წვდომის პარამეტრები

Search

აირჩიეთ ენა

დამატებით მენიუზე გადასვლა

არჩეულ მასალაზე გადასვლა

იეჰოვას მოწმეები

ქართული

2016 წლის 5 იანვარი
ნამიბია

ნამიბიის უზენაესი სასამართლო მხარს უჭერს პაციენტის უფლებებს და რელიგიის თავისუფლების უფლებას

ნამიბიის უზენაესი სასამართლო მხარს უჭერს პაციენტის უფლებებს და რელიგიის თავისუფლების უფლებას

ნამიბიის უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა პაციენტის უფლებას, თავად მიიღოს გადაწყვეტილება მკურნალობასთან დაკავშირებით. სასამართლომ კანონიერად ცნო პაციენტის უფლება, ისარგებლოს წინასწარ შევსებული სამედიცინო მინდობილობით, რომლის მეშვეობითაც ექიმებს საშუალება ეძლევათ, გაეცნონ პაციენტის სურვილს მკურნალობის მეთოდებთან დაკავშირებით.

მშობიარობა და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება

სასამართლომ განიხილა საქმე ერთ-ერთი იეჰოვას მოწმის, ეფიგენია სემენტეს ჯანმრთელობის თაობაზე. ქალბატონმა სემენტემ, რომელიც მესამე შვილზე იყო ფეხმძიმედ, მშობიარობამდე შეატყობინა პირად ექიმს, რომ თავისი რელიგიური შეხედულებებიდან გამომდინარე უარს იტყოდა სისხლის გადასხმაზე. მან აგრეთვე ექიმს სამედიცინო მინდობილობა გადასცა, რომელშიც დაფიქსირებული იყო მისი პოზიცია, რომ ნებისმიერ შემთხვევაში უარს ამბობდა სისხლის გადასხმაზე. ამ დოკუმენტში აგრეთვე მითითებული იყო, რომ სამედიცინო მომსახურების აღმოჩენის საკითხებში მისი წარმომადგენელი იქნებოდა მეუღლე, რაც იმას ნიშნავს, რომ მას შეეძლო გადაწყვეტილების მიღება, თუ პაციენტი უგონო მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა.

2012 წლის 8 სექტემბერს ქალბატონმა სემენტემ იმშობიარა და გოგო შეეძინა. მშობიარობის შემდეგ მას ოპერაცია დასჭირდა, რაზეც მეუღლემ თანხმობა განაცხადა, თუმცა ოპერაციას მოჰყვა გართულებები, რის გამოც ექიმმა გადაწყვიტა, რომ მისთვის სისხლი გადაესხა. ბატონმა სემენტემ უარი განუცხადა ექიმს სისხლის გადასხმაზე, როგორც ეს მის მეუღლეს ჰქონდა მითითებული სამედიცინო მინდობილობაში. ექიმმა სისხლის გადასხმის გარეშე წარმატებით გაართვა თავი ოპერაციას, მაგრამ პრობლემა ის იყო, რომ ოპერაციის შემდეგ ეფიგენია სემენტეს ჰემოგლობინის დონე საგრძნობლად დაეცა.

საქმე სასამართლომდე მიდის

2012 წლის 13 სექტემბერს, როდესაც ქალბატონი სემენტე ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფებოდა, მისმა უფროსმა ძმამ ნამიბიის სასამართლოს მიმართა თხოვნით. მას სურდა, იურიდიული უფლება მოეპოვებინა და მისი დის მეუღლის ნაცვლად თავად ყოფილიყო წარმომადგენელი სამედიცინო მომსახურების აღმოჩენის საკითხებში. მიუხედავად იმისა, რომ ეფიგენია სემენტესა და მის მეუღლეს არ მიუღიათ შეტყობინება ძმის განაცხადის შესახებ, სასამართლო მოსმენა მათ დაუსწრებლად მაინც ჩატარდა. სასამართლომ ქალბატონი სემენტეს ძმა სამედიცინო მომსახურების აღმოჩენის საკითხებში დის წარმომადგენლად დანიშნა. ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ეფიგენია სემენტეს ძმამ მედპერსონალს უფლება მისცა, მისი დისთვის სისხლი გადაესხათ. თუმცა ქალბატონი სემენტე კვლავ მტკიცე უარზე იდგა და საშუალება არ მისცა ექიმებს, მისთვის სისხლი გადაესხათ.

მას შემდეგ, რაც ქალბატონმა სემენტემ შეიტყო, რომ მისი ძმა დაინიშნა წარმომადგენლად, დაუყოვნებლივ მიმართა სასამართლოს მიღებული გადაწყვეტილების გასაუქმებლად. ეფიგენია სემენტემ განაცხადა, რომ არაფერი იცოდა ძმის ჩანაფიქრის შესახებ. მან ისიც აღნიშნა, რომ ძმის მცდელობა, მისთვის სისხლი გადაესხათ, უგულებელყოფდა მის რელიგიურ შეხედულებებს და არღვევდა მის უფლებას, პირადად მიეღო გადაწყვეტილება, მკურნალობის რა მეთოდს აირჩევდა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი და ქალბატონი სემენტეს ძმას მისცა უფლება, კვლავ მისი წარმომადგენელი ყოფილიყო.

ეფიგენია სემენტეს ექიმმა განაცხადა, რომ სისხლის გადასხმის გარეშე მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა. მიუხედავად ამისა, უსისხლო მკურნალობის შედეგად ეფიგენიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა და 2012 წლის 26 სექტემბერს იგი საავადმყოფოდან გამოწერეს. მართალია, სასამართლომ ქალბატონი სემენტეს ძმა უვადოდ დანიშნა დის წარმომადგენლად, მაგრამ ქალბატონმა ეფიგენიამ სასამართლოს გადაწყვეტილება ნამიბიის უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა; იგი თვლიდა, რომ უხეშად დაირღვა მისი უფლებები.

„აღნიშნული საქმე ეხება ადამიანის ძირითადი უფლებების დაცვის ისეთ საკითხებს, რომელიც შესაძლოა კვლავ გახდეს სასამართლო დავის საგანი. ეს საკითხები ეხება ადამიანის უფლებას, პირადად აირჩიოს მკურნალობის მეთოდი, თავისუფლად შეასრულოს რელიგიური მსახურება და არ გახდეს დისკრიმინაციის მსხვერპლი“ (ნამიბიის უზენაესი სასამართლო).

უზენაესი სასამართლო იღებს გადაწყვეტილებას

2015 წლის 24 ივნისს ნამიბიის უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა ქალბატონი სემენტეს უფლებებს და მის ძმას შეუწყვიტა უფლება, ყოფილიყო დის წარმომადგენელი. უზენაესმა სასამართლომ ყოვლად დაუშვებლად მიიჩნია ის ფაქტი, რომ ეფიგენიამ და მისმა მეუღლემ არაფერი იცოდნენ ძმის ქმედების შესახებ და რომ სასამართლომ მოპასუხის მხარის დაუსწრებლად მიიღო გადაწყვეტილება ძმის წარმომადგენლად დანიშვნის თაობაზე.

ნამიბიის უზენაესმა სასამართლომ განაცხადა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია იცავს პაციენტის უფლებას, პირადად მიიღოს გადაწყვეტილება, მკურნალობის რა მეთოდს აირჩევს. სასამართლომ აგრეთვე აღნიშნა: „პაციენტის უფლება, პირადად მიიღოს გადაწყვეტილება მკურნალობასთან დაკავშირებით ამტკიცებს, რომ ყველა ადამიანს აქვს საშუალება, თავად განსაზღვროს, როგორ მოეპყრობა საკუთარ სხეულს ... მედპერსონალი ვალდებულია, გააცნოს პაციენტს, რა რისკ-ფაქტორებთანაა დაკავშირებული მკურნალობის ესა თუ ის მეთოდი და რა დადებითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს მას. თუმცა პირადად პაციენტზეა დამოკიდებული, მკურნალობის რა მეთოდს აირჩევს“.

„ადამიანს უფლება აქვს, თავად განსაზღვროს, როგორ მოეპყრობა საკუთარ სხეულს“ (ნამიბიის უზენაესი სასამართლო).

უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ არაფრად ჩააგდო სამედიცინო მინდობილობა, სადაც ქალბატონ სემენტეს დაფიქსირებული ჰქონდა საკუთარი აზრი სისხლის გადასხმის თაობაზე. სასამართლომ აგრეთვე დასძინა, რომ „სამედიცინო მინდობილობა, რომელშიც პაციენტი ყოველგვარი ზეწოლის გარეშე აფიქსირებს საკუთარ აზრს და მას საღ გონებაზე აწერს ხელს, ცხადყოფს მის დამოკიდებულებას მკურნალობის მეთოდებთან დაკავშირებით.“

უზენაესმა სასამართლომ აგრეთვე განიხილა საკითხი, ზღუდავს თუ არა ბავშვის უფლება, იზრდებოდეს მშობლების მიერ, მშობლების უფლებას, თავად მიიღონ გადაწყვეტილება, მკურნალობის რა მეთოდს აირჩევენ. საერთაშორისო კანონმდებლობის გათვალისწინებით სასამართლომ დაასკვნა, რომ „ნებისმიერ ადამიანს, იმის მიუხედავად, მშობელია თუ არა, ხელშეუხებელი უფლება აქვს, თავად გადაწყვიტოს, როგორ მოეპყრობა საკუთარ სხეულს.“

ნამიბიის უზენაესმა სასამართლომ მხარი დაუჭირა ადამიანის უფლებას, თავად მიიღოს გადაწყვეტილება, მკურნალობის რა მეთოდს აირჩევს. მან აგრეთვე კანონიერად ცნო პაციენტის უფლება, ისარგებლოს წინასწარ შევსებული სამედიცინო მინდობილობით, რითაც იგი საკუთარ სურვილს გამოხატავს მკურნალობის მეთოდებთან დაკავშირებით. პირადი ხელშეუხებლობისა და რელიგიის თავისუფლების უფლების მხარდაჭერით, უზენაესმა სასამართლომ ყველა ნამიბიელის პირადი ღირსების უფლება დაიცვა და მხარი დაუჭირა მათ უფლებას, თავად მიიღონ გადაწყვეტილება მკურნალობასთან დაკავშირებით.

 

გაიგეთ მეტი

რატომ არ ისხამენ სისხლს იეჰოვას მოწმეები?

იეჰოვას მოწმეებსა თუ სისხლის გადასხმაზე ბევრი არასწორი აზრია გავრცელებული. გაეცანით ფაქტებს ამ საკითხთან დაკავშირებით.

თანახმა ხართ სამედიცინო დახმარების მიღებაზე?

ზოგი ფიქრობს, რომ იეჰოვას მოწმეები უარს ამბობენ სამედიცინო დახმარებაზე. შეესაბამება ეს სიმართლეს?

მკურნალობა სისხლის-გადასხმის გარეშე — პაციენტის მოთხოვნილებებისა და უფლებების გათვალისწინება

რა იურიდიული და ეთიკური უპირატესობები გააჩნია პაციენტის თავისუფლებას, თავად შეარჩიოს მკურნალობის მეთოდი?