანგრიეს ნგაიაბატარანიას შენობა, ნგაიაბატარანიამ და შენობის სხვა მეპატრონეებმა საჩივარი შეიტანეს გასაბოს სასამართლოში. მიუხედავად იმისა, რომ არანაირი მტკიცებულება არ გააჩნდათ, ისინი შენობის დანგრევაში იეჰოვას მოწმეებს ადანაშაულებდნენ და ზარალის ასანაზღაურებლად კომპენსაციას მოითხოვდნენ. მოწმეებმა სასამრთლოს ოფიციალური დოკუმენტი წარუდგინეს, რაც ადასტურებდა, რომ შენობის დემონტაჟი ქალაქის უფლებამოსილი პირების მიერ განხორციელდა. მიუხედავად ამ მტკიცებულებისა, სასამართლომ მოწმეების წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება.

მაღალი ინსტანციის სასამართლო აუქმებს ქვემდგომი სასამრთლოს გადაწყვეტილებას

იეჰოვას მოწმეებმა საჩივრით მიმართეს მაღალი ინსტანციის სასამართლოს უსამართლოდ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე. ფაქტების განხილვის შემდეგ ზემოაღნიშნულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ქვემდგომი სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლო იყო. 2010 წლის 5 ნოემბერს ამავე სასამართლომ განაცხადა, რომ ნგაიაბატარანიამ და დანგრეული შენობის სხვა მეპატრონეებმა სასამართლოში დაუსაბუთებელი საჩივარი შეიტანეს. სასამართლომ მათ 800 000 რუანდული ფრანკის (1 360 აშშ დოლარი) ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

უზენაესი სასამართლო უგულებელყოფს მნიშვნელოვან მტკიცებულებას

ნგაიაბატარანიამ საჩივრით მიმართა რუანდის უზენაეს სასამართლოს. სასამართლო პროცესებზე რემერას ოლქის აღმასრულებელმა მდივანმა დაადასტურა, რომ შენობა, რომელიც ნგაიაბატარანიას ეკუთვნოდა, უკანონოდ იყო აშენებული და, რომ მისი დემონტაჟი ქალაქის უფლებამოსილი პირების მიერ განხორციელდა. უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა იმ მოსაზრებას, რომ შენობა იეჰოვას მოწმეებს არ დაუნგრევიათ. თუმცა თავის დასკვნაში აღნიშნა, რომ შენობის დემონტაჟი მოწმეების მიერ იყო პროვოცირებული. უზენაესმა სასამართლომ უგულებელყო იეჰოვას მოწმეთა უდანაშაულობის დამადასტურებელი მნიშვნელოვანი მტკიცებულება და დაასკვნა, რომ მოწმეების პირად ინტერესებში შედიოდა ამ შენობის დემონტაჟი. სასამართლომ ეს დასკვნა იმის საფუძველზე გააკეთა, რომ მოწმეებმა გაასუფთავეს და გაალამაზეს ის ტერიტორია, სადაც შენობები იქნა დანგრეული. სასამართლომ იეჰოვას მოწმეებს მომჩივანი მხარისთვის ზარალის ასანაზღაურებლად ფულადი ჯარიმა, 22 055 242 რუანდული ფრანკი (33 000-ზე მეტი აშშ დოლარი), დააკისრა. იეჰოვას მოწმეები დაემორჩილნენ სასამართლო გადაწყვეტილებას და 2013 წლის 4 აპრილს დაკისრებული ჯარიმა გადაიხადეს.

სახალხო დამცველი უზენაეს სასამართლოს მოუწოდებს, სამართლიანობა აღადგინოს

იეჰოვას მოწმეებმა საჩივრით მიმართეს სახალხო დამცველს იმის გამო, რომ მათ ნგაიაბატარანიას კუთვნილი შენობის დანგრევაში უსამართლოდ დასდეს ბრალი, დამნაშავეებად ცნეს და ჯარიმა გადაახდევინეს. რუანდის სახალხო დამცველი ქალბატონი ალოიზი ქიანზაირე გაეცნო საჩივარს და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას.

აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებული დეტალების შესწავლის შემდეგ ქალბატონმა ქიანზაირემ განაცხადა, რომ ნგაიაბატარანიამ არ დაიცვა რუანდის კანონი უნებართვოდ აშენებული შენობების დანგრევის თაობაზე, რის გამოც მისი კუთვნილი შენობა ქალაქის უფლებამოსილმა პირებმა დაანგრიეს. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ მოწმეების დასჯის არანაირი საფუძველი არ არსებობდა, რადგან ისინი დაემორჩილნენ ბრძანებას, რომლის თანახმადაც უნდა გალამაზებულიყო ქალაქის ცენტრალური ქუჩები. ქალბატონმა ქიანზაირემ დასძინა: „მოწმეებმა მხარი დაუჭირეს ქვეყანაში გატარებულ ღონისძიებას, რაც ქალაქის გალამაზებასა და დასუფთავებას ითვალისწინებდა“.

უკანონოდ აშენებული შენობები და მათი დანგრევის შემდეგ გალამაზებული ტერიტორია (კიგალი)

2013 წლის 4 დეკემბერს ქალბატონმა ქიანზაირემ უზენაეს სასამართლოს მოუწოდა, გადაეხედა იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენისთვის. აღნიშნული საქმე სხვა მოსამართლეებმა მოისმინეს. 2014 წლის 17 ოქტომბერს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა მოწმეების წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება და განაცხადა, რომ ნგაიაბატარანიას საჩივარი ყოველგვარ აზრს იყო მოკლებული. სასამართლომ ნგაიაბატარანიას მოსთხოვა სასამართლო ხარჯების დაფარვა და იმ თანხის დაბრუნება, რომლის გადახდაც უკანონოდ დაეკისრათ მოწმეებს. სასამართლო გადაწყვეტილების აღმასრულებელი და იეჰოვას მოწმეების ადვოკატები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ თანხის დაბრუნება მოხდეს.

კანონი მოქალაქეთა უფლებებს იცავს

იეჰოვას მოწმეები ძალიან აფასებენ სახალხო დამცველის მხარდაჭერას და იმას, რომ უზენაესმა სასამართლომ საბოლოოდ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. კანონმორჩილ მოქალაქეებს დიდად ახარებთ ის ფაქტი, რომ ქვეყანაში არსებობს ლეგიტიმური ორგანო, რომელიც იცავს კანონით გათვალისწინებულ ადამიანის უფლებებს და ებრძვის უსამართლობას.