წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2015 წლის 2 ივლისი
რუანდა

რუანდის სასამართლომ რელიგიური დისკრიმინაციის წინააღმდეგ გაილაშქრა

რუანდის სასამართლომ რელიგიური დისკრიმინაციის წინააღმდეგ გაილაშქრა

რუანდაში კარონგის რაიონის სასამართლომ მხარი დაუჭირა რვა მოსწავლის უფლებას, რომლებიც იეჰოვას მოწმეები არიან, თავისუფლად შეასრულონ თავიანთი რელიგიური მსახურება. ეს სასამართლო საქმე იმის გამო შედგა, რომ მოწმეებს სინდისი ნებას არ რთავდა, სკოლაში რელიგიის გაკვეთილზე მონაწილეობა მიეღოთ სხვადასხვა რიტუალში.

რუანდაში სკოლების მოსწავლეთა უმრავლესობა მონაწილეობს ასეთ რელიგიურ რიტუალებში. ზოგ სკოლაში მოსწავლეებისგან იმასაც კი მოითხოვენ, რომ დაესწრონ რელიგიურ მსახურებას და ეკლესიისთვის გადასახადები გადაიხადონ. ვინაიდან იეჰოვას მოწმეებმა ამაზე უარი განაცხადეს, სკოლების დირექციამ 2008—2014 წლებში 160 ბავშვი გარიცხა სხვადასხვა სკოლიდან. რამდენადაც მსგავსი ფაქტები არა მხოლოდ კარონგიში, რუანდის დასავლეთ პროვინციაში, არამედ მთელ ამ ქვეყანაში ხდება, ეს იმის მაჩვენებელია, რომ რუანდის მთავრობა თვალს ხუჭავს რელიგიურ დისკრიმინაციაზე.

რელიგიური დისკრიმინაციის შედეგად მოსწავლეებს სკოლიდან რიცხავენ

2014 წლის 12 მაისს კარონგის ერთ-ერთი სკოლიდან (Groupe Scolaire Musango School) 13-დან 20 წლამდე ასაკის * რვა იეჰოვას მოწმე სკოლიდან იმის გამო გარიცხეს, რომ უარი თქვეს რელიგიური მსახურების შესრულებაზე. გარიცხული მოსწავლეების მშობლებმა ამ საკითხის თაობაზე რუანკუბას სექტორში აღმასრულებელ მდივანს მიმართეს, რომელმაც ბრძანება გასცა, რომ ამ მოწმეებისთვის სკოლაში დაბრუნების ნება დაერთოთ. ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო სკოლის დირექციამ სხვა ტაქტიკას მიმართა და ეს მოსწავლეები იმაში დაადანაშაულა, რომ სახელმწიფო ჰიმნის შესრულებაზე უარი თქვეს, რითაც უპატივცემულობა გამოავლინეს. 2014 წლის 4 ივნისს, სულ რაღაც, ორ დღეში მას შემდეგ, რაც მოსწავლეები სკოლაში დააბრუნეს, იქ პოლიცია მივიდა და დააკავა ისინი.

სამართალდამცავებს ეს მოსწავლეები ციხეში ექვსი დღე ჰყავდათ პატიმრობაში. იქ თითოეულ მათგანს ემუქრებოდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ორ მათგანს, რომლებიც მოწაფეებს შორის ყველაზე უფროსები იყვნენ, ფიზიკურადაც გაუსწორდნენ იმის გამო, რომ ვითომდა აიძულებდნენ მათზე უმცროსებს იმის კეთებას, რასაც თავად აკეთებდნენ. ასეთი სასტიკი მოპყრობის მიუხედავად, რვავე მოსწავლემ მტკიცე პოზიცია დაიკავა და კომპრომისზე არ წასულა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით დროებით ათავისუფლებენ მოსწავლეებს

პოლიციამ 2014 წლის 9 ივნისს შვიდი მოსწავლე გაათავისუფლა; ერთ-ერთ ბრალდებულს, რომელიც ამ მოსწავლეებს შორის ყველაზე უმცროსი იყო, პროკურორმა ბრალდება მოუხსნა. მაგრამ მოგვიანებით პოლიციამ ამ მოსწავლეთაგან ყველაზე უფროსი კიდევ ცხრა დღით დააპატიმრა. შემდეგ სასამართლომ ეს მოსწავლე დროებით გაათავისუფლა და აღკვეთის ღონისძიების სახით მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა შეუფარდა 2014 წლის 14 ოქტომბრამდე მანამ, სანამ ამ საქმის ხელახალი მოსმენა შედგებოდა.

სასამართლო მსვლელობის დროს მოსამართლემ თითოეული მოსწავლე დაკითხა. ყველას სახელით ერთმა მოსწავლემ ილაპარაკა და მოსამართლეს აუხსნა, რომ სკოლიდან გარიცხვის ნამდვილი მიზეზი სახელმწიფო ჰიმნის შესრულებაზე უარის თქმა კი არ ყოფილა, არამედ ის, რომ უარი განაცხადეს, ეკლესიისთვის გადასახადები გადაეხადათ და სკოლაში რელიგიურ მსახურებას დასწრებოდნენ.

მოსამართლემ შემდეგ პროკურორს მიმართა და სთხოვა, მოეყვანა დამატებითი საფუძვლიანი მტკიცებულებები იმის საჩვენებლად, რომ მოსწავლეებმა მართლაც „შეურაცხყვეს სახელმწიფო ჰიმნი“. როდესაც პროკურორმა უფრო დეტალური განმარტება მოსთხოვა მოსწავლეებს, მათ კიდევ ერთხელ ახსნეს, რომ არანაირი უპატივცემულობა არ გამოუვლენიათ, როცა სხვები სახელმწიფო ჰიმნს მღეროდნენ.

თავის წერილობით გადაწყვეტილებაში 2014 წლის 28 ნოემბერს კარონგის სასამართლომ დაადგინა, რომ სახელმწიფო ჰიმნის შესრულებაზე უარის თქმა „არ უნდა ჩაითვალოს ჰიმნის შეურაცხყოფად“. სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით მხარი დაუჭირა კანონს და ბრალი მოუხსნა მოსწავლეებს; ეს გადაწყვეტილება საბოლოოდ შეიძლება იმასაც მოემსახუროს, რომ რუანდის სკოლებში წერტილი დაესვას რელიგიურ დისკრიმინაციას.

მოწმეები იმედოვნებენ, რომ მთელ რუანდაში პატივისცემით მოეკიდებიან ადამიანის ძირითად უფლებებს

რუანდაში იეჰოვას მოწმეები ძალიან მადლიერნი არიან, რომ ზემოხსენებული სკოლის მოსწავლეების წინააღმდეგ აღძრული საქმე ასეთი სასიხარულო შედეგით დასრულდა. მაგრამ სხვა სკოლებში არის შემთხვევები, როცა მოწმეებს თავიანთი რელიგიური შეხედულებების გამო სკოლიდან რიცხავენ; ისინი იძულებული არიან, სკოლა შეიცვალონ, რადგან მათთვის სხვა გამოსავალი არ არსებობს. ზოგი ბავშვი ვერ აგრძელებს სწავლას, რადგან ერთადერთი ალტერნატივა კერძო სკოლაში გადასვლაა, მათ ოჯახებს კი ხარჯების დაფარვის შესაძლებლობა არა აქვთ.

იეჰოვას მოწმე მშობლებსაც იგივე სურთ თავიანთი ბავშვებისთვის, რაც სხვა მშობლებს. მათ უნდათ, რომ მათმა შვილებმა შეიძინონ საჭირო უნარ-ჩვევები და გახდნენ საზოგადოების სრულფასოვანი წევრები. იეჰოვას მოწმეები იმედოვნებენ, რომ კარონგის სასამართლოს მიერ მიღებული ასეთი პოზიტიური გადაწყვეტილება ხელს შეუწყობს იმას, რომ რუანდის სკოლებში პატივი სცენ მოსწავლეთა უფლებას, თავისუფლად შეასრულონ თავიანთი რელიგიური მსახურება და საკუთარი სინდისის თანახმად მოიქცნენ.

^ აბზ. 5 რუანდაში სრულწლოვანთა ასაკი 21 წელია (სამოქალაქო კოდექსის 360-ე მუხლი)